Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-894-01 22 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: ბინის კომპენსაციის მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით ... ქარხნის ადმინისტრაციას მოსარჩელე ჯ. თ-ძის სასარგებლოდ, მისი ოჯახის წევრების გათვალისწინებით, სანიტარული ნორმების დაცვით დაევალა, ბინის გამონახვა ან შესაბამისად ფულადი კომპენსაციის მიცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ Yძალაშია, თუმცა ჯ. თ-ძის არაერთი მოთხოვნისა, იგი არ აღსრულებულა.

1999 წელს ჯ. თ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ... ქარხნის მიმართ და მოითხოვა ბინისFფულადი კომპენსაციის რეალური განსაზღვრა და ქარხნისათვის დაკისრება, აგრეთვე, 1995წ. 10 მაისიდან ყოველთვიურად ბინის ქირის – 50 აშშ დოლარის _ დაკისრება მოპასუხისათვის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ჯ. თ-ძის სასარგებლოდ ქ. ... ქარხნის ადმინისტრაციისათვის დაკისრებული ბინის ღირებულება განისაზღვრა 14 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით; 1999წ. 2 სექტემბრიდან მოპასუხეს ასევე დაეკისრა ბინის ქირა, ყოველთვიურად 50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ჯ. თ-ძის სასარგებლოდ მისთვის ბინით დაკმაყოფილების ან ბინის კომპენსაციის გადახდამდე; ჯ. თ-ძეს ბინის კომპენსაციის დარჩენილ 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდაზე უარი ეთქვა; არ დაკმაყოფილდა ჯ. თ-ძის სარჩელი 1995წ. 10 მაისიდან 1999წ. 2 სექტემბრამდე ბინის ქირის გადახდის ნაწილში უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ... ქარხნის ადმინისტრაციამ.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით ... ქარხნის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილება და ნაცვლად 14 000 აშშ დოლარისა შპს ... ქარხანას ჯ. თ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ მოსარჩელე ჯ. თ-ძე თავის მოთხოვნას ამყარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995წ. 10 მაისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ იგივე მხარეებს და იმავე საგანზეა დავა სასამართლოში, რაც უკვე გადაწყვეტილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა თავისი საგნით განსხვავებულია პირვანდელი დავისაგან, რადგან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს კომპენსაციის თანხის განსაზღვრა და არა თვით კომპენსაციის მოთხოვნა, რაც სასამართლოს 1995წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ ასევე ვერ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მოითხოვს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას, რადგან მოსარჩელე მოითხოვს სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით კომპენსაციის თანხის განსაზღვრას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... ქარხნის გენერალურმა დირექტორმა. კასატორმა მოითხოვა მოცემული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის მოთხოვნა. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაწყდა ჯ. თ-ძის უფლების საკითხი, მაგრამ არ განსაზღვრა კასატორის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, მაშინ მოსარჩელეს თავის დროზე უნდა მოეთხოვა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა საკომპენსაციო თანხის ოდენობის დასადგენად, რაც მას თავის დროზე არ მოუთხოვია; სასამართლომ კი საერთოდ არ მიაქცია ყურადღება ამ გარემოებას. პალატამ ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ჯ. თ-ძემ ... ქარხნის საერთო საცხოვრებელი 1987 წელს ნებაყოფლობით დატოვა და არ გამოუთქვამს იქ დაბრუნების სურვილი, რითაც მან დაკარგა საერთო საცხოვრებლით სარგებლობის უფლება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ჯ. თ-ძემ, როგორც ... ქარხნის თანამშრომელმა, 1995 წელს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ... ქარხნის მიმართ და მოითხოვა დანგრეული საერთო საცხოვრებლის ნაცვლად ბინა ან ფულადი კომპენსაცია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის ადმინისტრაციას დაევალა მოსარჩელე ჯ. თ-ძისათვის, ოჯახის წევრების გათვალისწინებით, გამოენახა სანიტარული ნორმების დაცვით ბინა ან მიეცა შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია.იმის გამო, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ ჯ. თ-ძე არ დააკმაყოფილა ბინით და არც ფულადი კომპენსაცია გადაუხადა, მან 1999 წელს ახალი სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ... ქარხნის წინააღმდეგ და მოითხოვა ფულადი კომპენსაციის კონკრეტული განსაზღვრა, ასევე - ყოველთვიურად ბინის ქირის დაკისრება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ... ქარხნის მოთხოვნა მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რადგან კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. თ-ძის აღიარებითი სარჩელი, რომლითაც აღიარებულ იქნა მისი უფლება, ოჯახის წევრების გათვალისწინებით მოეთხოვა ... ქარხნისათვის სანიტარული ნორმების შესაბამისად ბინა ან სათანადო ფულადი კომპენსაცია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (აღიარებითი სარჩელი). ვინაიდან მოპასუხე ორგანიზაციამ ჯ. თ-ძისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებული უფლება ნებაყოფლობით არ შეასრულა, მან სასამართლოში სარჩელის აღძვრით მოითხოვა აღნიშნული უფლების განხორციელება. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ჯ. თ-ძეს უნდა მოეთხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად ვალდებულება წარმოიშობა კანონით გათვალისწინებული საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზეა ვალდებულია აუნაზღაუროს ჯ. თ-ძეს ზიანი კერძოდ, უზრუნველყოს შესაბამისი საცხოვრებელი ბინით ან მისცეს ფულადი კომპენსაცია. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ვინაიდან კასატორი ნებაყოფლობით არ ასრულებს ვალდებულებას, მოსარჩელე ჯ. თ-ძის ოჯახს არ უზრუნველყოფს ბინით, სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად ჯ. თ-ძეს უფლება აქვს, მოითხოვოს გემთსაშენი ქარხნის მიერ საცხოვრებელი ბინის ღირებულების ფულადი კომპენსაცია იმ ოდენობით, რომელიც საჭიროა ბინის შეძენისათვის. საკასაციო პალატას გონივრულად მიაჩნია კასატორზე დაკისრებული თანხა.

საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერი საფუძველი.D

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

... ქარხნის გენერალური დირექტორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება