3კ-896-02 12 დეკემბერი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ხ.-ა და ა. გ.-ე არიან დედა-შვილი, ხოლო ნა. გ.-ე ამ უკანასკნელის ყოფილი მეუღლეა.
ქ. ფოთში ...-ის ქ. ¹4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა ა. გ.-ის სახელზე.
ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983წ. 23 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნული სახლის მხარეების ოჯახს გამოეყო ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინა.
1991 წელს ოთხოთახიანი ბინა ოჯახის წევრთა თანხმობით გაიცვალა ორ ოთახიან ბინაზე. გაცვლის ორდერის შესაბამისად ქ. ფოთში ...-ის (ამჟამად ...-ისა) ქ. ¹...-ში მდებარე ოროთახიანი ბინა აღირიცხა ნ. ხ.-ს სახელზე. 2002წ. 28 დეკემბერს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ხ.-ა გახდა აღნიშნული ბინის მესაკუთრე. ამ ბინაში ნ. ხ.-ასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდნენ ა. გ.-ე და მისი ყოფილი მეუღლე ნ. გ.-ე, რომლებმაც გაასხვისეს მათი კუთვნილი ოროთახიანი ბინა.
იმის გამო, რომ შვილი და ყოფილი რძალი არ აძლევდნენ ნორმალური ცხოვრების საშუალებას 2001წ. გაზაფხულზე ნ. ხ.-ა იძულებული გახდა გადასულიყო ქალიშვილთან დროებით საცხოვრებლად.
2001წ. ივლისში ნ. ხ.-ამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ა. და ნ. გ.-ეების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სკ-ს 172-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ნ. გ.-ებმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 აპრლის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
ა. და ნ. გ.-ები საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ბინა მიღებულია მისი კუთვნილი სახლის სანაცვლოდ; სასამართლომ არ გამოიყენა 1998წ. 25 ივნისის კანონი “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ”.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. ფოთში ...-ის (ამჟამად ...-ის) ¹...-ში მდებარე ოროთახიანი ბინის ორდერი გაცემული იყო ნ. ხ.-ს სახელზე. 1992წ. 28 დეკემბერს ბინა პრივატიზებული იქნა ნ. ხ.-ს მიერ და იგი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მის საკუთრებად.
სადავო ურთიერთობის გადასაწყვეტად სასამართლომ სწორად არ გამოიყენა კანონი “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ”, რადგან მოპასუხეები არ მიეკუთვნებიან იმ კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეთაAკატეგორიას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ისინი ცნობილი უნდა ყოფილიყვნენ სადავო ბინის თანამესაკუთრეებად. სკ-ს 173-ე მუხლის თანახმად საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. მოპასუხეებს არ მიუღიათ მონაწილეობა ბინის პრივატიზებაში, რის გამოც არ ითვლებიან ბინის მესაკუთრეებად კანონის ძალით. მოსარჩელეს არ გადაუცია ბინის წილზე საკუთრების უფლება რაიმე გარიგების საფუძველზე.
სკ-ს 168-ე მუხლის შესაბამისად ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
საქმის მასალებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მოპასუხეებმა აიძულეს მოსარჩელე დაეტოვებინა მისი კუთვნილი ბინა და გადასულიყო დროებით ქალიშვილთან საცხოვრებლად. ასეთ პირობებში ნ. ხ.-ს მოთხოვნა მისი ვაჟიშვილის და ყოფილი რძლის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე დასაბუთებულ პრეტენზიად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. და ნ. გ.-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.A