საქმე N 010142224701798794
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №32აგ-24 ქ. თბილისი
გ. ი., 32აგ-24 27 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ-სა და გ. ყ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით ი. გ. (დაბადებული ... წელს) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლით, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით;
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლით - გამასწორებელი სამუშაო 1 წლით;
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, გადასახლების გარეშე, ქონების კონფისკაციით;
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 17, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით;
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ი. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით, გადასახლების გარეშე. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 1993 წლის 26 აპრილიდან.
2. ი. გ. 1995 წლის 3 მარტს გაიქცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მოგვიანებით, 1995 წლის 2 მაისიდან მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენით ი. გ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1960 წლის რედაქცია);
ი. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2091-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17, 2091-ე მუხლზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1960 წლის რედაქცია);
ი. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,2091-ე მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ი. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო – 2010 წლის 20 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 6 აპრილიდან 2010 წლის 20 მარტამდე.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით ი. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის ცვლილების შესაბამისად), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,104-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის ცვლილებების შესაბამისად) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,104-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისს მოქმედი რედაქცია) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისს მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისს მოქმედი რედაქცია) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
ი. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 20 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 6 აპრილიდან.
7. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტისა (განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ) და 27 მაისის (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) განჩინებებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით ი. გ-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთას, საიდანაც მოხდილი აქვს 8 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩენილი აქვს - 14 წლით, 3 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, დაემატა წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად) და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 23 წლითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე დაემატა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 30 წლით, 1 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენი 3 წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ი. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2011 წლის 30 მარტიდან.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით ი. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.
9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ი. გ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, 1/4-ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის განჩინებით (გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის უზუსტობის განჩინების გათვალისწინებით) განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 22 წლით, 7 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 3 თვე - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ი. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2011 წლის 30 მარტიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. გ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
12. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორ ნ. ქ-ს შუამდგომლობა ი. ნ-ს ძე გ-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის N ... კანონის გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
13. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების მსჯავრდებულის, ი. გ-ს შუამდგომლობა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის ... კანონის გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულ ი. გ-ს ჩაჰბარდა 2022 წლის 1 ივლისს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდა:
გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის განჩინება;
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებით, ი. გ. გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (რაც შეესაბამება დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტს) დანიშნული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთისგან და საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლით (რაც შეესაბამება დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს) დანიშნული სასჯელის - 1 წლით გამასწორებელი სამუშაოსგან;
ცვლილება შევიდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენში;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 17. 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელები და ხსენებული განაჩენით ი. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს, 1994 წლის 12 მაისის, განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად;
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტისა (განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ) და 27 მაისის (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) განჩინებებით, ასევე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ი. გ-ს მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩა უცვლელად;
15. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ი. გ-ს განცხადება (შუამდგომლობა) სასჯელთა შეკრებისა და შთანთქმის წესის სწორად გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. გ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ყ-ს და ტ. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.
17. 2024 წლის 8 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ტ. კ-მ და გ. ყ-მ. ადვოკატებმა მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, მსჯავრდებულის მიმართ რ-ს ფედერაციაში, სხვა დანაშაულისათვის დანიშნული და მოხდილი სასჯელის - 9 წლით თავისუფლების აღკვეთის, საქართველოს სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვლა და ი. გ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენებზე ამნისტიის შესახებ კანონის სრულად გავრცელება. შუამდგომლობის ავტორების მითითებით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით ი. გ. გაასამართლეს და მოსახდელად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით. ი. გ. სასჯელს იხდიდა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საიდანაც გაიქცა და იძებნებოდა.
ძებნილი ი. გ. დააკავეს რ-ს ფედერაციაში და 2009 წელს გადმოიყვანეს საქართველოში, სადაც საქართველოს სასამართლოებმა ცალ-ცალკე გაასამართლეს და დაუდგინეს სხვადასხვა სასჯელები.
მსჯავრდებული ი. გ. საქართველოში ძებნის პერიოდში, რ-ს ფედერაციაში იყო გასამართლებული ბ. ქ-ს სახელითა და გვარით და როგორც პატიმარმა, 8 – წელი მოიხადა თავისუფლების აღკვეთის სახით, 1999-2007 წლებში, ქ. ს-ში, იქ ჩადენილი დანაშაულისათვის. მეორედ ის საპატიმროში იყო – 9 თვე მ-ში, პ-ზე და მ-ზე, როცა დაადგინეს რომ სინამდვილეში ის იყო ი. გ. და ცხოვრობდა რ-ში ბ. ქ-ს სახელითა და გვარით.
შუამდგომლობის ავტორებმა დაწვრილებით მიმოიხილა მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სასამართლოების განაჩენებით დადგენილი სასჯელები და მიუთითეს, რომ არცერთ სასამართლოს, არცერთი განაჩენის თუ განჩინების გამოტანისას არ გაუთვალისწინებია და დაუდგენია, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს, დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალათ მსჯავრდებულის მიერ, ძებნის პერიოდში, როგორც თავისი სახელი და გვარით, ასევე სხვა, ბ. ქ-ს სახელითა და გვარით რ-ს ფედერაციაში მოხდილი სასჯელი, მთლიანობაში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც დაცვის მხარის მოსაზრებით უკანონოა და დაირღვა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების მითითებით, ი. გ-ს პირად საქმეს არ ერთვის რ-ს ფედერაციაში, მის მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში – 9 წლიანი სასჯელის მოხდისა და პატიმრობაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია, რის გამოც მათ მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს, გადაეცა მათთვის ექსტრადიციისას რ-ს მხარის მიერ გადმოცემული მონაცემები, ი. გ-ს - იგივე ბ. ქ-ს სასჯელის მოხდის შესახებ. ამავე მოთხოვნით შეიტანეს განცხადება N. დაწესებულებაში, თუმცა ინფორმაცია მათ არ გადასცეს. დაცვის მხარემ ასევე მიმართა რ-ს ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც ასევე არ გადმოსცა ინფორმაცია და აცნობა, რომ ამას მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით გამოთხოვის შემთხვევაში გასცემდა. სახალხო დამცველმა კი მიმართვაზე უპასუხათ, რომ მიემართათ პროკურატურისთვის, თუმცა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მისცათ მხოლოდ საქართველოს სასამართლოების განაჩენები, მაშინ როცა საქართველოს მხარეს უნდა ჰქონოდა ინფორმაცია ი. გ-ს რ-დან ექსტრადიციის შესახებ.
ამრიგად, შუამდგომლობის ავტორები უთითებენ, რომ მათ არ დაუტოვებიათ არცერთი ინსტანციის სასამართლო, სამართალდამცავი თუ მართლმსაჯულების ორგანო, რათა მიეღოთ ინფორმაცია სხვა სახელმწიფოში პატიმრობის სახით მოხდილი სასჯელის შესახებ. მიუხედავად ამისა, მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ მათი შუამდგომლობის დასაბუთების და შედეგად რ-ს ფედერაციაში მოხდილი სასჯელის ჩათვლის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ, შუამდგომლობის გადაწყვეტამდე გამოითხოვოს ზემოთდასახელებული ინფორმაცია რ-ს ფედერაციის იუსტიციის სამინისტროდან.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ-სა და გ. ყ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ტ. კ-მ და გ. ყ-მ. კასატორები საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და მოითხოვენ, რომ სასამართლომ რ-ს ფედერაციის იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვოს ზემოაღნიშნული ინფორმაცია და ი. გ-ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მის მიერ, ძებნის პერიოდში, როგორც თავისი სახელითა და გვარით, ასევე სხვა, ბ. ქ-ს სახელითა და გვარით რ-ს ფედერაციაში მოხდილი სასჯელი, მთლიანობაში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარს ასაბუთებს იმავე მოტივებით, რომლებზეც უთითებდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენი., რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენი., რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენი. ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენი. პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ-სა და გ. ყ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს შემდეგს: როგორც მსჯავრდებულ ი. გ-ს პირადი საქმის მასალებიდან ირკვევა, იგი საქართველოს რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულისათვის ძებნის პერიოდში, რ-ს ფედერაციაში საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის დააკავეს – 2009 წლის 6 აპრილს, რის შემდეგაც, მოგვიანებით, მოხდა მისი საქართველოში ექსტრადირება. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენითა (უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განაჩენით) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით დგინდება, რომ მსჯავრდებულ ი. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სწორედ რ-ს ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულისათვის დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 6 აპრილიდან. მოგვიანებით, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტისა და 27 მაისის განჩინებებით, ი. გ-ს ყველა აღუსრულებელი განაჩენის (ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენი) მიხედვით, განესაზღვრა ერთიანი სასჯელი.
5. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ მსჯავრდებულ ი. გ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს საქართველოში ძებნის პერიოდში, რ-ს ფედერაციაში, ბ. ქ-ს სახელითა და გვარით ქ. ს-ში ჩადენილი დანაშაულისათვის და ასევე – ქ. მ-ში, პ.-სა და მ-ში მოხდილი სასჯელი, ჯამურად – 9 წელი პატიმრობა, გარდა იმისა, რომ დაცვის მხარეს წარმოდგენილი არ აქვს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც, შესაძლოა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გამხდარიყო, თვითონ დაცვის მხარე უთითებს, რომ ი. გ. რ-ში, რ-ს ფედერაციაშივე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, სხვა სახელითა და სხვა გვარით (ბ. ქ.) იხდიდა სასჯელს, რაც არ უკავშირდება საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს. ხოლო, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულისათვის რ-ს ფედერაციაში დაკავების პერიოდი – 2009 წლის 6 აპრილიდან – ი. გ-ს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენების მიხედვით, ჩათვლილი აქვს სასჯელის მოხდის ვადაში.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ-სა და გ. ყ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ-სა და გ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი