Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-888-02 6 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

კ. ნ-ი მუშაობდა თელავის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის რაიონული ინსპექციის ...ად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000წ. 25 ოქტომბრის ¹170/III ბრძანებით არადამაკმაყოფილებლად შეფასდა სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის თელავის რაიონული ინსპექციის საქმიანობა 1999წ. პირველი იანვრიდან 2000წ. 31 აგვისტომდე პერიოდში და კ. ნ-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. კ. ნ-მა უკანონოდ მიიჩნია მისი სამუშაოდან დათხოვნა და სარჩელით მიმართა სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლით: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და წესების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციისა და სამინისტროს სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა უწყებრივი კონტროლის სამმართველოს მიერ შედგენილი შემოწმების აქტი შედგენილია არაობიექტურად, შვებულებაში ყოფნის პერიოდში მის მიერ ბრალეულად სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია.

მოპასუხე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სარჩელი არ სცნო შემდეგი საფუძვლით: შემოწმების აქტით აშკარად დადგენილია კ. ნ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევები. მოპასუხე მისი საკითხის გარკვევის პერიოდში თავისივე გამოცემული ბრძანების საფუძველზე იყო გასული შვებულებაში რაც კანონის დარღვევაა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით კ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ ზემოხსენებული შემოწმების აქტით დაფიქსირდა მთელი რიგი დარღვევებისა, კერძოდ, დაფიქსირდა 48 დარღვევა. შემოწმების აქტში მითითებული ფაქტები მოიცავს ინსპექციის საქმიანობის მთელ სფეროს. არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული თელავის რაიონში სანიტარული მდგომარეობა, რისი შედეგიც იყო 2000 წ. ივლისის დასაწყისში ქ. თელავში წყლისმიერი ნაწლავური ეპიდემიის გავრცელება. აღნიშნულის გათვალისწინებით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კ. ნ-ის განთავისუფლება სასამართლომ კანონიერად მიიჩნია.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. ნ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 ივლისის გადაწყვეტეილებით კ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა კ. ნ-ის სარჩელი, გაუქმდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000წ. 25 ოქტომბრის ¹170/III ბრძანება; კ. ნ-ი აღდგენილ იქნა სახელმწიფო ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობის თელავის რაიონული ინსპექციის ...ის თანამდებობაზე და მიეცა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ შემოწმების აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო კ. ნ-ის განთავისუფლებას, არის ცალმხრივი და იურიდიული ძალა არ გააჩნია, რადგან მის სისწორეს ხელმოწერით ამოწმებენ მხოლოდ შემმოწმებელი პირები, აქტს ხელს არ აწერენ შემოწმების უშუალო მონაწილე და დამსწრე პირები. დადგენილად მიიჩნია ასევე რომ შემოწმების აქტში მითითებული დარღვევების უმრავლესობა გამოწვეულია რაიონული ინსპექციის მწირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, უტრანსპორტობით, დაუფინანსებლობით. რაც შეეხება ქ. თელავის ერთ უბანში ნაწლავური ინფექციის ერთეულ შემთხვევებს, იგი გამოწვეული იყო “თეთრონის” წყაროს წყლით, რომლის გამოკვლევები იმ წელს ჩატარდა 3-ჯერ, დაბინძურების მიზეზად დადგინდა სათავე ნაგებობის მოუწესრიგებლობა და ქალაქის წყალგაყვანილობის მოძველება. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ კ. ნ-ის განთავისუფლების დროს დარღვეული იყო შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 28 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება არ ემყარება მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რითაც დარღვეულია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნა. საკასაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით ნებადართულია მოხელის განთავისუფლება სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომების მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. კ. ნ-მა შემოწმების აქტში დაფიქსირებულ დარღვევებზე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა დროულად არ წარადგინა ახსნა-განმარტება. პალატამ ასევე მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის შესაბამისად მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება. კ. ნ-მა სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2000წ. 26 დეკემბერს. ბრძანება განთავისუფლების შესახებ მას ჩაბარდა 2000წ. 26 ნოემბერს, მაგრამ სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ერთთვიანი ვადა იწყება არა ბრძანების ჩაბარების დღიდან, არამედ იმ დღიდან როცა მოსარჩელეს გამოეცხადა ბრძანება.

საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით კვლავ დაკმაყოფილდა კ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა კ. ნ-ის სარჩელი. გაუქმდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2000წ. 25 ოქტომბრის ბრძანება ¹170/III. კ. ნ-ი აღდგა სახელმწიფო ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობის თელავის რაიონული ინსპექციის ...ის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით განაცდური ხელფასი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემოწმების აქტში მითითებული დარღვევები არ არის გამოწვეული კ. ნ-ის ბრალეული ქმედებით, რადგან დადგენილია, რომ თელავის სანიტარულ სახელმწიფო ინსპექციას გააჩნია მწირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მისი მუშაობა არ ფინანსდებოდა წლების მანძილზე, გაუცემელია ხელფასები, არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი. უზენაესი სასამართლოს მითითების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, თუ როდის შეიტყო კ.ნ-მა განთავისუფლების შესახებ და დადგენილად მიიჩნია, რომ მან განთავისუფლების შესახებ შეიტყო 2000წ. 27 ნოემბერს და ამდენად მას გასაჩივრების ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე კ. ნ-ს დარღვეული აქვს ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადები, რადგან ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ გამოიცა 25 ოქტომბერს, ხოლო განცხადება შეიტანა 27 დეკემბერს. მან ბრძანების გამოცემიდან ხუთი დღის შემდეგ მოხსენებითი ბარათით მიმართა სამინისტროს, შეხვდა თანამშრომლებს, რომელთა მიერ მომზადებული იყო ბრძანება. ამ დროს მან დამატებით მიიღო ინფორმაცია განთავისუფლების შესახებ, თუმცა თვითონ განმარტავს რომ ოფიციალურად ბრძანება ჩაბარდა 2000წ. 27 ნოემბერს.

რაც შეეხება კ. ნ-ის განთავისუფლების ბრძანების საფუძველს, იგი გათავისუფლდა თელავის რაიონში სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის არადამაკმაყოფილებელი განხორციელებისა და სამსახურებრივი მოვალეობების უხეშად დარღვევის გამო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის III პუნქტის საფუძველზე. დარღვევები ასახულია შემოწმების აქტში, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ ცნო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე კ. ნ-მა სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ შეიტყო 2000წ. 27 ნოემბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით აღძრა 2000წ. 26 დეკემბერს. ამდენად, მას არ გაუშვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ იცოდა განთავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარებამდეც, მოპასუხეს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ შემოწმების აქტში აღნიშნული დარღვევები გამოწვეულია ობიექტური მიზეზებით, იგი არ არის კ. ნ-ის ბრალეული მოქმედების შედეგი და ამდენად, არ არსებობდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოხელის განთავისუფლების საფუძველი, რადგან აღნიშნული მუხლით განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის გამო. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის შესახებ კასატორის პრეტენზია არც დამატებითია და არც დასაბუთებული.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.