3კ-893-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. გ.-ემ. მან მიუთითა, რომ ქუთაისის საკონდიტრო ფაბრიკა “ნ.-ის” ხელმძღვანელობის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობის მოტივით 2000წ. 6 ივნისს დათხოვნილ იქნა სამუშაოდან, რასაც საფუძვლად დაედო სს “ქ.-ის” ყალბი საფოსტო გზავნილები, რომლებიც მას არ ჩაუბარებია. აღნიშნულმა მას მიაყენა ფიზიკური და მორალური ტრავმა, რისთვისაც მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი. გ.-ის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მოპასუხეს დააკისრა 12600 ლარის გადახდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ე.-ის” სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ი. გ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.212831
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ი. გ.-ე 2000წ. 6 ივნისს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო განთავისუფლებულ იქნა სს “ნ.-ის” ლაბორატორიის უფროსის თანამდებობიდან, რაც სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა უკანონოდ და მოსარჩელე ამჟამად აღდგენილია სამუშაოზე.
ი. გ.-ს სამსახურში გამოუცხადებლობის პერიოდში სს “ე.-ის” მიერ ეგზავნებოდა სს “ნ.-ის” ადმინისტრაციის შეტყობინება სამსახურში გამოცხადების და პროფკომიტეტის სხდომაზე დასწრების შესახებ.
სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სს “ე.-ის” ქუთაისის ფილიალის მიერ შედგენილი იქნა ყალბი გზავნილები, რამაც გამოიწვია მისი სამუშაოდან დათხოვნა და მას მიაყენა მატერიალური და მორალური ზიანი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სრულად დაუსაბუთებელი, რადგან სკ-ს 992-ე მუხლის საფუძველზე ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მხარეს მიადგა პირის მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი “ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენდა ზიანის გამომწვევ მოქმედების უშუალო შედეგს.”
მოცემულ შემთხვევაში სს “ე.-ი” მომსახურებას უწევდა არა მოსარჩელეს, არამედ _ სს “ნ.-ს”.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ.-მ.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი, 412-ე, 413-ე, 992-ე, 993-ე მუხლები.
მოწინააღმდეგე მხარე შესაგებელში უთითებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მათ მხარეს დაეკისრა კასატორის სასარგებლოდ 12600 ლარის გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება სს ,,ე.-მ” გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში. ი. გ.-მ მიიჩნია რა აღნიშნული გადაწყვეტილება სწორად, არ გაასაჩივრა იგი, რაც შესაბამისად ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე, შევიდა ძალაში. კასატორი აღნიშნულ გარემოებებს არ ითვალისწინებს და კვლავ ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
როგორც კასატორი უთითებს, მისი ავადმყოფობის მიზეზი გახდა ს. ს. ,,ნ.-ის” მიერ მისი სამსახურიდან განთავისუფლება. შესაბამისად, შეუძლებელია, მოპასუხის მოქმედება წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევ უშუალო მიზეზს.
413-ე მუხლის თანახმად ქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ასეთი ანაზღაურება გათვალისწინებულია სკ-ს მე-18 მუხლით, სკ-ს 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ მითითებული გარემოებები და საფუძვლები არ წარმოადგენენ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ურთიერთობებს, შესაბამისად არ არსებობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლი და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილება.
კასატორი განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.