¹ 3კ-908-02 18 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება და სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ფ.-ი 1990 წლიდან მუშაობს თიანეთის რაიკოოპერატივის ... ბაზრის დირექტორად.
1991წ. 1 სექტემბერს თიანეთის რაიკოოპერატივის გამგეობამ დადო საიჯარო ხელშეკრულება 10 წლის ვადით. მეიჯარემ _ თიანეთის რაიკოოპერატივის გამგეობამ მოიჯარეს _ ... ბაზრის კოლექტივს იჯარით გადასცა ბაზრის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობები და ინვენტარი.
აღნიშნული ხელშეკრულების 6.7 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების მონაწილე არცერთი მხარე საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ არ განაცხადებდა ხელშეკრულების შეცვლის ან შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელებულად ჩაითვლებოდა იმავე პირობებით.
1997წ. 30 ოქტომბერს ცეკავშირის წევრად საერთო კრებამ დააფუძნა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ეროვნული ალიანსი, რომლის ერთ-ერთი წევრია თიანეთის რაიონული კოოპერატივი.
თიანეთის სამომხმარებლო კოოპერატივის ახალი წესდების შესაბამისად ... ბაზარი გარდაიქმნა კოოპერატივის ფილიალად, რომელიც სასამარათლომ გაატარა რეგისტრაციაში.
თიანეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ივლისის დადგენილებით თიანეთის სამომხმარებლო კოოპერატივის ფილიალი _ ... ბაზარი ლიკვიდირებულ იქნა.
თიანეთის რაიკოოპერატივსა და .... ბაზრის საიჯარო კოლექტივს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 2001წ. 1 სექტემბერს საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო. თიანეთის რაიკოოპერატივის გამგეობის 2001წ. 24 აგვისტოს დადგენილებით მოიჯარეს უარი ეთქვა ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რის შესახებაც 2001წ. 27 აგვისტოს წერილით ეცნობა საიჯარო საწარმოს დირექტორ გ. ფ.-ს.
თიანეთის რაიკოოპერატივის 2001წ. 6 სექტემბრის ბრძანებით გ. ფ.-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით _ საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
2001წ. ოქტომბერში გ. ფ.-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების და სამუშაოზე აღდგენის შესახებ იმ საფუძვლით, რომ საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ არც ერთ მხარეს არ განუცხადებია ხელშეკრულების შეცვლის ან შეწყვეტის შესახებ; ხელშეკრულება ითვლება გაგრძელებულად იმავე ვადით და იმავე პირობებით; მოპასუხემ სამსახურიდან გაათავისუფლა უკანონოდ.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე დროს სასამართლომ დაადგინა გ. ფ.-ის სამუშაოდან განთავისუფლების ფორმულირების შეცვლა შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ.-მა. სააპელაციო პალატის 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვლავ არ დაკმაყოფილდა გ. ფ.-ის სასარჩელო მოთხოვნები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მართალია, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობები მხარეთა შორის წარმოიშვა 1991 წლიდან, მაგრამ მხარეთა ეს ურთიერთობები გაგრძელდა 2001წ. 1 სექტემბრამდე, რის გამოც გამოყენებული უნდა ყოფილიყო მოქმედი სამოქალაქო კოდექსი.
სასამართლომ ჩათვალა, რომ საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლა წარმოადგენდა გ. ფ.-ის თანამდებობიდან დათხოვნის საფუძველს; .... ბაზრის დირექტორის შტატი ლიკვიდირებული იყო 2000წ. 28 ივლისიდან; სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანების ფორმულირების შეცვლით სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებულად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, ხოლო სამუშაოზე აღდგენის ნაწილში უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა შორის წარმოიშვა 1991წ. 1 სექტემბრიდან და გრძელდებოდა 2001წ. 1 სექტემბრამდე. სააპელაციო პალატამ სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სწორად გამოიყენა მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმები.
საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავიდა 2001წ. 1 სექტემბერს.
სკ-ს 581-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკურლების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ამავე კოდექსის 559-ე მუხლის თანახმად ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულების ვადა გავიდა 2001წ. 1 სექტემბერს. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე თიანეთის რაიონული კოოპერატივის გამგეობამ უარი განაცხადა საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რაც დასტურდება თიანეთის კოოპერატივის გამგეობის 2001წ. 24 აგვისტოს დადგენილებით. აღნიშნულის შესახებ 2001წ. 27 აგვისტოს წერილობით ეცნობა საიჯარო საწარმოს დირექტორ გ. ფ.-ს.
არ შეიძლება გაზიარებულ იქნას კასატორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ 1998წ. 22 ოქტომბერს რაიკოოპერატივის საიჯარო ... ბაზრის ფილიალის სახით რეგისტრაციაში გატარებით მხარეთა შორის გაგრძელდა ხელშეკრულება ახალი ვადით. საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება შესაძლებელი იყო მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ გ. ფ.-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლება არასწორად დაუკავშირა საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლას. გ. ფ.-ი თიანეთის ... ბაზრის დირექტორად დაინიშნა საიჯარო ხელშეკრულების დადებამდე _ 1990 წელს.
... ბაზრის, როგორც თიანეთის რაიკოოპერატივის ფილიალის, ლიკვიდაცია წარმოადგენდა სამუშაოდან დათხოვნის კანონით გათვალისწინებულ ისეთ საფუძველს, რაც თიანეთის რაიკოოპერატივის 2001წ. 6 სექტემბრის ბრძანებით არ ყოფილა გათვალისწინებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილება საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩეს უცვლელად.
გ.ფ.-ის სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.