Facebook Twitter

3კ-880-02 18 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “ბ.-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს “ბ.-ის” ზუგდიდის ფილიალის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებისა და განცხადების საფუძველზე 1997წ. 2 ოქტომბერს შპს “ა.-ზე” გაიცა სესხი 7000 ლარის ოდენობით. სესხი უნდა დაფარულიყო 1998წ. 2 იანვარს. სესხის უზრუნველსაყოფად საგარანტიო წერილის საფუძველზე გარანტად დადგა კორპორაცია “ზ.-ი” _ შპს “გ.-ო”. მოსარჩელემ განმარტა, რომ შპს “ა.-მ” საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და არ დააბრუნა ძირითადი თანხა _ 6000 ლარი და მასზე დარიცხული პროცენტი – 6720 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 12720 ლარის დაკისრება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს “ბ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა: მოსარჩელის სასარგებლოდ შპს “ა.-ს” და კორპორაცია “ზ.-ი”-შპს “გ.-ს” სოლიდარულად დაეკისრათ 12720 ლარის გადახდა.

შპს “ა.-ის” წარმომადგენელმა ნ.ქ.-მ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ქ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “ბ.-ის” სასარჩელო განცხადება და მოსარჩელის სასარგებლოდ კორპორაცია “ზ.-ი” _ შპს “გ.-ს” დაეკისრა 12720 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს “ბ.-ის” ზუგდიდის ფილიალს და შპს “ა.-ს” შორის საკრედიტო ხელშეკრულების და სათანადო განცხადების საფუძველზე 1997წ. 2 ოქტომბერს შპს “ა.-ზე” სამი თვის ვადით გაიცა სესხი – 7000 ლარი. სესხის უზრუნველსაყოფად საგარანტიო წერილის საფუძველზე გარანტად ჩადგა კორპორაცია “ზ.-ი” _ შპს “გ.-ო”. შპს “ა.-მ” სამი თვის განმავლობაში სს “ბ.-ს” გადაუხადა მხოლოდ 1000 ლარი, გადასახდელი დარჩა 6000 ლარი. სარჩელის შეტანის მომენტისათვის გადასახდელ თანხას დაერიცხა პროცენტი 6720 ლარის ოდენობით და მთლიანმა დავალიანებამ შეადგინა 12720 ლარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კორპორაცია “ზ.-ი” _ შპს “გ.-მ” ნაკისრი ვალდებულების და სკ-ს 879-ე, 888-ე მუხლების შესაბამისად _ შპს “ა.-ის” კრედიტორს, სს “ბ.-ის” ზუგდიდის ფილიალს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე უნდა გადაუხადოს 12720 ლარი. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ სკ-ს 890-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად გარანტს თავის მხრივ უფლება აქვს მოითხოვოს პრინციპალისაგან, ე.ი. შპს “ა.-ისაგან”, რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ა.-ის” წარმომადგენელმა ნ. ქ.-მ. კასატორმა მიუთითა სკ-ს 174-ე მუხლზე (1964წ. რედაქცია), რომლის თანახმად პროცენტი ფულადი და სხვა ვალდებულებების მიხედვით საკრედიტო დაწესებულებების ოპერაციების, საგარეო სავაჭრო ვალდებულებებისა და კანონით მითითებული სხვა შემთხვევების გარდა დაუშვებელია. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს “ა.-მა” სესხი გაიტანა სს “ბ.-ის” ზუგდიდის ფილიალიდან მცირე ბიზნესის საწარმოებლად, ფირმა გაკოტრდა, ს.ს. “ბ.-ის” ახლადშეცვლილი ადმინისტრაციის მითითებით გადახდისუუნარო ფირმებს და მათ შორის შპს “ა.-ს” ჩამოეწერა პროცენტი და დაეკისრა 6000 ლარის გადახდა.

კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 888-ე მუხლი, ვინაიდან შპს “გ.-მ” საგარანტიო წერილით თავის თავზე აიღო მხოლოდ ძირითადი ვალის _ 6000 ლარის _ გადახდის ვალდებულება. ამდენად, კასატორის აზრით, სს “ბ.-ს” ზედმეტად დარიცხული პროცენტის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალებით გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ შპს “ა.-ის” წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სს “ბ.-ის” ზუგდიდის ფილიალსა და შპს “ა.-ს” შორის 1997წ. 2 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს “ა.-ს” 3 თვის ვადით მიეცა სესხი 7000 ლარის ოდენობით. შპს “ა.-ის” მიერ დაბრუნებულ იქნა მხოლოდ 1000 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 6000 ლარი და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დაკისრებული პროცენტი _ 6720 ლარი, სულ 12720 ლარი. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 1997წ. 2 ოქტომბერს კორპორაცია “ზ.-ი”-შპს “გ.-ს” მიერ გაცემულ იქნა საგარანტიო წერილი, როგორც ძირითად თანხაზე, ასევე, პროცენტზე. ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ გარანტია გაცემული იქნა მხოლოდ ძირითად თანხაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს.

საკასაციო პალატას მოცემულ შემთხვევაში არასწორად მიაჩნია სკ-ს 879-890-ე მუხლების გამოყენება. Mმოცემული ნორმები არეგულირებს საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემულ გარანტიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

საქმეში წარმოდგენილი საგარანტიო წერილი თავისი შინაარსით წარმოადგენს თავდებობას. თავდებობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს სკ-ს 891-905-ე მუხლები.

სკ-ს 891-ე მუხლის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ვალდებულება იკისრა არა საბანკო დაწესებულებამ ან სადაზღვევო კომპანიამ, გამოყენებული უნდა იქნეს აღნიშნული ნორმები.

სკ-ს 898-ე მუხლის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობაზე. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად თავდები პასუხს აგებს ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული. მითითებული ხელშეკრულებით თავდებმა პასუხისმგებლობა იკისრა როგორც სესხზე, ისე _ პროცენტზე.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სესხზე პროცენტის დარიცხვა და მოპასუხისათვის დაკისრება უკანონოა. თვით კასატორის მიერ მითითებული 1964წ. რედაქციის სკ-ს 174-ე მუხლი ადგენს, რომ პროცენტი ფულადი და სხვა ვალდებულებების მიხედვით საკრედიტო დაწესებულებების ოპერაციების, საგარეო სავაჭრო ვალდებულებებისა და კანონით მითითებული სხვა შემთხვევების გარდა დაუშვებელია.

ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საკრედიტო დაწესებულების, ბანკის, ოპერაცია, საბანკო კრედიტი, რაზეც პროცენტის დარიცხვა არც ძველი კანონმდებლობით იყო აკრძალული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ა.-ის” წარმომადგენელ ნ.ქ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.