3კ-903-02 18 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: სადაზღვევო თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 14 აგვისტოს ა. კ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს სადაზღვევო კომპანია “...-ის’’ წინააღმდეგ და მოითხოვა დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად კუთვნილი თანხის ანაზღაურება. სარჩელში აღნიშნა, რომ 2001წ. 19 მარტს ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც, ავტომანქანა BMჭ-ს მძღოლთან ერთად დაიღუპა მისი ვაჟი ბ. კ.-ე.
აღნიშნული ავტომანქანა დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანია “...-ში’’ (პოლისი ¹000936), რის საფუძველზეც მოსარჩელემ “...-ისაგან’’ მოითხოვა დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 3750 ლარის ოდენობით. აგრეთვე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 2% და წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების 500 ლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ავტომანქანა BMჭ IVA-258 ეკუთვნოდა გ.შ.-ს, რომელმაც იგი გაასხვისა ვ. ჯ.-ზე. ამ უკანასკნელმა კი რ. ფ.-ეს გადასცა მინდობილობის გარეშე. მოპასუხე აღნიშნავს იმ ფაქტსაც, რომ 2001წ. 9 თებერვალს გაცემულ სადაზღვევო პოლისს, მისი მიმღების სახით, ხელს აწერს გ. შ.-ი. აწ განსვენებულ გ.შ.-თან სატელეფონო საუბრის თანახმად, მას ხელი არ მოუწერია ზემოთხსენებული სადაზღვევო პოლისისათვის, ანუ ხელისმოწერა გაყალბებულია. ვ. ჯ.-ც უარყოფს მის მიერ ზემოთხსენებულ პოლისზე ხელის მოწერის ფაქტს და სავარაუდო ხელმომწერად ასახელებს რ. ფ.-ეს. სადაზღვევო კომპანია “...-მ’’ მოითხოვა საქართველოს 1997წ. 27 ივნისის “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ’’ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხის _ შპს სადაზღვევო კომპანია “...-ის’’ შეცვლა სათანადო მოპასუხით _ სავალდებულო დაზღვევის ფონდით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებით ა. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს სადაზღვევო კომპანია “...-ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხა 3750 ლარი, პროცენტი 787 ლარი და სასამართლო ხარჯები 500 ლარი, სულ _ 5037 ლარის გადახდა.
აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს სადაზღვევო კომპანია “...-მ’’ და მიუთითა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ სკ-ს ნორმებს და უგულებელყო საქართველოს კანონი “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ.’’
აპელანტმა მიუთითა, რომ აღნიშნული კანონის თანახმად სადაზღვევო კომპანია დაზღვეულის წინაშე კისრულობს ვალდებულებას მატერიალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე, ანუ იმ პირის წინაშე, რომლებთანაც გააფორმა პოლისი. კონკრეტულ შემთხვევაში დაზღვეულ პირს წარმოადგენდა გ. შ.-ი და არა რ. ფ.-ე.
აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ა. კ.-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს სადაზღვევო კომპანია “...-ის’’ სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2001წ. 19 მარტს თბილისში, წერეთლის გამზირზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ავტომანქანა BMჭ, რომელსაც მართავდა რ. ფ.-ე და ავტომანქანა “ჰონდა’’, რომელსაც მართავდა თ. ჯ.-ი, შეეჯახნენ ერთმანეთს. ავარიის შედეგად BMჭ-ს მძღოლთან _ რ.ფ.-ესთან ერთად გარდაიცვალა მოსარჩელის შვილი _ ბ. კ.-ე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ავტომანქანა BMჭ წარმოადგენს გ. შ.-ის საკუთრებას, რომლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანია “...-ის” მიერ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რ. ფ.-ე ავტომანქანას მართავდა მინდობილობის გარეშე, ამასთან სასამართლომ მიიჩნია, რომ რ.ფ.-ის მიერ ავტომანქანის მართლზომიერად მართვის შემთხვევაშიც სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ შეიძლება დადგეს, რადგან რ.ფ.-ის სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ იყო დაზღვეული, ხოლო ავტომანქანის მესაკუთრის გ.შ.-ის სახელზე არსებული სადაზღვევო პოლისი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სადაზღვევო კომპანიის მიერ საზღაურის გაცემის საფუძვლად. აქედან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადაზღვევო კომპანია მხოლოდ დაზღვეულის წინაშე კისრულობს ვალდებულებას მატერიალური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების თაობაზე. დაზღვეულ პირს კი წარმოადგენდა ავტომანქანის მესაკუთრე გ.შ.-ი, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოუხდენია.
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ’’ კანონის მე-2, მე-3, მე-4 მუხლები და სკ-ს 839-ე მუხლი.
საოლქო სასამართლოს 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს არჩილ კ.-ის წარმომადგენლებმა ა. კ.-მ და ვ. კ.-მ.
კასატორები მიუთითებენ, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ’’ კანონის ნორმები და არ გამოიყენა აღნიშნული კანონის მე-17, 21-ე, 22-ე და სკ-ს 992-ე და 999-ე მუხლის მე-4 პუნქტი. კასატორების მოსაზრებით არასწორია საოლქო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის განმარტება, რომ “ავტოტრანსპორტის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს მისი პირადი და არა ზოგადად მისი ავტომანქანის ნებისმიერი მფლობელის პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოტრანსპორტზე’’.
კასატორების განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ BMჭ-ს მძღოლი რ. ფ.-ე მინდობილობით მართავდა მას თუ უიმისოდ, ვინაიდან ავტომობილის მესაკუთრეს _ გ.შ.-ს სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეული ჰქონდა შპს სადაზღვევო კომპანია “...-ში’’, მზღვეველი ვალდებულია ა. კ.-ს აუნაზღაუროს ზიანი, ხოლო თავის მხრივ შეუძლია ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირისაგან რეგრესის წესით აინაზღაუროს გაწეული ხარჯი.
კასატორები მოითხოვენ სსკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 2001წ. 19 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მოსარჩელის შვილი _ ბ. კ.-ე. სადავო ავტომანქანის _ მესაკუთრე არის გ. შ.-ი, რომლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანია “...-ის” მიერ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ რ.ფ.-ე ავტომანქანას მართავდა მინდობილობის გარეშე, რაც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საქმის მასალებით ირკვევა, რომ რ.ფ.-ეს სადავო ავტომანქანა გადაცემული ჰქონდა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რ.ფ.-ე მინდობილობით მართავდა ავტომანქანას თუ მის გარეშე, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არა აქვს მნიშვნელობა.
საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სკ-ს 999-ე მუხლი და არასწორად განმარტა “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლები.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის “ბ’’ პუნქტის თანახმად ავტომოტოტრანსპორტის მფლობელი არის ნებისმიერი პირი, რომლის საკუთრებაშია ავტომოტოტრანსპორტი ან მართლზომიერად განაგებს მას.
სკ-ს 999-ე მუხლის I ნაწილის თანახმად მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სუბიექტური შემადგენლობის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც კანონიერი საფუძვლებით ფლობს სატრანსპორტო საშუალებას.
სატრანსპორტო საშუალების მფლობელად არ ჩაითვლება პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას მფლობელის ნებართვის გარეშე ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე (მძღოლები, მემანქანეები და სხვა) ანდა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
სკ-ს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. ამასთან მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
მითითებული ნორმის თანახმად მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოიშობა, თუ იგი სატრანსპორტო საშუალებას გადასცემს სხვა პირს ან, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია ავტომანქანის სამართავად, ანდა მფლობელის ბრალის გამო შესაძლებელი გახდა მისი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება. აქედან გამომდინარე მფლობელის ზიანის ანაზრაურების ვალდებულება (სამოქალაქო პასუხისმგებლობა) წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. ე.ი. არა აქვს მნიშვნელობა ვინ მართავს სატრანსპორტო საშუალებას.
სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა არ დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით).
აღნიშნულიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის სუბიექტის განსაზღვრა ეფუძნება იურიდიულ და არა ფიზიკურ მფლობელს.
სკ-ს 843-ე მუხლი ითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობას სავალდებულო დაზღვევისას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფალია დამზღვევის წინაშე მოვალეობისაგან, მისი პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ძალაშია სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ავტოტრანსპორტის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ყოველ ავტომოტოტრანსპორტზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ავტომოტოტრანსპორტის მფლობელს ეძლევა სადაზღვევო პოლისი წარმდგენზე, რომელშიც ფიქსირდება ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური მონაცემები.
სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი კისრულობს ვალდებულებას ამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში გაათავისუფლოს დაზღვეული იმ მატერიალური პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ეკისრება ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო (მუხლი 4).
ამდენად, ავტომანქანის მფლობელები მოვალენი არიან დააზღვიონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. დაზღვეულის პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი ავტომანქანის ექსპლუატაციას, ე.ი. არა აქვს მნიშვნელობა ვინ მართავს ავტომანქანას, ზიანი უნდა მოჰყვეს დაზღვეულის ავტომანქანის ექსპლუატაციას. სადაზღვევო პოლისით იფარება ავტომობილის ექსპლუატაციით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა. აღნიშნულის დადასტურებაა ის გარემოება, რომ დაზღვევის ვალდებულების შესრულება კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან. საგზაო პოლიციის ორგანოებს ევალებათ არ გაატარონ ტექნიკურ დათვალიერებაზე ის ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც გაფორმებული არა აქვს შესაბამისი დაზღვევა (მუხლი 6).
უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს მიყენებული ზიანისათვის კომპენსაცია დამზღვევისაგან კონკრეტული ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობისაგან დამოუკიდებლად. თავის მხრივ დამზღვევს შეუძლია რეგრესული სარჩელი წარადგინოს ზიანის მიმყენებლის წინააღმდეგ.
“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის თანახმად მზღვეველს, რომელმაც დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი, უფლება აქვს მფლობელს რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა შემდეგ შემთხვევებში:
ა)ზიანის განზრახ მიყენებისას;
ბ)ავტომოტოტრანსპორტის ალკოჰოლური, ტოქსიკური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას;
გ)მართვის უფლების გარეშე ავტომოტოტრანსპორტის მართვისას.
მოთხოვნა რეგრესის წესით წარედგინებათ აგრეთვე პირებს, რომლებიც არაკანონიერად ფლობდნენ ავტომოტოტრანსპორტს, აგრეთვე ტექნიკურ დათვალიერებაზე პასუხისმგებელ ორგანოს, თუ დადასტურდა ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების წესების დარღვევით გატარების ფაქტი.
ამდენად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დროს ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილია დაზარალებული მესამე პირის დარღვეული უფლებების დაცვა. სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ამ კანონის თანახმად ძალაშია. სადაზღვევო კომპანია მოვალეა დაზარალებულს აუნაზღაუროს ზიანი და შემდგომ კი რეგრესული სარჩელით მოითხოვოს ბრალეული პირისაგან გადახდილი თანხების დაბრუნება.
ამ კანონის 22-ე მუხლის თანახმად დაზარალებულის ინტერესები დაცულია ასევე იმ შემთხვევაში, როცა ზიანი გამოწვეულია დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტით, დაუდგენელი და გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით. ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის ფონდიდან.
მოცემულ საქმეზე ავტომანქანა, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დადგენილია. ავტომანქანა გატაცებული არ ყოფილა და ამ ავტომანქანის მფლობელის პასუხისმგებლობა დაზღვეული იყო მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის მიერ. აქედან გამომდინარე სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის ფონდიდან ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარება. დაზარალებულს ზიანი უნდა აუნაზღაუროს მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ, რადგან ამ კომპანიის მიერ დაზღვეული იყო ავტომანქანის მფლობელის _ გ.შ.-ის პასუხისმგებლობა და მისი ავტომანქანის ექსპლუატაციის შედეგად გარდაიცვალა მოსარჩელის შვილი.
სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის მე-11 მუხლის თანახმად დაზარალებულის სიკვდილის შემთხვევაში სადაზღვევო თანხის სიდიდე შეადგენს 3750 ლარს. ამავე კანონის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მიყენებული ზიანისათვის საზღაურის გაცემის დაუსაბუთებლად შეჩერების შემთხვევაში მზღვეველი დაზარალებულს უხდის საურავს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით.
მოსარჩელე მოითხოვდა სადაზღვევო თანხას _ 3750 ლარს, საურავს _ 787 ლარს და სასამართლო ხარჯებს _ 500 ლარის ოდენობით, სულ 5037 ლარის ანაზღაურებას. საკასაციო საჩივრით მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა საურავის ნაწილში და საბოლოოდ მოითხოვა 6087 ლარის ანაზღაურება.
სსკ-ს 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 5037 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
ა. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
შპს სადაზღვევო კომპანია “...-ს” დაეკისროს ა. კ.-ის სასარგებლოდ 5037 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.