საქმე N 330100121004476830
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№838აპ-24 3 დეკემბერი, 2024 წელი
ნ. თ., 838აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – მ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – მ. მ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რამეთუ საქმის მასალებით გამოკვეთილია სამოქალაქოსამართლებრივი დავა და არა – სისხლის სამართლის დანაშაული. დადგენილია, რომ 2014 წლის 8 მაისს თ. ნ-სა და ი-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც იმავე წლის 19 მაისს შეიცვალა, ხოლო 2015 წლის 28 აპრილს გაუქმდა, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის მიერ სესხის სრულად დაბრუნების, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულის მიერ თანხის სრულად მიღების გამო. 2015 წლის 6 მაისს, თ. ნ-სა და ი-ს შორის დაიდო 23000 დოლარის ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის ვადად განისაზღვრა – 2015 წლის 15 სექტემბერი. მხარეებმა, ისევე, როგორც წინა სამი ხელშეკრულების შემთხვევაშიც, ნოტარიუსისაგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება ხელშეკრულების შინაარსისა და სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი შედეგების შესახებ. ი-მა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა 2020 წლის 9 დეკემბერს, ანუ, ხელშეკრულების შესრულების ვადის გასვლიდან 5 წლის შემდეგ, როდესაც ამოწურული იყო სამოქალაქო წესით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა და თ. ნ-ს ბრალი დასდო თაღლითობაში. დაზარალებული ი-ის ჩვენება, მათ შორის, თ. ნ-სათვის თანხის გადაცემის გარემოებებთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება, როგორც მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე მოწმეების –– დ. ზ-სა და ზ. გ-ს – მონათხრობს. ი. და ზ. გ-ებმა კარგად იცოდნენ, რომ სადავო ბინა იპოთეკით იყო დატვირთული და, შესაბამისად, ზ. გ-მა თანხა გადასცა იპოთეკარს – რ. გ-ს, რის შემდეგაც, უკვე სხვა სანოტარო ბიუროში გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რა დროსაც, თანხა აღარ გადაცემულა, რის გამოც არ ემთხვევა სწორედ მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს. დაზარალებულმა გაცნობიერებულად მოაწერა ხელი ყველა ხელშეკრულებას და იგი შეცდომაში არავის შეუყვანია. შესაბამისად, თ. ნ-ს ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული არ იკვეთება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენით თ. ნ., – დაბადებული ...., – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ თ. ნ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2014 წელს თ. ნ-მა შეიტყო, რომ თავისი გარდაცვლილი მეგობრის მშობლებს სურდათ მათი მეორე შვილის – ი-სათვის ბინის შეძენა. აღნიშნულის შემდეგ, თ. ნ. სარგებლობდა რა ხსენებული ადამიანების ნდობით, გადაწყვიტა თაღლითურად დაუფლებოდა მათ ფულად თანხას და შესთავაზათ ... კორპუსში მდებარე, თავისი კუთვნილი №--- ბინის მიყიდვა 25000 აშშ დოლარად. მოლაპარაკების თანახმად, ი-ს მისთვის უნდა გადაეცა 23000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც, ბინა გადაფორმდებოდა ი-ს სახელზე, ხოლო თ. ნ., დარჩენილი 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 2 წლით კიდევ იცხოვრებდა აღნიშნულ ბინაში. მიუხედავად ხსენებული ზეპირი შეთანხმებისა, 2014 წლის 8 მაისს, ქ. თ-ში, მეტროსადგურ „...“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ლ. ბ-ს სანოტარო ბიუროში, თ. ნ-მ ი-საგან მიიღო 23 000 აშშ დოლარი და, ვინაიდან იმთავითვე არ სურდა ი-სთვის ბინის გადაფორმება, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად, გაუფორმა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, თითქოსდა, მხოლოდ 10000 აშშ დოლარის სესხის სანაცვლოდ, დარეგისტრირდა ი. თ. ნ-ს ბინის იპოთეკარად, ხოლო მესაკუთრე საცხოვრებლად რჩებოდა ბინაში. 