საქმე # 330100122005735971
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №923აპ-24 ქ. თბილისი
გ-ა გ, 923აპ-24 14 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. გ-ს, - დაბადებულს ... წლის … ნოემბერს, - ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 19 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. თ-ში, ა-ის ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. გ-ამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ვ. დ-ს მარცხენა მაჯის არეში მჭრელი თვისების მქონე საგნით მიაყენა დაზიანება, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევი გ. გ-ა, 2022 წლის 19 მარტს, დაახლოებით 00:04 საათიდან 00:05 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თ-ში, ა-ის ქუჩის №..-ში მდებარე სს „ფ-ის“ კუთვნილ სუპერმარკეტ „ს-ში“ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 175,20 ლარად ღირებულ სარეალიზაციო პროდუქციას - Le Caucase XO ლიქიორს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის განაჩენით:
2.1. გ. გ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა გ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2.3. გამართლებულ გ. გ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჟვანიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენის გაუქმება, გ. გ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორ მაია ჟვანიას მითითებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გ. გ-ს მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა გ. გ-ს ბრალეულობა მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებებში.
7. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი:
7.1. საკასაციო სასამართლო დაზარალებულ ვ. დ-ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ფაქტის შეფასებისას უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს მისი და ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმის - ე. ა-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ვ. დ-სა და მოწმე ე. ა-ის მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებს შორის იკვეთება მკვეთრი წინააღმდეგობები, რაც წარმოშობს გაუქარწყლებელ ეჭვებს მომხდართან დაკავშირებით, კერძოდ:
7.2. სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ვ. დ-მა და მოწმე ე. ა-მა განმარტეს, რომ 2022 წლის 19 მარტს 00:05 საათზე, იმყოფებოდნენ ა-ის ქუჩაზე, რა დროსაც №.. სახლთან შეხვდათ სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ყველაზე მაღალმა ძალით გაჰკრა მხარი ე. ა-ს და მათი გაშველების მიზნით ვ. დ-ნი ჩადგა მათ შორის, ხოლო სამი უცნობიდან ყველაზე დაბალმა, რომელიც იქნებოდა 165-170 სმ სიმაღლის, დანით მიაყენა დაზიანება მარცხენა წინამხარში. დაზარალებულის ჩვენებით, გარკვევით დაინახა, რომ ეს იყო დანა, თუმცა მისი აღწერა ვერ შეძლო; გამოძიების ეტაპზე, 2022 წლის 19 და 20 მარტის გამოკითხვის ოქმებში უთითებდა, რომ თავდამსხმელის ხელში რაიმე ნივთი ან დანის მსგავსი საგანი არ დაუნახავს. მოწმე ე. ა-მა 2022 წლის 19 მარტის გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა მაღალი მამაკაცი, რომელმაც მას თავდაპირველად გაჰკრა მხარი, რაც თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის ვ. დ-ის ჩვენებასთან, რომელიც ადასტურებს, რომ განსაკუთრებით აგრესიული იყო დაბალი მამაკაცი და მას თანმხლები ორი პირი აკავებდა.
7.3. გარდა აღნიშნულისა, დაზარალებულ ვ. დ-ისა და მოწმე ე. ა-ის ჩვენებებით დგინდება, რომ პიროვნება, რომელმაც ვ. დ-ს დანა დაარტყა, ფოტოსურათით ამოცნობის დროს ამოიცნეს სიმაღლით, იერით, თმებით, ასაკით, თვალებით; იყო გამხდარი და იქნებოდა 16-დან 20 წლამდე, რასთან დაკავშირებითაც ირივე მათგანმა განსხვავებული ინფორმაცია ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას. 2022 წლის 19 მარტის გამოკითხვის ოქმებში მათ დააფიქსირეს, რომ თავდამსხმელი იყო 20-23 წლის.
7.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ პირთა მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები არ გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ მათ განსხვავებულად მიუთითეს თავდამსხმელის ასაკი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, ასევე, ვ. დ-სა და ე. ა-ის ჩვენებები, რომლის თანახმადაც, გ. გ-ას თანმხლები ერთ-ერთი პირი, პირველი გამოკითხვის დროს ეგონათ გოგო, ვინაიდან ის სხვებისგან განსხვავებით მშვიდად იქცეოდა და არ გამოხატავდა აგრესიას, მაგრამ მეორე გამოკითხვისას აღნიშნეს, რომ სამივე თავდამსხმელი იყო ბიჭი და ჩვენებებს შორის სხვაობა პირველი გამოკითხვის დროს არსებული შოკური მდგომარეობით ახსნეს, რაც ცხადია, ვერ ჩაითვლება დამაჯერებელ და საფუძვლიან არგუმენტად. იმ პირობებში, როდესაც შემთხვევის დღეს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებიდან გამომდინარე, რომლის შინაარსიც (თავად დაზარალებულისა და მოწმე ე. ა-ის ჩვენებებით) არ ესმოდათ, გაუგებარია, რამ გამოიწვია მათი შოკური მდგომარეობა და მათ ჩვენებში არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტების არსებობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოსაზრებას, რომლის თანახმად, დაზარალებულებისა და მოწმის ჩვენებების მიხედვით, შეუძლებელია 2022 წლის 19 მარტს, თ-ში, ა-ის ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტის ერთიანი სურათის აღდგენა და ვ. დ-ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ჩადენაში გ. გ-ას მონაწილეობის ფაქტის დადგენა. ამდენად, დაზარალებულ ვ. დ-ისა და ე. ა-ის ჩვენებები, რომლებიც შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, ვერ აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ.
7.5. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტაციას დაზარალებულ ვ. დ-სა და მოწმე ე. ა-ის მიერ გ. გ-ას ფოტოსურათებით ამოცნობასთან მიმართებით. დასახელებულმა მოწმეებმა ჩვენებებში განმარტეს, რომ არ ახსოვთ როგორ მოხდა ამოცნობა, წარუდგინეს რამდენიმე ფოტო. სურათები კომპიუტერში აჩვენეს თუ ფურცელზე, ან ერთად თუ ცალ-ცალკე არ ახსოვთ. ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან არცერთი არ მიუთითებდა მათ ნასამართლობაზე, ყველა პირი გამოსახული იყო ერთნაირ ფონზე. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, საქმეში წარმოდგენილ, დაზარალებულ ვ. დ-ის მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში, №4 ფოტოსურათზე, დაზარალებულის მიერ ამოცნობილი პირი - გ. გ-ა გამოსახულია სიმაღლის საზომის ფონზე. შესაბამისად, ამ ფორმით ჩატარებული ამოცნობა ვერ დაედება საფუძვლად გამამტუნებელ განაჩენს, ვინაიდან წარმოადგენს პირდაპირ მინიშნებას და ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესს. ამასთან, ამოცნობის ოქმებში, როგორც დაზარალებული, ისე მოწმე - ე. ა-ჩი აღნიშნავენ, რომ გ. გ-ა ამოიცნეს სახით, თვალებით, ტუჩებით, ქართული იერით, თმებით, ვარცხნილობით; თუმცა, საგულისხმოა, რომ მათივე განმარტებით, კონფლიქტის დროს, უცნობ მამაკაცს თავზე ეხურა კაპიუშონი და ზოგადი გვარეობითი ნიშნების გარდა, არ მიუთითებია ამოცნობილი პირის ინდივიდუალურ ნიშნებზე, რაც კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ აყენებს მათი ჩვენებების სანდოობას.
7.6. ამასთან, ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმების კანონიერების შეფასების თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია არაერთი საპროცესო ნორმის არსებითი დარღვევით, კერძოდ, განსახილველ საქმეში (სფ. 88-91) წარმოდგენილია გ. გ-ას, შ. კ-ას, თ. ხ-ისა და ლ. ც-ის ანკეტები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზიდან მოძიებულ იქნა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ყველა დასახელებულ დოკუმენტზე, მარცხენა ზედა მხარეს მითითებულია ბეჭდვის დრო და მომხმარებლის ვინაობა, ხოლო გ. გ-ას, თ. ხ-ისა და ლ. ც-ის ანკეტებზე, ზემოთხსენებული მონაცემები, კალმით არის გადახაზული (დაფარული), შ. კ-ას ანკეტაზე კი მითითებულია ბეჭდვის დრო - 2022 წლის 31 მარტი, 13:48:19, რაც ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ 2022 წლის 20 მარტს ამოცნობის ჩატარების დროს, შ. კ-იას ანკეტა არ იყო მოძიებული. ასეთ შემთხვევაში, თუ ამომცნობ პირებს წარედგინათ სამი ფოტოსურათი, საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის უხეში დარღვევით, ვინაიდან ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ სამი სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისა და ამოსაცნობისაგან. საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები საფუძველს აცლის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმების კანონიერებასა და უტყუარობას, მათ დასაშვებობასა და სანდოობას, მიუთითებს კანონმდებლობის არსებით დარღვევებზე და ერთობლიობაში ქმნის ამ მტკიცებულებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს, რაც თავის მხრივ, სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გამორიცხავს გ. გ-ას ბრალეულობას ვ. დ-ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ჩადენაში.
7.7. ამავდროულად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საგამოძიებო ორგანოში მოწმე ე. ა-ჩი მეორედ გამოკითხა გამომძიებელმა გ. ხ-მ 2022 წლის 20 მარტს, 18:50 საათიდან 20:10 საათამდე პერიოდში. მოწმის გამოკითხვის ოქმს აშკარად ეტყობა საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და დასრულების დროის გადაკეთების კვალი, კერძოდ, დასრულების დროდ, გადაკეთების მიუხედავად, იკითხება 21 საათი და 40 წუთი; მაშინ როდესაც, დაზარალებულ ვ. დ-ის მონაწილეობით ფოტოსურათით ამოცნობა, აღნიშნული საგამოძიებო ოქმის თანახმად, ჩატარებულია 2022 წლის 20 მარტს, 21:25 საათიდან, 21:55 საათამდე დროის პერიოდში, გამომძიებელ გ. ხ-ის მიერ, რაც ფიზიკურად შეუძლებელია, ვინაიდან, ერთი და იგივე გამომძიებელი ერთდროულად ორ საგამოძიებო მოქმედებას ვერ ჩაატარებდა. შესაბამისად, სწორედ ამით აიხსნება მოწმე ე. ა-ის გამოკითხვის ოქმში მოწმის გამოკითხვის დასრულების თარიღის ჩასწორების ფაქტი, რაც თავისთავად საეჭვოს ხდის დაზარალებულ ვ. დ-ის მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის კანონიერებას და ზემოთმითითებული დარღვევები ვერანაირიად ვერ ჩაითვლება ტექნიკურ უზუსტობად, როგორც ეს განაცხადა ბრალდების მხარემ.
7.8. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტებიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებსა და მათი დათვალიერების ოქმებზე, საკასაციო სასამართლოს აზრით, ეს მტკიცებულებები არ არის რელევანტური იმ საკითხის შეფასებისათვის, თუ ვინ მიაყენა დაზიანება ვ. დ-ს; ჩანაწერებზე დაზარალებულისა და მოწმე ე. ა-ის მიერ მითითებულ დროსა და ადგილზე - ა-ის ქუჩის №..-ში, ფიქსირდება მხოლოდ სამი დაუდგენელი მამაკაცის (მათი სახეები არ ჩანს) გადაადგილების ფაქტი და არაფერია დადასტურებული განსახილველ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები, თავისი შინაარსით, არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გ. გ-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას დაზარალებულის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის.
7.9. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ამოღების ოქმები, ამოღებული ტანსაცმელი, სამედიცინო დოკუმენტაცია და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნა, რომელთა მიხედვით, დადასტურებულია, რომ მარცხენა მკლავზე ვ-ის დ-ის ტანსაცმელი იყო დაზიანებული და სხეულზეც, მარცხენა წინამხარზე, გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ქირურგიულად დამუშავებული გაკერილი ჭრილობის სახით. ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს 19.03.2022 წელს, მაგრამ საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივი ანალიზის საფუძველზე არ ქმნის ფაქტის უტყუარად მიჩნევის საფუძველს, რომ ვ. დ-ს დაზიანება მიაყენა გ. გ-მ. დასახელებული მტკიცებულებები, მართალია, მიუთითებენ დაზიანებაზე როგორც გამოსაკვლევი პირის სხეულზე, ასევე მისგან ამოღებულ ტანსაცმელზე, თუმცა, უტყუარად ვერ ადასტურებენ ვერც მათი მიმყენებელი პირის ვინაობას და იმ გარემოებებს, რომელშიც დაზარალებულმა დაიზიანა სხეული და ტანსაცმელი.
7.10. დაზარალებულ ვ. დ-ის დაზიანების მიყენების ფაქტზე არაინფორმატიულია საქმეზე დაკითხული გამომძიებლების - უ. ხ-ის, გ. ბ-ის, ვ. გ-ის, თ. ს-ს, ტ. ბ-ის, გ. ა-ის, გ. ხ-ის, ზ. გ-ის, თ. რ-ის, ბ. ა-ის, ი. ქ-ის, მ. უ-ისა და ი. მ-ის ჩვენებები, რომლებიც ინფორმაციას იძლევიან დაზარალებულ ვ. დ-ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემდგომ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერებათან დაკავშირებით, ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და მათთვის უცნობია თუ როგორ განვითარდა შემთხვევის ადგილზე მოვლენები დანაშაულის ჩადენის დროს. მათი ჩვენებები ირიბია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
8. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები:
8.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში ასევე არ მოიპოვება რაიმე უტყუარი მტკიცებულება გ. გ-ას მიერ სს „ფ-ის“ კუთვნილ სუპერმარკეტ „ს-ან“ 175,20 ლარის ღირებულების ლიქიორის ფარულად დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც უტყუარად მიანიშნებდა გ. გ-ზე, როგორც ქურდობის ჩამდენ პირზე.
8.2. ბრალდების მხარის ვერსია გ. გ-ას მიერ ქურდობის ჩადენასთან დაკავშირებით ემყარება მხოლოდ თ-ში, ა-ის ქუჩის №..-ში მდებარე, სს „ფ-ის“ მაღაზია „ს-ის“ №...-ე ფილიალის შიდა პერიმეტრისა და მისი მიმდებარე ობიექტების - ა-ის ქუჩის №..-ში მდებარე სავალუტო ჯიხურიდან, ა-ის ქუჩის №...-ში მდებარე „პსპ ფ-ას“ №..-ე ფილიალიდან და ა-ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოთხოვილი გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით წარმოშობილ ვარაუდებს, საიდანაც დასტურდება ის ფაქტი, რომ 2022 წლის 19 მარტს, 00:00-00:10 საათამდე პერიოდში, სამი მამაკაცი ნამდვილად შედის თ-ში, ა-ის ქუჩის №..-ში მდებარე სს „ფ-ის“ 152-ე მაღაზიათა ქსელ „ს-ის“ შენობაში, ორი მათგანი უბეში იდებს ლიქიორს, კონიაკს და თანხის გადაუხდელად ტოვებენ შენობას. ჩანაწერების მიხედვით, შეუძლებელია მათზე ასახული პირების იდენტიფიცირება, ვინაიდან სახეზე უკეთიათ პირბადეები, თავზე ახურავთ კაპიუშონი და არ უჩანთ სახე, რაც გამორიცხავს მხოლოდ მასზე დაყრდნობით მოცემულ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესაძლებლობას; არც ბრალდების მხარეს წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც მოხდებოდა რომელიმე მათგანის ვიზუალური მონაცემების გარკვევა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩანაწერები, არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობას არ ქმნის, არამედ არ წარმოადგენს იმის მტკიცების საფუძველსაც კი, რომ გ. გ-ა შემთხვევის დროს იმყოფებოდა მითითებულ ადგილზე. საქმეში არ არსებობს ისეთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა აღნიშნულ პერიოდში, გ. გ-ს ყოფნას შემთხვევის ადგილზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №404აპ-16, №410აპ-16), ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და გ. გ-ა გაამართლეს მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე