საქმე # 120100124008883446
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1235აპ-24 ქ. თბილისი
ჩ-ი გ, 1235აპ-24 14 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის განაჩენით:
1.1. გ. ჩ-ი, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ გ. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2023 წლის 5 ნოემბრიდან იმავე წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.
1.2. გაუქმდა გ. ჩ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ყადაღა უნდა მოეხსნას გ. ჩ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 7000 ლარის ფარგლებში ი. ჩ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ა-ი, სოფელი ა-ი, საკადასტრო კოდით .... (განჩინება N12/064-23წ 15.11.2023 წ). ასევე უნდა გაუქმდეს დამატებითი ღონისძიებები.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ-მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 5 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ.ა-ში, რ-ის ქუჩის N..-ში მდებარე ბინა N..-ში გ. ჩ-ი ყოფილ მეუღლეს - მ. ხ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში;
· 2021 წლის აგვისტოდან 2023 წლის 5 ნოემბრამდე ჩათვლით დროის პერიოდში, ქ.ა-ში, გ. ჩ-ი ყოფილ მეუღლეს - მ. ხ-ს, მათივე არასრულწლოვანი შვილის - ა. ჩ-ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართავდა, რამაც დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ცვლილებით. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. გ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. საქართველოს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2023 წლის 5 ნოემბრიდან იმავე წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.
3.3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
3.4. გ. ჩ-ს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
3.5. ცნობად იქნა მიღებული, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 7000 ლარის ფარგლებში ი. ჩ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ა-ი, სოფელი ა-ი, საკადასტრო კოდით ... (განჩინება N12/064- 23წ. 15.11.2023 წ.).
4. კასატორმა - ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ მ. ხ-ისა და მოწმეების - ა. ჩ-ის, გ. ხ-ის, ვ. ხ-ის, ნ. ს-ის, რ. ჩ-ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ გ. ჩ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
11. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის აღიარება და სინანული ჩადენილი ქმედებების გამო; ის გარემოება, რომ გ. ჩ-მა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, პირველადაა სამართალში, მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გ. ჩ-მა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან არ არსებობს ძალადობის ან მუქარის განმეორების რისკი; ასევე აღარ იღებს ალკოჰოლურ სასმელს და ითხოვა პატიება; პატიმრობიდან გათავისუფლებიდან (2023 წლის 8 ნოემბრიდან) სასამართლოში საქმის განხილვამდე არ წარმოდგენილა ინფორმაცია გ. ჩ-ის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხის შესახებ, რაც მიუთითებდა, რომ თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლას არ ექნება შემაკავებელი ეფექტი, რაზე დაყრდნობითაც შეუფარდა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. ამდენად, განაჩენში ცვლილების საფუძველი არ არსებობს.
12. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, გ. ჩ-მა მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე - 2024 წლის 1 ივლისამდე - ჩაიდინა, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე