3კ-902-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. დ.-მ სარჩელი აღძრა არასრულწლოვან ლ. შ.-ის კანონიერი წარმომადგენლის (დედა) _ ი. გ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებანი: 1998წ. 20 ივლისს მან ი. შ.-სთან სანოტარო წესით 1340 ლარზე გააფორმა სესხის ხელშეკრულება. თანხის გადაცემის შემდეგ ლ. დ.-ს უნდა ეცხოვრა ი. შ.-ის ბინაში, რადგან მიაჩნდა, რომ გადაცემული თანხა წარმოადგენდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად გადახდილ “ბეს”. თანხის გადაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ ი. შ.-ი გარდაიცვალა.
მოსარჩელემ ბინაში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, შეიძინა: შპალერი 30 ც. _ 360 ლარი; კაფელი 35 კვ.მ _ 595 ლარი; მეთლახი 8 კვ.მ _ 120 ლარი; ელ. გაყვანილობის სპილენძის მავთული 200 მ. 80 ლარი; თეთრი ქაღალდი 30 ც. _ 90 ლარი; სამი ონკანი _ 130 ლარი; საღებავი 3 ქილა _ 30 ლარი; ემულსია _ 70 ლარი; წყლის გამაცხელებელი “არისტონი” 1 ც. _ 220 ლარი; ტელეფონი და სხვადასხვა წვრილმანი, საერთო ღირებულება შეადგენს 1695 ლარს. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული თანხის, ასევე სესხის სახით ი. შ.-ისათვის გადაცემული 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 1000 აშშ დოლარი. სარჩელს ნივთების დაბრუნების ან ღირებულების ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვა. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნივთების ბინაში მიტანის ფაქტი არ დასტურდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. ი. გ.-ი სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ ი. შ.-ი ბინის მესაკუთრე არ იყო, რის გამოც მიაჩნია, რომ ხელშეკრულება ბათილია და თანხა ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელად მას არ უნდა დაეკისროს. ლ. დ.-მ სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითა, რომ მოპასუხის მოქმედების გამო იგი იძულებული შეიქმნა ბინა დაექირავებინა და მოითხოვა ბინის ქირის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 მარტის გადაწყვეტილება ი. გ.-ზე 1000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შეიცვალა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ლ. დ.-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ლ. შ.-ის წარმომადგენელ ი. გ.-ს ლ. დ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1340 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი:
ლ. დ.-სა და ი. შ.-ს შორის 1998წ. 20 ივნისს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ლ. დ.-მ ი. შ.-ს გადასცა 1340 ლარი, უპროცენტოდ. სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულების ბათილობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობს; სასამართლომ მიუთითა სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მიიჩნია, რომ სადავო თანხა 1340 ლარის მოცულობით უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ სადავო ნივთები მოპასუხის მფლობელობაში არ არის.
ლ. დ.-ის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა საჩივრით გაზარდა დავის საგანი, რაც სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ს 387-ე მუხლზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ი. გ.-ი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. კერძოდ, 1998წ. 20 ივნისის ხელშეკრულება ყალბია, რადგან ი. შ.-მ ქართული ენა არ იცოდა და იგი ხელშეკრულებაზე ხელს ქართულად ვერ მოაწერდა. საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზის დასკვნითაც არაა დადასტურებული, რომ ხელმოწერა ი. შ.-ს ეკუთვნის; საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ხელშეკრულების დადებისა და ნოტარიულად მისი დამოწმების დროს _ 1998წ. 20 ივნისს, ი. შ.-ი იმყოფებოდა ულტრასონოგრაფიის ცენტრში, ე.ი. ავად იყო და ვერ შეძლებდა ნოტარიუსთან მისვლას. სასამართლომ კი ამ მტკიცებულებებს სათანადო შეფასება არ მისცა.
ლ. დ.-ი შეგებებული საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეზე 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ნივთების ღირებულების, ასევე, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას შემდეგი საფუძვლით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებულია ნივთების დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში. სასამართლოს აღმასრულებელი, რომელმაც აღწერა ბინაში არსებული ქონება, მას შემდეგ მივიდა სადავო ბინაში, როცა მოწინააღმდეგე მხარემ გადამალა სადავო ნივთები (სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მიზიდული საამშენებლო მასალა). საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, სანოტარო რეესტრით ირკვევა, რომ სესხის ხელშეკრულება დადებული იყო 1000 აშშ დოლარზე და არა 1340 ლარზე, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ დაადგინა.
კასატორი მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისროს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, მოპასუხის არამართლზომიერი მოქმედების შედეგად იძულებულია იცხოვროს ქირით. ბინის ქირას _ 50 ლარს _ იხდის 4წ. მანძილზე, ზიანი შეადგენს 2400 ლარს; სარემონტო მასალებში გადაიხადა 1695 ლარი. ე.ი. კასატორი ითხოვს სულ 4095 ლარის ანაზღაურებას მატერიალური ზიანისათვის, ხოლო მორალური ზიანისათვის _ 500 ლარს, ასევე, ითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს სესხის _ 1000 დოლარის გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს კასატორ ი. გ.-ის საკასაციო პრეტენზიას (საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევით) 1998წ. 20 ივნისის ხელშეკრულების სიყალბის შესახებ, რადგან სსკ-ს 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს, აგრეთვე, სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე ან ადრე წარმოდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლოს სხდომაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნამდვილობის შესახებ სასამართლოს მიერ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე რამდენიმეჯერ დაინიშნა და ჩატარდა ექსპერტიზა, მათ შორის გრაფოლოგიური ექსპერტიზა. მხარის (მოპასუხის) მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და ექსპერტიზის დასკვნებით არ დადასტურდა საბუთის (ხელშეკრულების) სიყალბე.
სსკ-ს 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამორიცხავს საბუთს მტკიცებულებიდან, თუ მივა იმ დასკვნამდე, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გამოიყენა აღნიშნული ნორმა და 1998წ. 20 ივნისის ხელშეკრულება არ მიიჩნია ყალბად, რადგან მისი სიყალბე არ დადასტურდა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ი. შ.-მ არ იცოდა ქართული ენა და ამიტომ იგი ხელშეკრულებას ქართულად ხელს ვერ მოაწერდა. უდავოა, რომ ხელშეკრულებაზე ი. შ.-ის ხელმოწერა ქართულადაა შესრულებული. სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით მტკიცების ტვირთი მხარეებს აწევთ და მათ უნდა წარუდგინონ სასამართლოს თავიანთი მოსაზრებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი. დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულებანი სასამართლოში არ წარუდგენია.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორ ლ. დ.-ის საკასაციო პრეტენზიას, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა მოპასუხეს 1340 ლარი ნაცვლად 1000 დოლარისა. დადგენილია, რომ 1998წ. 20 ივნისის სესხის ხელშეკრულებით ი. შ.-მ ისესხა 1340 ლარი. მართალია, სანოტარო რეესტრში 1000 აშშ დოლარია მითითებული, მაგრამ სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებეით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სკ-ს 624-ე მუხლით სესხის ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით შეიძლება დაიდოს წერილობითი ფორმით. დავის შემთხვევაში ხელშეკრულების დადების ნამდვილობა უნდა დადასტურდეს სწორედ წერილობითი ხელშეკრულებით და არა სხვა რაიმე მტკიცებულებით (მაგ. სანოტარო რეესტრის ჩანაწერით). სხვა რაიმე წერილობითი მტკიცებულებებით სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურებას ითვალისწინებს სკ-ს 624-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ზეპირი ფორმითაა დადებული.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას სასამართლო გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის შესახებ ნივთების დაბრუნების თაობაზე სარჩელზე უარის თქმის ნაწილში. სსკ-ს 102-ე მუხლით მტკიცებულებათა სასამართლოში წარდგენის ვალდებულება მხარეებს ეკისრებათ. ლ. დ.-მ ვერ დაასაბუთა, რომ სადავო ნივთები ნამდვილად მიიტანა ბინაში და იგი მოპასუხემ მიითვისა.
პალატას დაუშვებლად მიაჩნია კასატორის მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რადგან სსკ-ს 406-ე მუხლით დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. გ.-ის და ლ. დ.-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.