საქმე # 330100124008701644
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №953აპ-24 ქ. თბილისი
თ. ო-ი რ, 953აპ-24 14 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ზედელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის განაჩენით:
1.1. რ. თ. ო-ი, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
1.2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 12 იანვრის განჩინებით რ. თ. ო-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
1.3. რ. თ. ო-ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2024 წლის 11 იანვრიდან იმავე წლის 12 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. თ. ო-იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 12 დეკემბერს, ქ. მ-ის მოთხოვნის საფუძველზე, ოჯახის წევრის - რ. თ. ო-ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღით. აღნიშნული ორდერის მიხედვით, რ. თ. ო-ის განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - ქ. მ-ან, მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება. ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და მესამე პირების მეშვეობით.
· მიუხედავად იმისა, რომ რ. თ. ო-ი გაფრთხილებულ იქნა შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2024 წლის 3 იანვარს, 4 იანვარს და 6 იანვარს რ. თ. ო-იმ მობილურ ტელეფონზე არაერთხელ დაურეკა ქ. მ-ს. აღნიშნულით მსჯავრდებულმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რითაც ქ. მ-ს მიადგა მორალური ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ზედელაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ რ. თ. ო-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ქ. მ-ისა და მოწმეების - თ. მ-ის, მ. კ-ს, ლ. მ-ას გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და თანდართული ფოტოსურათით, №.. შემაკავებელი ორდერითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ რ. თ. ო-ის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ანა ზედელაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ. თ. ო-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
11. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ რ. თ. ო-ის სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, პირველადაა სამართალში, უდავოდ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მოცემულ საქმეზე რ. თ. ო-ის მიერ პატიმრობაში გატარებული პერიოდი, ხოლო პატიმრობიდან გათავისუფლებიდან (2024 წლის 12 იანვრიდან) სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე არ წარმოდგენილა ინფორმაცია რ. თ. ო-ის მიერ პირობის დარღვევის, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხის შესახებ, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაუთვალა პირობით (საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ). ამდენად, აღნიშნული სასჯელი კანონიერია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
12. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, რ. თ. ო-მ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე - 2024 წლის 1 ივლისამდე - ჩაიდინა, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ზედელაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. თ. ო-ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე