Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-884-02 15 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 7 სექტემბერს დ. ნ-ემ ქუთაისის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ “ქ.” წინააღმდეგ კანონიერ ძალაშია შესული რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელთა იძულებითი აღსრულება ევალება ქუთაისის სააღსრულებო ბიუროს. სარჩელით მიმართვის დროისათვის აღუსრულებელია 2410 ლარის გადახდა. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, აღმასრულებელი არ ასრულებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რის გამოც მან განიცადა, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი.

მოსარჩელემ მოპასუხისაგანა მატერიალური და მორალური ზიანის სახით სულ მოითხოვა 11200 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, თუმცა სასამართლო პროცესზე სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ არ დგინდებოდა მოპასუხის ბრალი სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობაში, რის გამოც მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაუშვებელი იყო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა დ.ნემსიწვერიძის სააპელიცო საჩივარი და თავისი 2002წ. 3 მაისის განჩინებით უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე 1992წ. 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც “ქ.” ნაცვლად თანხის გადახდა გადასახდელად დაეკისრა ზიანის უშუალოდ მიმყენებელ, პატიმრობაში მყოფ პირს, ძალაში იყო 1997წ. 26 ივნისამდე და ამ გადაწყვეტილების აღუსრულებლობა აღმასრულებლის ბრალით არ მომხდარა. ამასთან მიუთითა, რომ თუნდაც ამ გადაწყვეტილების აღუსრულებლობა აღმასრულებლის ბრალით ყოფილიყო გამოწვეული, დარღვეული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და არ არსებობდა საფუძველი სარჩელის დაკმაყოფილებისა.

2002წ. 17 ივნისს დ. ნ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მოითხოვა მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაბრუნდეს ხელახლა განხილვისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით, საერთო სასამართლოებში დავა განიხილება იმ სამართლებრივი ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის, გარიგების ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავას კი არ შეეხება, არამედ იგი დამოუკიდებული სარჩელია, რომელიც მიმართულია სააღსრულებო სამსახურის წინააღმდეგ გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან. მოცემულ საქმეზე მოპასუხედ გამოდის სააღსრულებო სამსახური, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, რის გამოც დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად.

ადმინისტრაციულ დავათა განხილვის წესი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო დავათა განხილვის პროცედურისაგან.

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს და უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარმოსადგენად.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით მტკიცებულებას სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლო თავისი ინიციატივით არ იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ.

აღნიშნულის გამო პალატა თვლის, რომ როდესაც ადმინისტრაციული დავას იხილავს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე, ირღვევა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ დავათა განხილვის უმთავრესი პრინციპი და დავა წყდება იმ აუცილებელი ნორმების გამოყენებისა და გათვალისწინების გარეშე, რაც ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო საქმეთა სასამართლო წარმოებისაგან განასხვავებს.

პალატა თვლის, რომ საპროცესო ნორმების ამგვარ დარღვევას შეიძლება შედეგად მოყვეს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყენებს იმ საპროცესო ნორმებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების კანონიერების და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

ვინაიდან მოცემული დავა განხილულია ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და განსახილველად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას.

სასამართლომ უნდა დაადგინოს მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, თუ რომელ პერიოდს შეეხება დავა (კასატორი მიუთითებს 1998წ. შემდგომი პერიოდის გადაწყვეტილებაზე, 2410 ლარის გადახდის აღუსრულებლობას და ამით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, რომელზეც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გავრცელება დაუშვებელია, ვინაიდან მითითებული გადაწყვეტილებები დღემდე აღუსრულებელია), რაში გამოიხატება მატერიალური და მორალური ზიანი, სახეზეა თუ არა მოპასუხის ბრალი და ა.შ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 3 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.