Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-894-02 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

დავის საგანი: სახლთმფლობელობიდან რეალური წილის გამოყოფა, ავტოფარეხის გადატანა, გამყოფი კედლის აშენება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქუთაისში, ... მდებარე სახლთმფლობელობა მემკვიდრეობის საფუძველზე, თანაბარი უფლებებით ეკუთვნის სამ ძმას _ ვ., ჟ. და მ. ი-ეებს. ვ. ი-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული საცხოვრებელი და დამხმარე ფართის რეალურად გამოყოფა, პირველ სართულზე მის და ჟ.ი-ის კუთვნილი ფართის გამყოფი ყრუ კედლის ამოშენება და სამანქანო ჭიშკარში საცალფეხო ჭიშკრის გადატანა. მოსარჩელის განმარტებით: ძმები ი-ების სახლთმფლობელობა წარმოადგენს ერთ საცხოვრებელ სახლს 772 კვ.მ საერთო სარგებლობის ეზოთი და მასზე მდებარე სათავსებით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით ჟ. ი-ეს გამოეყო 1/3 რეალური წილი. ვ. და მ. ი-ეებისათვის კუთვნილი წილი არ განუსაზღვრავთ. სასამართლომ ჟ. ი-ეს გამოუყო სახლის ის ნაწილი, რომელსაც იგი ფაქტობრივად ფლობდა, ხოლო ვ. ი-ე მემკვიდრეობის საფუძველზე ფლობს სახლის მეორე სართულზე საცხოვრებელ ოთახებს ფართით 16,50 კვ.მ, 24,90 კვ.მ, დამხმარე 18,0 კვ.მ ფართს, 10,71 კვ.მ, ღია აივანს 3,80 კვ.მ, 7,0 კვ.მ, 5,15 კვ.მ, 5,20 კვ.მ, პირველ სართულზე სამეურნეო ოთახებს 19,55 კვ.მ, 19,11 კვ.მ, 22,63 კვ.მ, 10,31 კვ.მ, 8,0 კვ.მ, 4,48 კვ.მ, 18,0 კვ.მ ღია აივანს მისი სათავსების გასწვრივ 7,0 კვ.მ, 2,05 კვ,მ ეზოში მის მიერ აშენებული სათავსი ლიტ “ბ" 4,05X2,90; 1,30X1,60. ჟ.ი-ე თავის კუთვნილ ნაწილში მისასვლელად საერთო სარგებლობის გზის ნაცვლად იყენებს ვ.ი-ის აივნის ნაწილს, რითაც ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს.

