Facebook Twitter

¹ 3კ/886-01 16 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,მ. ახალაძე

დავის საგანი: მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ნ-იას საკუთრებას წარმოადგენს ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 240/1440 წილი. მან ეს სახლი 1996 წლის 20 აპრილს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ე. ჭ-შვილისაგან. ლ. ნ-იას კუთვნილი ბინის ორ ოთახში წლების განმავლობაში ცხოვრობს ნ. ო-ძის ოჯახი. საქმეში წარმოდგენილია 1923 წლის 20 სექტემბერს შედგენილი შინაურული ხელწერილი ი. ო-ძეს (ნ. ო-ძის პაპა) და გ. დ-ოვს შორის, რომლის თანახმად ამ უკანასკნელმა თბილისში, ... მდებარე საკუთარი სახლის 29 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი შესასვლელით და დამხმარე ფართით მიჰყიდა ი. ო-ძეს.

ი. ო-ძის შვილიშვილმა ნ. ო-ძემ 1999 წლის ოქტომბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ. ნ-იას მიმართ და მოითხოვა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მესაკუთრედ ცნობა, ასევე, სადავო ბინის ფართზე მემკვიდრედ ცნობა.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა ნ. ო-ძის სარჩელი.

ნ. ო-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ნ. ო-ძის სააპელაციო საჩივარი; გააუქმა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება: ნ. ო-ძე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... მდებარე ლ. ნ-იას სახელზე რიცხულ ბინაში 29 კვ.მ. ფართის ოროთახიანი ბინისა და დამხმარე სათავსების მესაკუთრედ.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სადავო სახლის მესაკუთრე გ. დ-ოვმა 1923 წლის 20 სექტემბერს 200 თუმნად მიჰყიდა ნ. ო-ძის პაპას, ი. ო-ძეს, ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი 29 კვ.მ. ფართი დამხმარე სათავსებით და შესასვლელით. ამის თაობაზე მხარეთა შორის შედგენილ იქნა ხელწერილი, რომლის სიყალბე არ არის დადგენილი და მას გააჩნია მტკიცებულების ძალა. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ო-ძეების ოჯახი აგრძელებს სადავო ბინაში ცხოვრებას და სამკვიდროს ფლობას. ნ. ო-ძეს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად ბინაზე უფლება მემკვიდრეობით მიღებულად ეთვლება. სააპელაციო პალატამ გამოიყენა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და შემძენი, ნ. ო-ძე, ცნო სადავო ფართის მესაკუთრედ. ლ. ნ-იას წარმომადგენელმა ზ. ჯ-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ლ. ნ-იას სარჩელზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი არ შეიძლება ჩაითვალოს სადავო ბინის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მტკიცებულებად, რადგან იგი არ არის კანონით დადგენილი ფორმით შედგენილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლი და მე-7 მუხლის მეორე პუნქტი, ამიტომ სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა ამ კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტი, რაც თავიდანვე ანტიკონსტიტუციურ ნორმას წარმოადგენდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ნ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ ლ. ნ-იამ 1996 წლის აპრილში იყიდა გ. ჭ-შვილისაგან ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 240/1440 წილი და გახდა ამ ბინის მესაკუთრე. ლ. ნ-იას კუთვნილ ფართში რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობს ნ. ო-ძე ოჯახთან ერთად. ნ. ო-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ. ნ-იას მიმართ და მოითხოვა მოპასუხის სახელზე რიცხულ ბინაში 29 კვ.მ. ფართის და დამხმარე სათავსების მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ მისმა პაპამ ი. ო-ძემ 1923 წელს იყიდა აღნიშნული ფართი გ. დ-ოვისაგან. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, რადგან ეს ნორმა ეხებოდა მხარეთა შორის იმ ურთიერთობას, რომელიც მოწესრიგებულია წერილობითი დოკუმენტით და აღიარებს მათ შორის საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, მაგრამ მისი ფორმა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში შემძენი მესაკუთრედ უნდა ყოფილიყო ცნობილი. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სადავო ბინის ამჟამინდელი მესაკუთრე ლ. ნ-იას და ნ. ო-ძეს შორის ასეთ შეთანხმება არ ყოფილა; საქმეში წარმოდგენილი 1923 წელს მარტივი წერილობითი ფორმით შედგენილი ხელშეკრულება გ. დ-ოვსა და ი. ო-ძეს შორის არ შეიძლება გახდეს ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი, ამიტომ ნ. ო-ძის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ნ. ო-ძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ საფუძვლითაც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, რის გამოც ეს ნორმა ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. ამდენად, საკასაციო ინსტანციაში ლ. ნ-იას საკასაციო საჩივრის განხილვის მომენტისათვის კანონის ის სპეციალური მუხლი, რომელიც მოსარგებლის მესაკუთრედ ცნობის იურიდიულ შესაძლებლობას იძლეოდა გაუქმებულია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ლ. ნ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ნ. ო-ძის სარჩელი მოპასუხე ლ. ნ-იას მიმართ ქ. თბილისში, ... მდებარე ლ. ნ-იას სახელზე რიცხულ ბინაში 29 კვ.მ. ფართობის ორ ოთახიანი ბინის და დამხმარე სათავსების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.