2014 წლის 19 მაისს ი-ს ოჯახის მოთხოვნით, თ. ნ. იძულებული გახდა, შეესწორებინა ხელშეკრულება და სესხის თანხად, 10000 აშშ დოლარის ნაცვლად, მიეთითებინა – 23 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ ი. დაიმედებული იყო, რომ 23000 აშშ დოლარად ნაყიდი ჰქონდა ბინა, რომელშიც 2016 წლის მაისიდან იცხოვრებდა, თუმცა თ. ნ. მოქმედებდა თაღლითური განზრახვით და სურდა ი-საგან აღებული 23000 აშშ დოლარი დაეტოვებინა უზრუნველყოფის გარეშე. 2015 წლის 28 აპრილს მივიდა გ-ების ოჯახში, კვლავ ისარგებლა მათ გარდაცვლილ შვილთან მეგობრობითა და მათი ნდობით, მოატყუა ისინი, რომ შვილი ჰყავდა მძიმე სენით დაავადებული და ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება, რის გამოც შესაძლო იყო დასჭირვებოდა ... კორპუსში მდებარე №--- ბინის გაყიდვა, თუმცა, რადგანაც ბინა ი-ს სასარგებლოდ დატვირთული იყო იპოთეკით, ესაჭიროებოდა ვალდებულების გაუქმება. ბინის გაყიდვის შემდეგ, მას უკან უნდა დაებრუნებინა -ების კუთვნილი 23000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, ნოტარიუს მ. რ-ს სანოტარო ბიუროში, თ. ნ-ს სურვილისამებრ, გაუქმდა ი-ს და თ. ნ-ს შორის 2014 წლის 23 მაისს დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რის შედეგადაც სესხად გაფორმებული – 23000 აშშ დოლარი დარჩა უზრუნველყოფის გარეშე. მიუხედავად ამისა, თ. ნ. მაინც ჰპირდებოდა ი-ს ბინის გადაფორმებას. მეტი დამაჯერებლობისათვის, 2015 წლის 6 მაისს ... მდებარე ნოტარიუს ჯ. ა-ს სანოტარო ბიუროში დაუწერა ვალის აღიარების აქტი – 23 000 აშშ დოლარის 2015 წლის 15 სექტემბრამდე გადახდის თაობაზე, თუმცა აღნიშნულის პარალელურად, ი-ს თანხმობისა და ინფორმირების გარეშე, კიდევ რამდენიმეჯერ დატვირთა იპოთეკით ხსენებული ბინა სხვადასხვა პერიოდებით, 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს კი გაასხვისა იგი, რითაც, დაზარალებულ ი-ს მიაყენა 23000 აშშ დოლარის ეკვივალენტი – 53392 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – მ. მ-მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. მსჯავრდებული თ. ნ. დაკავებულია და სასჯელს იხდის 2023 წლის 19 მაისიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია სამოქალაქოსამართლებრივი დავა და არა – სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გამორიცხავს თ. ნ-ს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დგინდება მის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის – დიდი ოდენობით თაღლითობის – ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომლებზეც ამომწურავად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
3. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულ ი-ს ჩვენება, მათ შორის, თ. ნ-სათვის თანხის გადაცემის გარემოებებთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება არა მარტო მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებულ ინფორმაციას, არამედ – მოწმეების: დ. ზ-სა და ზ. გ-ს მონათხრობს, აღსანიშნავია, რომ არც თავად თ. ნ-ს გაუხდია სადავოდ, რომ დაზარალებულ ი-ს ოჯახს ნამდვილად შესთავაზა კუთვნილი ბინის შეძენა, მათ კი, თავის მხრივ, ნამდვილად გადაუხადეს ბინის შესაძენი თანხა – 23000 აშშ დოლარი, თუმცა მსჯავრდებულის მტკიცებით, დაზარალებულისათვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ სადავო ბინა იპოთეკით იყო დატვირთული და, შესაბამისად, მას არავინ მოუტყუებია. მოგვიანებით, შვილის ავადმყოფობის გამო, დასჭირდა საოპერაციო თანხა, რის გამოც, ი---------–---–თან შეთანხმებით, იპოთეკის ნაცვლად გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება.
4. ამდენად, დავის საგნად არის ქცეული, დაეუფლა თუ არა თ. ნ. მოტყუებით ი-ს კუთვნილ თანხას, თუ მის ქმედებაში მოტყუების ელემენტი არ იკვეთება და სახეზეა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს სრულად.
5. თ. ნ-ს მტკიცების საპირისპიროდ, დაზარალებულ ი-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მისი გარდაცვლილი ძმის მეგობრისგან – თ. ნ-სგან – 25000 აშშ დოლარად შეიძინეს ბინა. მსჯავრდებულის მითითებით, 23000 აშშ დოლარი გადაუხადეს თ. ნ-ს, ხოლო დარჩენილი 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მისცეს უფლება, ორი წლით ესარგებლა გაყიდული ბინით, რის შემდეგაც დადებდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებას. თავდაპირველად გააფორმეს იპოთეკა – 10000 დოლარზე, რაც მალევე შეცვალეს და გარიგებაში სრულად ასახეს თ. ნ-სათვის გადახდილი 23000 აშშ დოლარი. მოგვიანებით, მსჯავრდებულმა აჩვენა დოკუმენტაცია და უთხრა, რომ მის შვილს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა გულის მანკის ოპერაცია და სთხოვა, მაქსიმუმ, ერთი თვით, გაეთავისუფლებინათ ბინა ოპოთეკისაგან, სანაცვლოდ კი დაედოთ ვალის აღიარების ხელშეკრულება. იგი დაეთანხმა თ. ნ-ს, რადგან ენდობოდა, მაგრამ იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებიდან მალევე, მსჯავრდებულმა ისე გაყიდა სადავო ბინა, რომ მისთვის არაფერი უთქვამს, გაწყვიტა ყველანაირი კავშირი და მიიმალა; დაზარალებულის მამის – მოწმის სახით დაკითხული ზ. გ-ს ჩვენებით დგინდება, რომ მემკვიდრეობით მიღებული ბინის გასხვისებით მიღებული თანხით, მისი გარდაცვლილი ვაჟის მეგობრისგან – თ. ნ-სგან – 25000 აშშ დოლარად შეიძინეს ბინა მისი ქალიშვილის – ი-სათვის. თ. ნ-ს მითითებით, გადაუხადეს მას 23000 აშშ დოლარი, ხოლო 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მისცეს უფლება, ორი წლის განმავლობაში ესარგებლა გაყიდული ბინით. ი-მა მსჯავრდებულს გადასცა სულ 23000 აშშ დოლარი, აქედან 10000 აშშ დოლარის გადაცემას თავადაც დაესწრო სანოტარო ბიუროში. თავდაპირველ ხელშეკრულებაში არ იყო ასახული მსჯავრდებულისათვის გადაცემული თანხა სრულად, ამიტომ მალევე შეცვალეს იგი. თ. ნ-ს მტკიცებით, სასწრაფოდ დასჭირდა შვილის საოპერაციო თანხა, რის გამოც, სთხოვათ, იპოთეკის ნაცვლად გაეფორმებინათ ვალის აღიარების ხელშეკრულება, რასაც დასთანხმდნენ. მსჯავრდებული ჰპირდებოდა ი-ს, რომ 2-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ საკუთრებად გადაუფორმებდა ბინას, მაგრამ ქონება სხვა ოჯახზე გაასხვისა და მიიმალა. მსჯავრდებულის მეუღლემ საუბარში დაუდასტურათ, რომ მათი შვილი საოპერაციო არასდროს ყოფილა; დაზარალებულის მამიდაშვილის, მოწმე დ. ზ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ გ-ების ოჯახს ჰქონდა გარკვეული თანხა და ეძებდნენ ბინას, თ. ნ-მა კი 25000 აშშ დოლარად შესთავაზათ თავისი. აქედან 23000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ მსჯავრდებულისთვის, ხოლო 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ იგი იცხოვრებდა აღნიშნულ ბინაში, მისი მშენებარე სახლის დასრულებამდე, რის შემდეგაც ი-ს გადაუფორმებდა ქონებას. როგორც გაიგო, თ. ნ-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ასახული იყო მხოლოდ 10000 აშშ დოლარის ვალდებულება, რაც მისი რჩევით შეცვალეს და სრულად ასახეს მსჯავრებულისათვის გადაცემული 23000 აშშ დოლარი, რასაც სანოტარო ბიუროში თავადაც ესწრებოდა. მოგვიანებით, თ. ნ-ს მტკიცებით, მის შვილს სასწრაფოდ დასჭირდა გულის ოპერაცია, რის გამოც, სთხოვათ, იპოთეკის ნაცვლად, ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმება, რასაც დაზარალებული დასთანხმდა. თ. ნ. დაჰპირდათ, რომ პრობლემის მოგვარებისთანავე გადაუფორმებდა ბინას ი-ს, თუმცა, არაერთი თხოვნის მიუხედავად, პირობა არ შეასრულა, სადავო ბინა სხვას მიჰყიდა და ქვეყნიდან მიიმალა; ხაზგასასმელია, რომ დაზარალებულ ი-სა და მოწმეების – ზ. გ-სა და დ. ზ-ს – ჩვენებების გარდა, რომლებიც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში ამხელენ მსჯავრდებულს, თ. ნ-ს მტკიცება, თითქოსდა მის ახალშობილს 2014 წელს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სამკურნალო თანხა, რის გამოც სთხოვა სწორედ ი-ს ბინის ვალდებულებისაგან გათავისუფლება – ეწინააღმდეგება მსჯავრდებულისვე მეუღლის, მოწმის სახით გამოკითხული ნ. კ-ს ჩვენებას, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომელიც ცხადყოფს, რომ თ. ნ-ს შვილი არასდროს უნახავს, რადგან ჯერ კიდევ მაშინ დაშორდა მუღლეს, როდესაც იგი ორსულად იყო. ნ. კ-ს ჩვენებაით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მისი შვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და არც ოპერაცია დასჭირვებია არასდროს; 2014 წლის 8 მაისის სანოტარო აქტის მიხედვით, ი-მ თ. ნ-ს 2 წლით ასესხა 10000 აშშ დოლარი. სესხი და შესაძლო ზიანის გადახდა უზრუნველყოფილი იყო თ. ნ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე – ქ. კორპუსის, №.. ბინით. 2014 წლის 19 მაისს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით, ი-მ თ. ნ-ს გადასცა 13000 აშშ დოლარი, შესაბამისად, სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა იპოთეკის თანხამ შეადგინა – 23000 აშშ დოლარი, როლის გადახდა უზრუნველყოფილი იყო მესაკუთრის კუთვნილი ბინით; 2015 წლის 28 აპრილის სანოტარო აქტით კი, ი-. და თ. ნ. შეთანხმდნენ, რომ გაუქმებულიყო 2014 წლის 8 მაისისა და 2014 წლის 19 მაისის ზემოხსენებული შეთანხმებები, თ. ნ-ს მიერ ი-ისათვის სესხის თანხის სრულად დაბრუნების, ხოლო ი-ს მიერ ამ თანხის სრულად მიღების გამო.
ვალის აღიარების ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების თანახმად, მოვალეს – თ. ნ-ს – წარმოეშვა დავალიანება კრედიტორის – ი-ს – მიმართ. ვალი შეადგენდა 23000 აშშ დოლარს, რომელსაც გადაიხდიდა 2015 წლის 15 სექტემბრამდე; მოწმე რ. ს-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, 2015 წლის ოქტომბერში, თ. ნ-საგან 25000 აშშ დოლარად შეიძინა ... კორპუსში მდებარე №... ბინა, რაც დადასტურებულია ასევე საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციით.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, თითქოსდა, ერთი მხრივ, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობები შეუძლებელს ხდის ფაქტების უტყუარად დადგენას, ხოლო, მეორე მხრივ, თ. ნ-ს ქმედებაში არ იკვეთება მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის – თაღლითობის – შემადგენლობა, არამედ სახეზეა მხარეებს შორის არსებული სამოქალაქო სამართლებრივი დავა, რამეთუ საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რაც ქმნის უტყუარ საფუძველს თ. ნ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და სარწმუნოდ ადასტურებს, რომ იგი დაზარალებულის ნდობის ბოროტად გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ი-ს დიდი ოდენობით თანხას. შესაბამისად, თ. ნ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი – სამართლიანი.
7. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია ვერ გავრცელდება, თუმცა თ. ნ-ს, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად, მასზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
8. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივარში, თ. ნ-ს მიმართ, საექსტრადიციო პროცედურების დროს, შესაძლო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით გაცახებულ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამის რეაგირებას, რამეთუ დაცვის მხარის მითითებითვე, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ უკვე მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – მ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენი უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – მ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. თ. ნ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2023 წლის 19 მაისიდან;
4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი