Facebook Twitter
3კ-898-02

3კ-898-02 9 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: Dახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს კ/ბ “...-ის” ლიკვიდატორმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს შპს “ტ.-ს” წინააღმდეგ და მოითხოვა 602.882 ლარის შპს “ტ.-სათვის” დაკისრება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენდა მოპასუხის მიერ ბანკიდან გატანილ, დაუბრუნებელ სესხს და მასზე გადასახდელ პროცენტს.

შპს ს/კ “ტ.-მ” სარჩელის განხილვამდე შეგებებული სარჩელით მიმართა იმავე სასამართლოს. შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ “...-ის” და “ტ.-ს” მაშინდელი პრეზიდენტის მიერ “თ.-სთან” გაფორმებულ იქნა ფეხბურთელ ა.-ს ტრანსფერი, რისთვისაც ქუთაისის “ტ.-ს” უნდა ჩარიცხოდა 350000 აშშ დოლარი, მაგრამ ამ თანხიდან მიიღო მხოლოდ 50000 აშშ დოლარი. დანარჩენი თანხა არ მიუღია. შეგებებული სარჩელის ავტორი მოითხოვდა, ტრანსფერით გათვალისწინებული გადაუხდელი თანხა გამოკლებოდა მოსარჩელის მიერ გადასახდელად მოთხოვნილ თანხებს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს ს/კ “ტ.-ს” გადასახდელად დაეკისრა 602882 ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999წ. 19 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთაA კოლეგიის 2000წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ტ.-ს” შპს “...-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 320293 ლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთაA პალატის 2000წ. 19 ივლისის განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ნაწილში დარჩაA უცვლელად. ამავე განჩინებით, შეგებებული სარჩელის განხილვისა და “...-ის” მიერ მოთხოვნილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პროცენტის ანაზღაურების ნაწილში საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთაA კოლეგიის 2000წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს “ტ.-ს” დაეკისრა პროცენტის _ 188407,74 ლარის _ გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით შპს “ტ.-ს” შეგებებულ სარჩელს მოსარჩელისათვის სატრანსფერო თანხის _ 300000 აშშ დოლარის _ დაკისრების შესახებ ეთქვა უარი.

საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ 1999წ. 5 თებერვლამდე, ანუ მოსარჩელისათვის საბანკო ოპერაციების წარმოების უფლების ჩამორთმევამდე და აქედან გამომდინარე, კრედიტზე პროცენტის დარიცხვის შეწყვეტამდე დაკისრებული ძირითადი ვალის _ 320290 ლარის _ წილხვედრი პროცენტი. მისი გაორმაგებული ოდენობა შეადგენდა 188407,74 ლარს, რაც უნდა გადაეხადა მოპასუხეს, ხოლო შეგებებული სარჩელი სატრანსფერო თანხის _ 300000 აშშ დოლარის _ დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს ბანკში შპს “ტ.-ს” ანგარიშზე სატრანსფერო თანხიდან ჩამოერიცხა მხოლოდ 50000 აშშ დოლარი, რაც მიიღო მოპასუხემ. დანარჩენი თანხა შპს “ტ.-ს” ანგარიშზე არ ჩარიცხულა და ბანკს არ წარმოშობია შპს “ტ.-სათვის” სხვა რაიმე თანხის დაბრუნების ვალდებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “ტ.-ს” საკასაციო საჩივარი: გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შპს “ტ.-სათვის” 188407,74 ლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში და საბოლოოდ პროცენტის სახით მას გადასახდელად დაეკისრა 166147 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარი სატრანსფერო თანხის _ 300000 აშშ დოლარის _ ბანკისათვის გადასახდელად დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამ ნაწილში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის შესახებ.

2001წ. 25 ნოემბერს შპს ს/კ “ტ.-ს” დირექტორმა მ. ქ.-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას ამავე სასამართლოს მიერ 2000წ. 28 მარტსა და 2002წ. 31 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს ქუთაისის პროკურატურიდან ამოღებული “ს...-ის” მიერ ორგანიზაციებზე გაცემული კრედიტების პლანშეტი და გერმანიის ქ. ფრანკფურტიდან სატრანსფერო თანხის გადმორიცხვის დამადასტურებელი ფაქტურა, რომელის საფუძველზეც ნათელი გახდა შპს ს/კ “ტ.-ს” კუთვნილი სატრანსფერო თანხის “...-ის” მიერ მიღება. რევიზიის აქტით ასევე დადასტურდა მისთვის სესხის დაბრუნება. აღნიშნული მათთვის ცნობილი გახდა “...-ის” პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ. გამოძიების პროცესში პროკურატურისა და საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის რეგიონალური ბიუროს მიერ მოძიებულ იქნა მასალები, რომლებიც უცნობი იყო შპს “ტ.-სათვის”.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სატრანსფერო თანხის გადმორიცხვისა და “...-ის” კრედიტების პლანშეტის სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში 2000წ. 28 მარტის გადაწყვეტილება 320000 ლარის დაკისრებისა და 2000წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში არ იქნებოდა მიღებული და აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 7 ნოემბრის განჩინებით მიღებულ იქნა წარმოებში, განცხადება ამავე სასამართლოს 2001წ. 29 ნოემბრის განჩინებებით შპს “ტ.-ს” დირექტორ მ. ქ.-ის განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო ამავე სასამართლოს 2002წ. 1 თებერვლის განჩინებით მთლიანად გაუქმდა საოლქო სასამართლოს 2000წ. 28 მარტის გადაწყვეტილება, ხოლო 2000წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმის წარმოება განახლდა.

საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ს/კ “ტ.-ს” ფეხბურთელ ა.-ას სატრანსფერო თანხა _ 50000 აშშ დოლარი _ ქ. ფრანკფურტის ცენტრალური “დ.-დან” შპს “...-ში” გადმოირიცხა და “ტ.-ს” ანგარიშზე ჩაირიცხა. საოლქო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა.-ას სატრანსფერო თანხა _ 149850 აშშ დოლარი _ “...-ში” ჩაირიცხა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს თანხა მიიღო არა “ტ.-მ”, არამედ ვინმე ჩიქვანიამ, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო სატრანსფერო კონტრაქტთან. ქ. ფრანკფურტის ცენტრალურ “დ.-დან” ფეხბურთელ ა.-სთან დაკავშირებული სატრანსფერო თანხების გადმორიცხვის ოპერაციებში მონაწილეობდა ბ. ჯ.-ა, რომელიც იყო როგორც “ტ.-ს” პრეზიდენტი, ასევე _ “...-ის” პრეზიდენტი.

კოლეგიას მიაჩნია, რომ სესხის დასაფარად “ტ.-ს” “...-ისათვის” გადახდილი აქვს 215666 ლარი. აქედან გამომდინარე, კოლეგიამ “...-ის” მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა 320293 ლარის გადახდევინების შესახებ დააკმაყოფილა ნაწილობრივ და შპს “ტ.-ს” დააკისრა 104627 ლარი. ამ შემთხვევაში კოლეგია დაეყრდნო საქართველოს კონტროლის პალატის 5 ივნისის აქტს.

საოლქო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა შპს “ტ.-ს” მოთხოვნა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და “...-ს” შპს “ტ.-ს” სასარგებლოდ გადასახდელად დააკისრა 149850 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

2002წ. 10 ივნისს “...-ის” ლიკვიდატორის წარმომადგენელმა ლ. ს.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ლ. ს.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს საოლქო სასამართლოს მიერ 2002წ. 29 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების, ამავეწ. 1 თებერვლის 2001წ. 7 და 29 ნოემბრის განჩინებების გაუქმებას.

კასატორის აზრით, საოლქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია შპს “ტ.-ს” მიერ წარმოდგენილი პლანშეტი და იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის რეგიონალური ბიუროს მიერ შედგენილი აქტი ახლად აღმოჩენილ გარემოებად. აქედან გამომდინარე, არაკანონიერად გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 28 მარტისა და 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებები.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. ფრანკფურტის ცენტრალური “დ.-დან” 149850 აშშ დოლარის გადმორიცხვის დამადასტურებელი ფაქტურა არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. ტრანსფერის თანხა თბილისის “თ.-მ” გადმოურიცხა ბ. ჯ.-ს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე. ასეთი დავალება ბ. ჯ.-ს შეეძლო მიეცა, როგორც შპს “ტ.-ს” პრეზიდენტს და არა “...-ის” პრეზიდენტს, რაც არ წარმოადგენდა “...-ისთვის” ამ თანხის მოთხოვნის საფუძველს. მ. ჟ.-მ, როგორც “დ.-ის” კლიენტმა, 1995წ. 5 თებერვალს ბანკს მისცა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ. მ. ჟ.-მ ეს თანხა გადმორიცხა “...-ში” ბ. ჩ.-ს ანგარიშზე. სასამართლოსათვის ყველა ეტაპზე იყო ცნობილი ბ. ჯ.-ს მიერ მითითებულ ანგარიშზე “თ.-ს” ტრანსფერის თანხების გადარიცხვა.

კასატორის აზრით, წარმოდგენილი პლანშეტი არის “ტ.-სათვის” გაცემული და დაბრუნებული თანხების თავმოყრა. მასში მითითებული თითოეული გადარიცხვა ეყრდნობა შესაბამის საბუღალტრო დოკუმენტს, რომლებიც თავის დროზე წარმოდგენილი იყო სასამართლოში და რომელსაც ეყრდნობოდა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას.

კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს სსკ-ს 426-ე მუხლის თანახმად განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თავის ვადაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

საოლქო სასამართლომ ახლადაღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია 2001წ. 5 ივნისის თარიღით შედგენილი აქტი, რომელსაც ხელს აწერს განცხადების შემტანი შპს “ტ.-ს” დირექტორი მ. ქ.-ე. ამ აქტის შესაბამისად მ. ქ.-ისათვის ცნობილი იყო მის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებებად მიჩნეული პლანშეტის და ვალის დაბრუნების, ასევე სატრანსფერო თანხების გადარიცხვის დეტალები ჯერ კიდევ 2001წ. 5 ივნისისათვის, ხოლო მან განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანა 2001წ. 25 ოქტომბერს, ანუ ვადის დარღვევით, ამიტომ საოლქო სასამართლოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად უნდა მიეჩნია და განუხილველად უნდა დაეტოვებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე”, “ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლითYსაქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

გარემოებები, რომლებზეც საქმის განხილვის დროს მხარეს თავისი ბრალის გარეშე მითითება არ შეეძლო, განმცხადებელს არ წარმოუდგენია. საქმის განხილვის დროს მხარეს შეეძლო, წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, ასევე მოეთხოვა სასამართლოს მიერ დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “ტ.-ს” დირექტორ მ. ქ.-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ცნობილი იყო როგორც საოლქო, ისე _ უზენაესი სასამართლოსათვის საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

პალატა თვლის, რომ განმცხადებლის მიერ წრმოდგენილი პლანშეტი არ ადასტურებს მის მიერ ვალის დაბრუნებას.

უდავოდ დადგენილია, რომ “ტ.-მ” “...-საგან” ხელშეკრულებით მიიღო კრედიტი. ამას ადასტურებს 1997წ. 30 აგვისტოს, 30 სექტემბრის, 9 ოქტომბრის, 1998წ. 23 თებერვლისა და 27 მარტის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებით განისაზღვრა პროცენტი და პირგასამტეხლო.

ასევე დადგენილია, რომ “ტ.-მ” დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მას დაეკისრა კრედიტით მიღებული თანხის პროცენტთან ერთად დაბრუნება.

ასევე უდავოდ დადგენილია, რომ სატრანსფერო თანხიდან შპს “ტ.-ს” ჩაერიცხა 49987 აშშ დოლარი, რაც მან მიიღო, ხოლო სხვა თანხები შპს “ტ.-ს” ანგარიშზე არ ჩარიცხულა.

მართალია, მ. ჟ.-ს მიერ “...-ში” გადმოგზავნილია 149850 აშშ დოლარი, მაგრამ იგი გადმოგზავნილია არა შპს “ტ.-ს” ანგარიშზე, არამედ ვინმე ჩიქვანიას ანგარიშზე, რაც არ აძლევს შპს “ტ.-ს” “...-ისაგან” ამ თანხის მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები სატრანსფერო თანხის მოძრაობის შესახებ წარმოადგენს ახალ გარემოებას, ვინაიდან ამ დოკუმენტების არსებობა იმთავითვე ცნობილი იყო სასამართლოსათვის და შეგებებულ სარჩელს სწორედ ამის საფუძველზე ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, თითქოსდა “ტ.-ს” გადახდილი აქვს საერთო სასესხო დავალიანების თანხიდან 215666 ლარი შპს “...-ის” სასარგებლოდ. საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის რეგიონალური ბიუროს აქტი ამის საფუძველს არ იძლევა.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საერთო სასესხო დავალიანებიდან შპს “ტ.-ს” “...-ისათვის” დაბრუნებული აქვს ნაწილი თანხებისა, მაგრამ ეს თანხები გადაუხდელ ძირითად ვალს _ 320293 ლარს _ კი არ შეიძლება დააკლდეს, არამედ საერთო დავალიანებას, რაც სესხად იყო აღებული და დაბრუნებას ექვემდებარებოდა პროცენტთან ერთად. საერთო დავალიანება კი 539986,95 ლარს წარმოადგენდა, რომლის ნაწილზეც გავრცელდა ხანდაზმულობის ვადა, ნაწილი კი გაქვითული იქნა შესაბამისი გადახდებით და საბოლოო ჯამში მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა ძირითადი თანხა 320293 ლარი (2000წ. 28 მარტის გადაწყვეტილება), ხოლო პროცენტი _ 166147,98 ლარი (2001წ. 16 მარტის გადაწყვეტილება).

სსკ-ს 426-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილი გარემოება. E

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “ტ.-სთვის” 2001წ. 5 ივნისს ცნობილი იყო მის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეული აქტი და ამ აქტში მითითებული, როგორც პლანშეტის, ვადის დაფარვის მიზნით გადარიცხული თანხების და სატრანსფერო თანხების ჩარიცხვის შესახებ მონაცემების არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და საქმის წარმოებით განახლების საფუძველს, საოლქო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო შპს “ტ.-ს” განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად მიეჩნია თუნდაც განცხადებაში მითითებული გარემოებები მართლაც ახლად აღმოჩენილი ყოფილიყო, ვინაიდან გაშვებული იყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოებით განახლების შესახებ განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. განცხადება შეტანილ იქნა 2001წ. 25 ოქტომბერს, მაშინ, როცა განმცხადებლისათვის მის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული გარემოებები ცნობილი იყო 2001წ. 5 ივნისისათვის.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “...-ის” ლიკვიდატორის წარმომადგენელ ლ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება, ამავეწ. 1 თებერვლის, 2001წ. 7 და 29 ნოემბრის განჩინებები და საფეხბურთო კლუბ “ტ.-ს” განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.