ჟ. ი-ემ შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა თავისი ხარჯით ვ.ი-ის კუთვნილი გარაჟის აღება და სხვა ადგილას გადატანა, ასევე ეზოში შესასვლელი ჭიშკრითა და შესაბამისი ნაკვეთით დამოუკიდებლად სარგებლობის უფლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ჟ. ი-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილა მთლიანად. ვ. ი-ეს გამოეყო ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ფაქტობრივად მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი და დამხმარე ფართები, კერძოდ: მეორე სართულზე საცხოვრებელი ოთახები: 1) 16,50 კვ.მ, 2) 24,90 კვ.მ დამხმარე ფართი 1) 18,0 კვ.მ 2) 10.74 კვ.მ, ღია აივანი 3,80 კვ.მ ჯ 7,0 კვ.მ, ჯნ 20 მმ. პირველ სართულში სამეურნეო ოთახები 1) 19,55 კვ.მ, 2) 14,11 კვ.მ, 3) 22,63 კვ.მ, 4) 10,31 კვ.მ, 5) 8,0 კვ.მ, 6) 4,48 კვ.მ, 7) 1,80 კვ.მ. სათავსი ლიტ “ბ” 4,05მ.X2,90მ. 1,30მ.X1,60მ. უარი ეთქვა ვ. ი-ეს ზეძირკვლის სართულზე 19,55 კვ.მ და 9,21 კვ.მ ოთახებს შორის ყრუ კედლის აშენებასა და ჭიშკრის მდებარეობის შეცვლაზე. დაკმაყოფილდა ჟ. ი-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ქ.ქუთაისში, ... საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სათავსი ლიტ “ბ” გარაჟის (4.05მ.X2,90მ. 1,30მ.X1,60მ.) აღებასა და გადატანაზე, ვ. ი-ის საცხოვრებელი სახლის აივნის ქვეშ, ჟ. ი-ის ხარჯით. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ეზოში შესასვლელი ჭიშკარი გადაკეთდეს ისე, რომ მასში ჩაისვას საცალფეხო ჭიშკარი, აღნიშნულის ხარჯები დაეკისრა ჟ. ი-ეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. ი-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით აპელანტ ვ. ი-ის სააპელაციო საჩივარი მთლიანად დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელე ჟ. ი-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, ქ.ქუთაისში, .. მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ვ.ი-ის კუთვნილი ლიტ “ბ” ავტოფარეხის ვ.ი-ის საცხოვრებელი სახლის ქვეშ გადატანაზე, ეთქვა უარი. ვ.ი-ის სააპელაციო საჩივარი ზეძირკვლის სართულზე 19,55 კვ.მ და 9,21 კვ.მ ოთახებს შორის ყრუ კედლის აშენების შესახებ დარჩა განუხილველი. დანარჩენ ნაწილში 2001წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების თვალსაზრისით არის კანონშეუსაბამო, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და დასკვნები გაკეთებული აქვს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ავტოფარეხის გადატანის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ იხელმძღვანელა შპს “ხ-ს” მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, რითაც დაარღვია საქართველოს სსკ-ს 103-ე მუხლი, გამოიყენა მტკიცებულება, რომელიც მოპოვებული იქნა ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. შპს “ხ-ს” გააჩნია სახელმწიფო ლიცენზია, მხოლოდ საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაზე და ამდენად არ წარმოადგენს საექსპერტო დაწესებულებას. არასაექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩატარების წესს ითვალისწინებს სსკ-ს 167-ე მუხლი, რაც შპს “ხ-ს” მიერ უგულვებელყოფილი იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რის გამოც სასამართლომ დანიშნა განმეორებითი ექსპერტიზა ქ.თბილისში იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრში, რომლის მიერ გაცემული დასკვნითაც ავტოფარეხის გადატანა შეუძლებელია. შპს “ხ-ს” მიერ დასკვნის გაცემამდე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჟ.ი-ის სარჩელის განხილვისას სამკვიდრო შპს “თემიდას” მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებულია, რომ ავტოფარეხის გადატანა შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტოფარეხის არსებობით არ ირღვევა ჟ.ი-ის უფლებები, ვინაიდან, როგორც ადგილზე დათვალიერებით, მოწმეთა ჩვენებებითა და ქ. ქუთაისის ტექბიუროს მიერ გაცემული ცნობებიდან გაირკვა, ავტოფარეხი და სხვა მიშენებები შესრულებულია მანამ, სანამ ჟ.ი-ე სახლის მშენებლობას დაასრულებდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თვით ჟ.ი-ე მის მიერ შესრულებული მშენებლობით მიუახლოვდა ავტოფარეხს და თავი ჩაიყენა იმ შეზღუდულ პირობებში, რომლის გამოც თვითონ დაობს. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ მოცემული ავტოფარეხი აშენებულია ათეულიწ. წინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟ.ი-ეს გაშვებული აქვს ხანდაზმულობის ვადა. ასევე, სკ-ს 157-ე მუხლის თანახმად მემკვიდრეზე მფლობელობა გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი სამკვიდროს დამტოვებელთან. ვ.ი-ის და ჟ.ი-ის საკუთრება გამომდინარეობს მემკვიდრეობით მიღებული უფლებიდან და ორივე მემკვიდრისათვის მამკვიდრებელი იყო ერთი და იგივე პიროვნება, ვინაიდან, ტექბიუროში მინაშენები დაფიქსირებულია 1986-1987 წლებში. როგორც დათვალიერებით დადგინდა, ავტოფარეხი ფაქტიურად ჟ.ი-ის სახლის აივნის საყრდენად არის გამოყენებული. გადაწყვეტილებით ვ. ი-ის მოთხოვნა პირველ სარჩელზე გამყოფი ყრუ კედლის აშენების შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუვლით, რომ აპელანტმა უარი განაცხადა მასზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ი-ემ. მან მოითხოვა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული სსკ-ს 105-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ნორმა, რომლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ვ. ი-ემ შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება ზეძირკვლის სართულში ყრუ კედლის აშენების შესახებ სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრებს და თვლის, რომ ჟ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფლდეს, ხოლო ვ. ი-ის საკასაციო საჩივრის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდეს მხარეთა მორიგების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ძმები ჟ., ვ. და მ. ი-ეები ცხოვრობენ ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში; ძმები ფლობენ ერთ საცხოვრებელ სახლს და 722 კვ.მ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთს. აღნიშნული სახლთმფლობელობა ირიცხებოდა ი-ების დედის, ნ. ი-ის სახელზე. დედის გარდაცვალების შემდეგ 2001წ. 25 იანვარს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე ძმები ჟ., ვ. და მ. ი-ეები ცნობილ იქნენ ... მდებარე სახლთმფლობელობის მემკვიდრეებად თანაბარი წილის უფლებით, ე.ი. თითოეულ მათგანს მიეკუთვნმა 1/3 წილი ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით. ჟ. ი-ეს მისივე სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად რეალურად გამოეყო 1/3 წილი; ამავე გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი დარჩა საერთო სარგებლობაში იმ საფუძვლით, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ნაკვეთის გაყოფა ტექნიკურად შეუძლებლად იქნა მიჩნეული. საქმის მასალების მიხედვით სადავო ავტოფარეხი, რომლის დანგრევასა და გადატანას მოითხოვს ჟ. ი-ე, აგებულია ათწლეულის წინ და წარმოადგენს ვ. ი-ის საკუთრებას.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია; პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია არ არის წამოყენებული. სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნები, რომელსაც ეყრდნობა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა შეფასებული;

სასამართლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ქუთაისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის იმ გამოყოფილ ნაწილში, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის ჟ. ი-ეს, თანამესაკუთრე ვ. ი-ის ავტოფარეხის, მასზე ასასვლელი კიბისა და საქათმის არსებული განთავსებით დარღვეულია ნაგებობის საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესით გათვალისწინებული მანძილები. ამავე დასკვნით განაშენიანებისაგან თავისუფალ ჟ. და ვ. ი-ეების მიერ დაკავებულ ეზოს ნაწილში სტანდარტული ავტოფარეხის მოწყობა ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია განაშენიანებისაგან თავისუფალი ეზოს ფართის სიმცირის გამო.

საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ჟ. ი-ის ინტერესებისა და უფლებების ხელშეშლა ვ. ი-ის კუთვნილი ავტოფარეხის არსებობით.

პალატა თვლის, რომ კასატორის პრეტენზია სკ-ს 170-ე, 172-ე მუხლების დარღვევის შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან ჟ. ი-ე საკუთრების უფლებით არ ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელზეც სადავო ავტოფარეხია განთავსებული, მოდავე ძმები საერთო სარგებლობის უფლებით ფლობენ ეზოს თავისუფალ ნაწილს, რაც გამორიცხავს მისი საკუთრების უფლების ხელყოფას.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ ავტოფარეხი და სხვა მიშენებები შესრულებულია უფრო ადრე, ვიდრე ჟ.ი-ე სახლის მშენებლობას დაასრულებდა და ეს უკანასკნელი მის მიერ შესრულებული მშენებლობით მიუახლოვდა ავტოფარეხის შენობას და 1 თვით ჩაიყენა თავი შეზღუდულ მდგომარეობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს ჟ. ი-ის მოთხოვნის, ვ. ი-ის კუთვნილი ავტოფარეხის დანგრევისა და გადატანის სამართლებრივი საფუძველი.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ჟ. ი-ეს გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან, მართალია, სადავო ავტოფარეხი აგებულია ათეული წლების წინ, მაგრამ სახლთმფლობელობა ძმების, მათ შორის, ჟ. ი-ის საკუთრება მხოლოდ 2001 წელს გახდა. დარღვეული უფლების აღდგენის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა სწორედ ამ პერიოდიდან უნდა აითვალოს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ს მესამე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, ამიტომ ჟ. ი-ისა და ვ. ი-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით: ჟ. ი-ის კუთვნილი 9,21 კვ.მ ფართის მქონე ოთახსა და ვ. ი-ის კუთვნილ 19,55 კვ.მ ოთახს შორის გაკეთდეს ქვის მოაჯირი არა ნაკლებ ერთი მეტრის სიმაღლის.

მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილება, ვ. ი-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში.

სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად სასამართლო მხარეთა განმარტებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება ყრუ კედლის აშენების ნაწილში.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე მუხლის “დ"'პუნქტით, 284-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჟ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ჟ. ი-ესა და ვ. ი-ეს შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:

ჟ. ი-ის კუთვნილ 9,21 კვ.მ ოთახსა და ვ. ი-ის კუთვნილ 19,55 კვ.მ ფართის მქონე ოთახს შორის გაკეთდეს ქვის მოაჯირი არანაკლებ ერთი მეტრი სიმაღლისა.

მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდეს. ვ. ი-ის სასარჩელო მოთხოვნის, ზეძირკვლის სართულში 19,55 კვ.მ და 9,21 კვ.მ ოთახებს შორის ყრუ კედლის აშენების შესახებ განუხილველად დატოვების ნაწილში და შეწყდეს საქმის წარმოება; გაუქმდეს ამ საკითხზე სასამართლოს მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.