საქმე N 080140024010133819
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2161-24 ქ. თბილისი
ბ. ნ., 2161-24 12 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით ნ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) – 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) – 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 (სამი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით – 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ (დიდი ოდენობით) და ,,ე’’ (იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული) ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ბ-ს საბოლოოდ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 21 (ოცდაერთი) წლის ვადით. სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2010 წლის 12 ივლისიდან.
ნ. ბ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.
მსჯავრდებული ნ. ბ. გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან.
ნ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 (ორი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ ნ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ნ. ბ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების მომენტიდან 2010 წლის 12 ივლისიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება ნ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო) ნ. ბ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
ნ. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის აქტით შემცირებულ სასჯელს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთას, სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 236-ე პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელიდან ნაწილობრივ დაემატა 9 თვე, ასევე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელიდან ნაწილობრივ დაემატა 1 წელი, 1 თვე და 15 დღე, ასევე 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელიდან ნაწილობრივ დაემატა 2 წელი, 7 თვე და 15 დღე და, საბოლოოდ, ნ. ბ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ნ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან − 2010 წლის 12 ივლისიდან.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განაჩენით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო) მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ნ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით და მეექვსე ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრ სასჯელს 9 (ცხრა) წლით თ/აღკვეთას, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული 7 (შვიდი) წლის თავისუფლების აღკვეთიდან დაემატა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა − ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი − 6 (ექვსი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 1 (ერთი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ნ. ბ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა − 20 (ოცი) წლის, 4 (ოთხი) თვისა და 1 (ერთი) დღის ვადით.
ნ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან − 2014 წლის 11 სექტემბრიდან.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით ნ. ბ-ს ადვოკატის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
ნ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ნ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრ სასჯელს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან დაემატა − 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა − ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6 (ექვსი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 1 (ერთი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, ნ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
ნ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან − 2014 წლის 11 სექტემბრიდან.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ბ-ს ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრებულ ნ. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებული ნ. ბ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განაჩენით (რომელიც სასჯელის ნაწილში შეიცვალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინებითა და ამავე სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განაჩენით) მისთვის დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის − 10000 (ათი ათასი) ლარის გადახდისაგან.
13. მსჯავრდებულ ნ. ბ-ს პირად საქმეში არსებული ცნობის თანახმად, დგინდება, რომ 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ნ. ბ-ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
14. 2024 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ნ. ბ-ს პირადი საქმე.
15. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ნ. ბ. სრულად განთავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით განსაზღვრული, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთისაგან.
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ გავრცელდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით (მე-2 ნაწილით), საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლითა და სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნულ სასჯელებზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
16. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ბ.მ. კასატორი მოითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის.
3. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის – იმ დანაშაულებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა), 222-ე−226-ე მუხლებით.
5. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნულ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით განსაზღვრულ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე არასწორად გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, რომლის გამოყენებითაც, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებული უსაფუძვლოდ გაათავისუფლა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის – 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთისაგან, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განაჩენით) ნ. ბ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის – დანაშაულის ჩადენის დროს – 2010 წლის 12 ივლისის მდგომარეობით მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციით, ხოლო მის მიმართ მსჯავრად შერაცხილი მითითებული ქმედება, ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით, შეესაბამება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელზეც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება.
7. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს იხილავს საჩივრის ფარგლებში, ასევე, ამავე კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,საკასაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია”. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი აქვს დაცვის მხარეს (ამნისტიის კანონი ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივრის წარმოდგენას არ ითვალისწინებს), საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ გააუქმოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება, დაამძიმოს მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა და მის საუარესოდ შეცვალოს სასჯელი.
8. რაც შეეხება ნ. ბ-სათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებასთან მიმართებით, მის მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისობაშია მოსაყვანი ამავე კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებთან (სააპელაციო სასამართლოსათვის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართვის საფუძველზე), რის შემდეგაც, სასამართლო განიხილავს ამ ქმედების ნაწილში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების საკითხს (ამავე მუხლის ნაწილში, მსჯავრდებულს სააპელაციო სასამართლოსათვის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართვის შემდეგ, ასევე შეუძლია მოითხოვოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების საკითხის გადაწყვეტაც).
9. მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამნისტია კანონიერად არ გავრცელდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განაჩენით) – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (შეესაბამება ამჟამად მოქმედი რედაქციის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილს), ასევე – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით შერაცხილ ქმედებებზე.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი