გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-243-231(კ-06) 27 სექტემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა,
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: სახელმწიფო ჯილდოებისათვის ფულადი პრემიის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 16 მარტს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს გ. შ.-ემ, ზ. ა.-მა, ვ. რ.-ამ და ნ. ჭ.-ემ ფინანსთა სამინისტროს მიმართ და ფინანსთა სამინისტროსთვის სახელმწიფო ჯილდოებზე თითოეულის სასარგებლოდ ერთდროული ფულადი პრემიის _ 3450 ლარის დაკისრება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებაში განმარტეს, რომ გ. შ.-ე საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 18 აპრილის ¹280 ბრძანებულებით, მძიმე დანაშაულის გახსნაში აქტიური მონაწილეობისათვის ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ზ. ა.-ი, საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 7 ოქტომბრის ¹1082 განკარგულებით, სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი წვლილისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ვ. რ.-ა, საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 6 ნოემბრის ¹1398 განკარგულებით, შინაგან საქმეთა ორგანოებში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით, ხოლო ნ. ჭ.-ე 2000წ. 5 ივნისის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოებული იქნა ღირსების ორდენით.
მოსარჩელეთა მოსაზრებით, «საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2004წ. 24 ივნისის კანონის მე-7 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტისა და ამავე კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2004წ. 29 დეკემბრის ¹855-რს კანონის, ასევე‚ «აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 31 დეკემბრის ¹638 ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, მათზე, როგორც ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხისა და ღირსების ორდენებით დაჯილდოებულ, ასევე‚ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილეებზე, ფინანსთა სამინისტროს უნდა გაეცა ერთდროული ფულადი პრემია შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით, ანუ 3450 ლარი, რაზედაც ფინანსთა სამინისტრომ დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მათ უარი განუცხადა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიის გაცემა დაეკისრა, თითოეულისათვის 3450 ლარის ოდენობით.
ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 31 იანვრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. შ.-ე საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 18 აპრილის ¹280 ბრძანებულებით დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით. ზ. ა.-ი, ღირსების ორდენით საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 7 ოქტომბრის ¹1082 განკარგულების საფუძველზე დაჯილდოვდა. ვ. რ.-ა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 6 ნოემბრის ¹1398 განკარგულებით იქნა დაჯილდოებული, ხოლო ნ. ჭ.-ე, საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 5 ივნისის განკარგულების შესაბამისად _ ღირსების ორდენით.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ «საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2004წ. 24 ივნისის კანონის მე-7 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, დასახელებული ორდენებით დაჯილდოებულ პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლებში, დაჯილდოების პერიოდის მიუხედავად, 2004 და 2005 წლებში მიეცემოდათ ერთდროული ფულადი პრემია, რაც გათვალისწინებული იყო ამავე კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2004წ. 29 დეკემბრის ¹855-რს კანონის მოთხოვნებითაც.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 31 დეკემბრის ¹638 ბრძანებულებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური სარგო განისაზღვრებოდა 115 ლარით. აღნიშნული კი მიუთითებდა იმაზე, რომ ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხისა და ღირსების ორდენებით დაჯილდოებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ პირებზე «საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ» კანონის მე-3 პუნქტის «ე» და «ვ» ქვეპუნქტების თანახმად, ერთდროული ფულადი პრემია უნდა გაცემულიყო შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით, რაც 3450 ლარს შეადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რო,მ მიუხედავად იმისა, მოსარჩელეები მონაწილეობდნენ თუ არა აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლებში, მათ ყველა შემთხვევაში უნდა მისცემოდათ სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემია, ვინაიდან «საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ» კანონის მე-8 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემია იმ პირებზე, რომლებიც მითითებული არ იყვნენ ამავე კანონის მე-7 პუნქტში, უნდა გაცემულიყო 2006წ. 1 იანვრიდან. ამდენად, ხსენებული კანონის მე-8 პუნქტი შესული იყო კანონიერ ძალაში და უკვე მოქმედებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 31 იანვრის განჩინება ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება კანონმდებლობის დარღვევით არის მიღებული, იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების კანონისმიერ საფუძველს იძლევა. სააპელაციო სასამართლომ «საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ» კანონის მე-3 პუნქტით დაწესებულ სახელმწიფო ჯილდოებზე ერთდროული ფულადი პრემიის განსაზღვრისას არასწორად გამოიყენა «აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 31 დეკემბრის ¹638 ბრძანებულება, რადგან «საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ» კანონის მე-2 პუნქტის თანახმად, ვახტანგ გორგასლის ხარისხისა და ღირსების ორდენებზე ერთდროული ფულადი პრემია განისაზღვრა შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით. ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა «მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 4 ივნისის ¹351 ბრძანებულება, რომლითაც პირდაპირაა რეგულირებული შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და იგი 20 ლარს შეადგენს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს და ამდენად, მათ მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 31 დეკემბრის ¹638 ბრძანებულება, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან «საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ» კანონის მე-3 პუნქტი, პრემიის ოდენობის განსაზღვრისას არ აწესებს გაანგარიშებას ამ კრიტერიუმით და აღნიშნული ნორმით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ დაანგარიშება უნდა მოხდეს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის მიხედვით. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ «საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ» კანონის მე-8 პუნქტის შესაბამისად, 2006წ. 1 იანვრიდან ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩარიცხულია თანხები ერთდროული ფულადი პრემიის გასაცემად, მათ შორის, მოსარჩელეთა სასარგებლოდაც, «მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 4 ივნისის ¹351 ბრძანებულებით დადგენილი ანაზღაურების მინიმალური ოდენობის მიხედვით. ამდენად, მოსარჩელეთა სასარგებლოდ თითოეულისათვის 600 ლარის ოდენობის პრემიის გაცემის ნაწილში დავის საგანი აღარ არსებობს.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, დარღვეულია სამართლის ნორმები და გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. შესაბამისად, სახეზეა სსკ-ის 393-ე მუხლით დადგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 8 მაისის განჩინებით, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს 2006წ. 21 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიჩენულ იქნა დასაშვებად და მისი ზეპირი განხილვა დაინიშნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 31 იანვრის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. შ.-ის, ზ. ა.-ის, ვ. რ.-ასა და ნ. ჭ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრება სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიის გაცემა, თითოეულისათვის 600 ლარის ოდენობით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეები სადავოდ ხდიან არა იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეები ნამდვილად წარმოადგენენ სახელმწიფო ჯილდოებზე: ღირსების ორდენსა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე დაწესებული ერთდროული პრემიის მიღების სუბიექტებს, არამედ‚ თუ რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე უნდა დაანგარიშდეს ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
«საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის «ვ» და «ზ» ქვეპუნქტების თანახმად, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისათვის სახელმწიფო ჯილდოებზე ერთდროული ფულადი პრემია განისაზღვრა შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით.
«მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 4 ივნისის ¹351 ბრძანებულების პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, მინიმალური ხელფასი 20 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადებული არ ყოფილა დაEამჟამადაც მოქმედებს.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2004წ. 31 დეკემბერს მიღებულ იქნა ¹638 ბრძანებულება «აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ», რომლის პირველი მუხლით აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 115 ლარის ოდენობით. თუმცა იგი 20 დღის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 20 იანვრის ¹25 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სწორედ 2004წ. 31 დეკემბრის ¹638 ძალადაკარგული ბრძანებულება გამოიყენა, თუმცა ამ დროისათვის მოქმედებდა 2005წ. 24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კვლავ მიღებული იმავე საკითხის მარეგულირებული ბრძანებულება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა იგივე მინიმალურ თანამდებობრივ სარგოს _ 115 ლარს ითვალისწინებს.
სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებს «საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ» კანონის შესაბამისად დადგენილი ერთდროული პრემია უნდა მიეცეთ 2006წ. 1 იანვრიდან, მაგრამ ვერ გაიზიარებს სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელეთათვის ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის მიღებისათვის კანონით დადგენილი ერთდროული პრემიის თანხის გაანგარიშება «აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, 115 ლარიდან უნდა მოხდეს და განმარტავს შემდეგს:
სადავო სამართალურთიერთობისას მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 75-ე მუხლი «შრომის ანაზღაურების» ცნებას განმარტავდა, ხოლო ამავე კოდექსის 76-ე მუხლი _ «მინიმალური ხელფასის» ცნებას: მინიმალურ ხელფასს წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების დასაშვებ მინიმალურ დონეს და მის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი იყენებს «შრომითი გასამრჯელოს» ცნებას (37-ე მუხლი). ამავე კანონის მე-9 მუხლით (საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს, განაკვეთისა და თანამდებობათა დასახელების დადგენა) განმარტებულია, რომ სხვადასხვა მოხელეთა თანმდებობრივი სარგოები განისაზღვრება კანონით ან უწყების ხელმძღვანელ პირთა მიერ.
ზემოაღნიშნული საფუძველს გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ «ხელფასის» (შრომის ანაზღაურების) ცნება არსებითად განსხვავდება «მინიმალური ხელფასის» (შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა) ტერმინისაგან. კანონმდებლის მიერ დადგენილია, რომ მინიმალური ხელფასი არის სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ და ერთნაირად განისაზღვრება ნებისმიერი მოქალაქისათვის. მისი იდენტური შინაარსით გამოიყენება «შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის» დეფინიციაც. კანონმდებელი შრომის ანაზღაურებისა და მინიმალური შრომის ანაზღაურების ცნების სხვადასხვა განმარტებებს გვაძლევს, კერძოდ, თუ მინიმალური ხელფასის ცნებაში მოიაზრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ერთჯერადად, ბრძანებულებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივი, რომელიც სავალდებულოა ნებისმიერი მოქალაქის მიმართ ყველა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, თავად «ხელფასი» განისაზღვრება ყველა მუშაკისათვის ინდივიდუალურად, შრომის ოდენობისა და ხარისხის შესაბამისად. ამდენად, შრომის ანაზღაურება და შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა არ არის იდენტური ცნებები და მათი თანხობრივი თანხვედრა არ ხდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანად მიგვაჩნია მტკიცება იმისა, რომ ხელფასის (შრომის ანაზღაურების) ცნებას შეიძლება უტოლდებოდეს «აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული «თანამდებობრივი სარგოს» ცნება, მაგრამ იგი მინიმალური შრომის ანაზღაურების იდენტური ვერ იქნება და «საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ» კანონის მიზნებისათვის «შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის» ტერმინთან ვერ გაიგივდება, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 4 ივნისის ¹351 ბრძანებულება «მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ» ადგენს, რომ მისი მოქმედება ვრცელდება და მინიმალური ხელფასი 20 ლარით განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. თავად «სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ» კანონიც ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისათვის ერთდროული პრემიის გაცემისას «შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობაზე» და არა «თანამდებობრივი სარგოს» 30 მინიმალურ ოდენობაზე საუბრობს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ყოვლად დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია მტკიცება იმისა, რომ შესაძლოა კანონმდებელს სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის განსხვავებული კრიტერიუმით პრემირება დაეშვა. სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონიერების პრინციპების გათვალისწინებით, ზემოხსენებული კანონის მიღებისას გასაცემი პრემიის გაანგარიშების კრიტერიუმად შრომის ანაზღაურების კონკრეტული მინიმალური ოდენობა, სახელმწიფო ჯილდოს, ორდენისა და მედლის შესაბამისად, ყველას მიმართ სახელმწიფოს მიერ თანასწორად დაწესდა და ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც ამ კანონით პრემია ეკუთვნოდა, ერთნაირ სამართლებრივ სივრცეში მოექცა.
საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელეთა მტკიცება იმის თაობაზე, რომ მათთვის პრემიის გაანგარიშება 2005წ. ბრძანებულების საფუძველზე, 115 ლარიდან უნდა მომხდარიყო, რადგან, პირველ რიგში, კანონი არა «თანამდებობრივი სარგოს», არამედ «შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის» შესაბამისად ახდენს სახელმწიფო ჯილდოებისათვის პრემიის თანხის ანაზღაურებას. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინაღმდეგება კანონის წინაშე პირთა თანასწორობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 áმუხლი კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის პრინციპს განამტკიცებს. «კანონის წინაშე თანასწორობა» საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევა და მის უპირობო დაცვას ეხება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლი. ასევე, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის 26-ე მუხლიც ადგენს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშეEაქვს კანონის თანასწორი დაცვის უფლება. ამ მხრივ ყოველგვარი დისკრიმინაცია უნდა აიკრძალოს და კანონი უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტიან დაცვას რაიმე ნიშნის, როგორიცაა ... «ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციის წინააღმდეგ». აღნიშნული დებულება განამტკიცებს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობისა და პირთა თანაბარი დაცვის პრინციპს, არამედ იგი, ამასთანავე, კრძალავს კანონის წინაშე პირთა შესაძლო დისკრიმინაციას და სახელმწიფოს მიერ, ერთნაირი წინაპირობების არსებობისას, კანონის წინაშე პირთა თანასწორობის უზრუნველყოფის ვალდებულებასაც მოიცავს.
ამდენად, პირთა გარკვეული წრის _ მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლებისათვის პრივილეგიის მინიჭება და მათთვის ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის III ხაარისხის ორდენის მიღებისათვის გასაცემი ერთდროული პრემიის 115 ლარიდან გაანგარიშება, ხოლო სხვა მოქალაქეთათვის პრემიის გაანგარიშების კრიტერიუმად საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ბრძანებულებით დადგენილი 20 ლარის გამოყენება, სრულიად ეწინააღმდეგება სამართლიანობის დანაწესს და ხელს უწყობს პირთა გარკვეული წრის შესაძლო დისკრიმინაციას.
დამატებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეთა მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. ბრძანებულებას, რომელიც ადგენს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინიმალური თანამდებობრივი სარგო უპირობოდ უნდა შეადგენდეს 115 ლარს, შიდასტრუქტურული დატვირთვა აქვს და აღნიშნული ბრძანებულების დებულება ვერ გავრცელდება ისეთ საკითხზე, რომელიც საერთოსახელმწიფოებრივია და მოქალაქეთა ნებისმიერ ფენას შეეხება.
ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისას ღირსების ორდენსა და ვახტანგ გორგასლის III ხაარისხის ორდენზე პრემიის თანხის გაანგარიშების კრიტერიუმად საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ბრძანებულებით დადგენილი მინიმალური ხელფასი _ 20 ლარი უნდა იქნეს გამოყენებული და ფინანსთა სამინისტროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 600 ლარის (20X30) გადახდა უნდა დაეკისროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსკ-ის 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 31 იანვრის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. შ.-ის, ზ. ა.-ის, ვ. რ.-ასა და ნ. ჭ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეების: გ. შ.-ის, ზ. ა.-ის, ვ. რ.-ასა და ნ. ჭ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიის გაცემა, თითოეულისათვის 600 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.