Facebook Twitter

¹ 3კ-887-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს “ვ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს სს “ი.-ას” გადასახდელად დაეკისრა 1173186 ლარისა და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯებისათვის დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა. სს “ი.-ს” სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2500 ლარის ოდენობით.

კოლეგია მისი გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე, რომელიც გაფრთხილებული იყო ხელწერილით არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას შესაძლო შედეგების შესახებ, არც რაიმე ცნობა მისი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ მას არ წარმოუდგენია.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე სს “ი.-მ” და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ გენერალური დირექტორის მოადგილე გ.ჟორჟოლიანი 13-14 თებერვალს იმყოფებოდა ზემო იმერეთში და დიდი თოვლის გამო ვერ მოახერხა ქუთაისში ჩასვლა. აღნიშნულის დასადასტურებლად საჩივრის ავტორმა წარმოადგინა კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის ა.ქვაჩაკიძის ცნობა.

საქმის ხელახალი განხილვის დღეს 2002წ. 5 აპრილს სხდომაზე არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი სს “ი.-ა”, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული იქნა მეორე დაუსწრებული გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ს.-ის” გენერალურმა დირექტორმა გ. ვ.-მ.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 15.11.01წ. ¹1168 განკარგულების შესაბამისად განხორციელდა სამხარეო პრინციპით დაფუძნებული ენერგოკომპანიების შერწყმა და შერწყმის შედეგად წარმოიშვა ახალი იურიდიული პირი სს “ს.-ა”, რომელიც გახდა შერწყმის შედეგად გაუქმებული ენერგოკომპანიების, მათ შორის სს “ი.-ის” სამართალმემკვიდრე 2002წ. 27 მარტიდან. ქუთაისის საოლქო სასამართლომ საქმე განიხილა ყოფილი სს “ი.-ის” სამართალმემკვიდრის სააქციო საზოგადოება “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.

კასატორი ითხოვს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად განხორციელდა სამხარეო პრინციპით დაფუძნებული ენერკომპანიების შერწყმა და შერწყმის შედეგად წარმოიშვა ახალი იურიდიული პირი სს “ს.-ა”, რომელიც გახდა შერწყმის შედეგად გაუქმებული ენერგოკომპანიების, მათ შორის სს “ი.-ის” სამართალმემკვიდრე. ს.ს. “ს.-ის” რეგისტრაცია სასამართლოში განხორციელდა 2002წ. 27 მარტს.

მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება “ს.-ის” წინააღმდეგ მიღებული იქნა 2002წ. 5 აპრილს. უდავოა, რომ მოპასუხემ არ იცოდა აღნიშნული სხდომის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

ის გარემოება, რომ მოხდა საწარმოთა შერწყმა და სამართალმემკვიდრე საწარმომ არ იცოდა სასამართლო სხდომის შესახებ და არ იყო გაფრთხილებული, საპატიოდ უნდა ჩითვალოს.

საქართველოს სსკ-ს 241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

სარეზოლუციო ნაწილი

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 აპრილის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.