Facebook Twitter

¹ 3კ/896-01 27 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. ბ-შვილის შვილია ნი. ბ-შვილი. შ. ბ-შვილის საკუთრებაში აღრიცხულია საცხოვრებელი სახლი, მდებარე ხაშურის რაიონის სოფ. ... მამა-შვილს შორის 1997 წლის 10 აპრილს შინაურული ხელშეკრულება გაფორმდა იმის თაობაზე, რომ შ. ბ-შვილი ერთი წლის განმავლობაში არ გაყიდდა სოფ. ... მდებარე საცხოვრებელ სახლს, თუ ნი. ბ-შვილი ყოველი ექვსი თვის ბოლოს გადაუხდიდა 2000 აშშ დოლარს, ხოლო სახლის ღირებულების ნახევრის გადახდის შემდეგ სადავო საცხოვრებელ სახლს მთლიანად შვილის სახელზე გადააფორმებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლი გაიყიდებოდა და თანხა სანახევროდ გაიყოფოდა.

ვინაიდან შ. ბ-შვილმა არ შეასრულა ზემოაღნიშნული შეთანხმების პირობა, ნი. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მის მიმართ და მოითხოვა ხაშურის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის თაობაზე შ. ბ-შვილთან 1997 წლის 10 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების დადებულად, სადავო სახლის ნახევარზე _ მესაკუთრედ ცნობა.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა: გააუქმა ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ნი. ბ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად ნი. ბ-შვილის (შ. ბ-შვილის დედა) ოჯახი ვერ ჩაითვლება საკოლმეურნეო კომლად, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა მემკვიდრეობა და სამკვიდრო სადავო საცხოვრებელი სახლი აღირიცხა ნი. ბ-შვილის შვილის, შ. ბ-შვილის, სახელზე. შ. ბ-შვილი ჯერ კიდევ 1949 წელს, დედის სიცოცხლეში, წავიდა სამუშაოდ და საცხოვრებლად სოფ. ... იგი კომლის წევრი არასდროს ყოფილა, ამიტომ მისი ვაჟი ნი. ბ-შვილი ვერ ჩაითვლება საკოლმეურნეო კომლის წევრად და სადავო საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის 1997 წლის 10 აპრილს გაფორმებული შინაურული ხელშეკრულება არ მიიჩნია სადავო საცხოვრებელი სახლის ნახევარზე ნი. ბ-შვილის მესაკუთრედ ცნობის საფუძვლად, რადგან აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას გადახდის განვადებით. იმ პერიოდში მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად კი, მისი რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო სასოფლო საბჭოში მისი დადებიდან არა უგვიანეს სამი თვისა, რაც არ მომხდარა. ხელშეკრულების შინაარსიდან ასევე არ ჩანს, რომ შ. ბ-შვილი აღიარებს სახლის ნახევარზე ნი. ბ-შვილის საკუთრების უფლებას.

ნი. ბ-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო საცხოვრებელ სახლზე, როგორც კომლის ქონებაზე, თანამესაკუთრედ ცნობა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კი სახლის თანამესაკუთრედ ცნობა. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სადავო საცხოვრებელი სახლი საკოლმეურნეო კომლის ქონებად რომ ითვლებოდა, ეს დადასტურებულია ხაშურის რაიონული სახელმწიფოს არქივის მიერ გაცემული ცნობით. კომლის წევრები იყვნენ: ნ. ბ-შვილი, შ., კ., ნი. და გ. ბ-შვილები; სადავო საცხოვრებელი სახლი ააშენეს მათი კომლის ძველი სახლის ადგილზე 1979-1982 წლებში. საცხოვრებელი სახლი ძირითადად აშენდა კასატორის სახსრებით; მამა _ შ. ბ-შვილი პენსიონერი იყო, მეორე ჯგუფის ინვალიდი, ხოლო კასატორი კი სამშენებლო ორგანიზაციაში მუშაობდა. სახლის მშენებლობის დასრულებისთანავე, 1982 წელს, გარდაიცვალა ნ. ბ-შვილი და სახლი აღირიცხა კომლის უფროსის, შ. ბ-შვილის, სახელზე, მაგრამ შ. ბ-შვილი დაჰპირდა, რომ ხაშურის რაიონის, სოფ. ... მდებარე საცხოვრებელ სახლს გაუფორმებდა საკუთრებაში. მშობლებმა შემდეგ, კონფლიქტური ურთიერთობების გამო, არ შეასრულეს დანაპირები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ 70-იან წლებში კოლმეურნეობა სოფ. ... გაუქმებული იყო და ამიტომ ნ. ბ-შვილის ოჯახი კომლად ვერ იქნებოდა აღრიცხული, რადგან ხაშურის სახელმწიფო არქივის მიერ მიცემულ ცნობაში მითითებულია, რომ 1982 წელს ბ-შვილის ოჯახი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს. სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, რის საფუძველზე აღირიცხა სადავო საცხოვრებელი სახლი შ. ბ-შვილის საკუთრებაში _ კანონისმიერი მემკვიდრეობის თუ კომლის წევრობის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა სადავო საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით დადებულად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნი. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: დადგენილია, რომ ნ. ბ-შვილის საკუთრებაში აღრიცხული იყო ხაშურის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. ამ სახლის მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო მის სახელზე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ. ბ-შვილის ვაჟმა შ. ბ-შვილმა და შვილიშვილმა ნი. ბ-შვილმა 1997 წლის 10 აპრილს შინაურული ფორმით შეადგინეს ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაფორმდებოდა ნი. ბ-შვილის სახელზე, თუ ის გადაიხდიდა სახლის ღირებულების ნახევარს _ 8000 აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს საცხოვრებელი სახლი გაიყიდებოდა და სანახევროდ გაიყოფოდა თანხა. მამა-შვილს შორის კონფლიქტური ურთიერთობის გამო სადავო საცხოვრებელი სახლის თაობაზე ზემოაღნიშნული შეთანხმება არ შესრულდა _ ნ. ბ-შვილის გარდაცვალების შემდეგ მთელი სახლი აღირიცხა შ. ბ-შვილზე. ამის გამო, ნი. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შ. ბ-შვილის წინააღმდეგ და მოითხოვა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების კანონიერად მიჩნევა, ასევე, სადავო საცხოვრებელი სახლის ნახევრის მესაკუთრედ ცნობა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნი. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი მთლიანად მისი აშენებულია, ხოლო მამამისის, შ. ბ-შვილის, სახელზე უკანონოდ მოხდა ამ სახლის საკუთრებაში აღრიცხვა; ნ. ბ-შვილის ოჯახი საკოლმეურნეო კომლს მიეკუთვნებოდა, კასატორიც კომლის წევრი იყო და სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-ე მუხლის საფუძველზე სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ უნდა ყოფილიყო ცნობილი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ. ბ-შვილის ოჯახი არ მიეკუთვნებოდა საკოლმეურნეო კომლს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნი. ბ-შვილს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. ნი. ბ-შვილის მოთხოვნა საკოლმეუნეო კომლის ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ უსაფუძვლოა იმ მოტივითაც, რომ იგი სადავო საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პერიოდში და შემდგომაც მუშაობდა ამიერკავკასიის მეტალურგმშენის ¹1 სამშენებლო ტრესტის ¹.... სამშენებლო სამმართველოში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად. იგი რამდენიმე ათეული წელია სოფ. ... არის წასული, ცხოვრობს ქ. თბილისში. მართალია, მხარეთა შორის სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ე.ი. ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, მაგრამ იმავე კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა იმ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი. ვინაიდან ნი. ბ-შვილისათვის სადავო საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე სანოტარო წესით დადასტურებული საბუთი არ მოიპოვება, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მას სწორად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნი. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.