Facebook Twitter

საქმე # 330141224010195072

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1001-24 15 ნოემბერი, 2024 წელი

ნ. ვ. 1001-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ნ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით ვ. ნ–ე, – პირადი №.........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

1.1. ვ. ნ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 16 ივნისიდან.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 15 ივლისის N......... გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ ვ. ნ–ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით 2 წლით, 8 თვითა და 18 დღით;

2.1. შინაპატიმრობის ვადა აეთვალა პენიტენციური დაწესებულების დატოვების დღიდან;

2.2. ვ. ნ–ე გათავისუფლდა პატიმრობიდან 2024 წლის 15 ივლისს.

3. 2024 წლის 10 ოქტომბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ვ. ნ–ს პირადი საქმე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ნ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 1/6-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 15 ივლისის N……… გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელი – შინაპატიმრობა 2 წლით, 8 თვითა და 18 დღით და, საბოლოოდ, განესაზღვრა – შინაპატიმრობა 2 წლით, 3 თვით და 5 დღით.

5.1. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ნ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას და მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით – ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებას, ნაცვლად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 15 ივლისის N…….. გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის შემცირებისა. კასატორის მტკიცებით, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი უთითებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირებაზე და არა – მოსახდელად დარჩენილ სასჯელზე.

7. მსჯავრდებულ ვ. ნ–ს პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2024 წლის 14 ნოემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებ, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა; მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია;

2.1. მოცემულ შემთხვევაში, ვ. ნ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაზეც არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლები და რომელიც, იმავდროულად, არ არის მითითებული ამავე კანონის მე-7 მუხლში.

3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. ნ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირების თაობაზე, რასაც სადავოდ არც კასატორი მიიჩნევს.

4. რაც შეეხება ვ. ნ–ს მოთხოვნას, რომ მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა 7 წლით), ნაცვლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 15 ივლისის N…….. გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის შემცირებისა, – საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 15 ივლისის N……….. გადაწყვეტილებით (მსჯავრდებულ ვ. ნ–ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით 2 წლით, 8 თვითა და 18 დღით) საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის სახე, რომლის მიმართაც კასატორი ითხოვს ამნისტიის გამოყენებას, შეიცვალა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმ სასჯელზე, რომელიც საჩივრის განხილვის დროისათვის აღარ არსებობას.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ნ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე