გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-906-02 1 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: საწარმოს დირექტორის ბრძანების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 31 აგვისტოს რეგისტრაციაში გატარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ლ.”, რომლის წესდების 1.3 მუხლის შესაბამისად საზოგადოება წარმოადგენს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სახაზინო საწარმო საბაჟო ტერმინალი “ლ.-ის” სამართალმემკვდირეს.
საზოგადოების დირექტორის მიერ 2001წ. 28 ივნისს გამოცემულ იქნა ¹12 ბრძანება კვების ბლოკის ლიკვიდაციის შესახებ.
ბრძანებაში მითითებულია, რომ კვების ბლოკის საფინანსო სამეურნეო საქმიანობის უარყოფითი შედეგებიდან გამომდინარე 2001წ. 1 ივლისიდან უნდა შეჩერებულიყო კვების ბლოკის ფუნქციონირება, ხოლო 1 სექტემბრიდან კვების ბლოკი ლიკვიდირებული უნდა ყოფილიყო. ამასთან, ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად კვების ბლოკში მომუშავე თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად ადმინისტარცია გაფრთხილებიდან ორი თვის ვადის გასვლის შემდეგ მათთან მოშლიდა შრომის ხელშეკრულებას და დაითხოვდა სამუშაოდან.
2001წ. ივლისში შპს “ლ.-ის” კვების ბლოკის დირექტორის ც. ტ-ის წარმომადგენელმა რ. რ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს “ლ.-ის” დირექტორის ბრძანების გაუქმება და კვების ბლოკის საზოგადოებიდან ნატურით გამოყოფა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა შპს “ლ.-ის” დირექტორის ბრძანების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო კვების ბლოკის ნატურით გამოყოფის მოთხოვნას ეთქვა უარი.
სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ლ.-ის” დირექტორმა. მან მოითხოვა ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით ამ საქმეზე სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს “ლ.-ის” დირექტორის 2001წ. 28 ივნისის ¹12 ბრძანება.
პალატა მიუთითებს, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47.3 მუხლის “გ” პუნქტის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წარმოების სახეების და სამეურნეო საქმიანობის დაწყების, მათი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება.
საქმეში წარმოდგენილი შპს “ლ.-ის” წესდების 3.1 მუხლის შესაბამისად საზოგადოების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კლიენტებისათვის თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე საყოფაცხოვრებო მომსახურების გაწევა, მათ შორის _ საზკვების ბლოკის ფუნქციონირება. კვების ბლოკის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება განეკუთვნება საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრების კომპეტენციას.
გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ ილახება მოსარჩელის უფლებები, მოცემულ საქმეზე სასამართლოსათვის მიმართვის უფლება გააჩნდა მხოლოდ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს, როგორც შპს ,,ლ.-ის” ერთადერთ პარტნიორს და მოსარჩელე არის არასათანადო. კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა სამეურნეო საქმიანობის დაწყება-შეწყვეტასთან, არამედ _ სტრუქტურულ ცვლილებებთან.
კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47.3 მუხლის “გ” პუნქტის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წარმოების სახეების და სამეურნეო საქმიანობის დაწყების, მათი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს
შპს “ლ.-ის” წესდების 3.1 მუხლის შესაბამისად საზოგადოების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კლიენტებისათვის თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე საყოფაცხოვრებო მომსახურების გაწევა, მათ შორის _ საზკვების ბლოკის ფუნქციონირება. კვების ბლოკის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება განეკუთვნება საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრების კომპეტენციას. წესდების 6.7.7. მუხლის თანახმად პარტნიორთა კრების კომპეტენციაში შედის ისეთი საკითხის გადაწყვეტა, როგორიცაა წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა.
კვების ბლოკის ლიკვიდაცია, პალატის აზრით, ასევე ნიშნავს წარმოების ერთ-ერთი სახის შეწყვეტას, რაც პარტნიორთა კრების მიერ უნდა განხორციელდეს.
პალტა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ ილახება მოსარჩელის უფლებები. კვების ბლოკის ლიკვიდაცია უშუალოდ არის დაკავშირებული მოსარჩელის სამსახურებრივ საქმიანობასთან და შრომით უფლებებთან. Aაღნიშნულის გამო, ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოში მიმართვის უფლება გააჩნდა მხოლოდ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს, როგორც შპს ,,ლ.-ის” ერთადერთ პარტნიორს და მოსარჩელე არის არასათანადო.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა სამეურნეო საქმიანობის დაწყება-შეწყვეტასთან, არამედ _ სტრუქტურულ ცვლილებებთან.
თუ წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება არაკომპეტენტური ორგანოს მიერ წესის დარღვევით იყო დაწყებული, ეს არ ნიშნავს, რომ წარმოების სახეების და სამეურნეო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ასევე წესის დარღვევით უნდა იქნეს მიღებული.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა სამეურნეო საქმიანობის დაწყება-შეწყვეტასთან, არამედ სტრუქტურულ ცვლილებებთან. მოცემულ შემთხვევაში სტრუქტურული ცვლილებები იწვევს სამეურნეო საქმიანობის ერთი სახის შეწყვეტას.
პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის დაცვით და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ლ.- ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.