Facebook Twitter

საქმე N 020142223701101851

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №26აგ-24 1 ნოემბერი, 2024 წელი

ლ-ა მ., №26აგ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით, მ. ლ–სა, (დაბადებული: ....) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მე-7 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 27 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარი.

მსჯავრდებულ მ. ლ–სას სასჯელის მოხდის ათვლა დაიწყო – 2011 წლის 2 მაისიდან.

იმავე განაჩენით მსჯავრდებულნი იქნენ: მ–ა, მ–ა და რ–ა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ მ. ლ–ს მიმართ 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ლ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ მ. ლ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. მ–მა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განჩინება გაუქმდა და სააპელაციო სასამართლოს მიეთითა დაეშვა მსჯავრდებულ მ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს შუამდგომლობა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენი (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენის გათვალისწინებით) მ. ლ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.

8. 2024 წლის 13 ივნისს მსჯავრდებულ მ. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მა საკასაციო წესით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენის გაუქმება.

9. კასატორის პოზიციით, სასამართლო ეყრდნობა მ–ს ჩვენებას, რომლიც წამებისა და არადამიანური მოპყრობის შედეგად იძულებული იყო მიეცა აღიარებითი ჩვენება და თანამონაწილედ დაესახელებინა მ. ლ–ა. საბოლოოდ, მ–ს მხრიდან მ. ლ–ას თანამონაწილედ დასახელება განპირობებული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად. კერძოდ, მ–ზე ხორციელდებოდა ფიზიკური ძალადობა აღიარებითი ჩვენების მიღებისა და მ. ლ–ს თანამონაწილედ დასახელების მიზნით, რაც დადასტურებულია ფოთის საქალაქო სასამართლოსა და შემდეგ უკვე უზენაესი სასამართლოს განაჩენებით. სწორედ ამიტომ მიუთითა უზენაესმა სასამართლომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს რათა დაეშვა დაცვის მხარის შუამდგომლობა განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის თაობაზე, თუმცა ამგვარი მითითების მიუხედავად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხელახლა არ გამოიკვლია მტკიცებულებები, იმ მოტივით, რომ ისინი უკვე გამოკვლეული იყო. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია ყველა ის მტკიცებულება, რაც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს, რაც არ განუხორციელებია და რითაც არამარტო უგულებელყო ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილება, არამედ დაარღვია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ვინაიდან საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის ძირითადი არგუმენტები შეეხება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უგულებელყოფასა და მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღების შედეგად სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფას, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დგინდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ე​1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ - კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

5. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობის საფუძვლები და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის მტკიცებულებითი სტანდარტი. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა არსებობდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის რომელიმე საფუძველი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს რომ გადასასინჯ განაჩენში აპრიორი უნდა შევიდეს ცვლილება. ამ შემთხვევებში სასამართლო სწორედ ახლად გამოვლენილი გარემოების ფარგლებში, აფასებს და მსჯელობს რამდენად არსებობს გამოტანილი განაჩენის გაუქმების ან/და შეცვლის წინაპირობები.

6. მოცემულ შემთხვევაში, განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენი, რომელთა საფუძველზეც დადგენილი გარემოებები გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო. 2011 წლის 23 აგვისტოს ჩხოროწყუს რაიონული სასამართლო მ. ლ–ს მსჯავრდების ნაწილში სხვა მტკიცებულებებთან ერთად დაეყრდნო, თანაბრალდებულ – მ–ს აღიარებით ჩვენებას (მიღებულია იძულების და ზეწოლის შედეგად). ხსენებულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდა, მ–ს მამხილებელი ჩვენების მხედველობაში მიუღებლად, ახალი ფაქტობრივი გარემოების გაანალიზებით, სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება თუ არა მტკიცებულებათა ერთობლიობა მ. ლ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, იმის თაობაზე, რომ მ–ას ჩვენება, რაც მიღებული იქნა მისი იძულებისა და ზეწოლის შედეგად, რომლითაც იგი ამხელდა მ. ლ–ს - არ გამორიცხავს მ. ლ–ს ბრალეულობას ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში. საგულისხმოა, რომ მ–ს მიერ გამოძიებასა და ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოში მიცემული მამხილებელი ჩვენებების გაუთვალისწინებლადაც სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ გადასასინჯი განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობას მ. ლ–ს მსჯავრდების ნაწილში. კერძოდ: დაზარალებულ ო–ას, მოწმე რ–ას ჩვენებები, 2011 წლის 18 ივლისის, N....... ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, რ–აას საცხოვრებელ სახლში და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, 2011 წლის 18 ივნისის (ქ-ში ჩატარებული) ამოღების ოქმი, მ–ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, მ. ლ–ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, 2011 წლის 18 ივნისის ჩხრეკის ოქმი, ნარკოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ბალისტიკური ექსპერტიზის N.. დასკვნა, თანდართული ფოტო-ტაბულა, სასამართლო-ბიოლოგიური ექსპერტიზის N.. დასკვნა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N....... დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N.......... ექსპერტიზის დასკვნები, შპს ,,......დან“, შპს ,,...–დან“ და შპს ,,......დან“ მიღებული სატელეფონო ზარების დეტალური მონაცემები ქმნიან საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რითაც უტყუარად დასტურდება მ. ლ–ას ბრალეულობა მჯავრადშერაცხილ დანაშაულებში.

8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და უნდა დარჩეს უცვლელად.

9. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის დროს საქმეში არსებული მტკიცებულებების ხელახლა არ გამოკვლევამ გამოიწვია მ. ლ–ს მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების უკანონობა, რამაც გამოიწვია სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მ. ლ–ს მიმართ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარიმართა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა დაცვით. საქმის მასალებით დგინდება, რომ ერთადერთი ახალი გარემოება, რაც გამოვლინდა იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დადგენილი გარემოებები, რაც ეხებოდა მ–ს მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენას და რაც არ იყო ცნობილი საქმის განხილვის დროს. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოხდა მ–აიას ხელახლა დაკითხვა, ხოლო აწ უკვე გამოკვლეული მტკიცებულებების თავიდან გამოკვლევის სამართლებრივი საფუძველი არ გამოვლენილა. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი კუმულაციურია. კერძოდ, იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია ორი პირობის ერთდროულად არსებობასთან. კანონის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ სასამართლოსთვის წარდგენილი ახალი ფაქტი ან მტკიცებულება გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ უნდა ყოფილიყო ცნობილი და ამავდროულად თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად უნდა ამტკიცებდეს მსჯავრდებულის უდანაშაულობას. მოცემულ შემთხვევაში, კი ახალი გარემოების არსებობის მიუხედავად, მ–ს მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენება სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, არ არის საკმარისი მ. ლ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შესაცვლელად/გასაუქმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე, 314-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე