3კ-913-02 4 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: თვითნებურად დაკავებული ადგილის გამოთავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. გ.-მ და მ. ხ.-მ 2001წ. 19 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. ო.-ის მიმართ თვითნებურად დაკავებული ადგილის გამოთავისუფლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელმა მათი ბინის წინ ჯერ კიდევ 1998 წელს ჩაყარა რკინის დგარები, დააწყო სამშენებლო მასალა ავტოფარეხის მშენებლობისათვის, რითაც უხეშად შეილახა მათი, როგორც ბინის მესაკუთრეთა, ინტერესები და კანონიერი უფლებები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ნ. ო.-ს დაევალა თვითნებურად დაკავებული ადგილიდან რკინის დგარების მოხსნა და რკინის კარების აღება.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში ინდივიდუალური სარგებლობის გარაჟების მშენებლობის შეწყვეტა-შეჩერების შესახებ” თბილისის საკრებულოს 1999წ. გადაწყვეტილებაზე (¹1ა-13).
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი გარემოების საფუძველზე: სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოპასუხე ამ ბინაში ცხოვრობს 1989 წლიდან და ამავე წლიდან სადავო მიწის ნაკვეთზე აყენებს საკუთარ ავტომანქანას; არ დაავალა მხარეებს, წარედგინათ წერილობითი მტკიცებულებები და გადაწყვეტილების დასასაბუთებლად საჭირო დოკუმენტები; არ გამოიყენა სკ-ს 208-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 აპრილის განჩინებით ნ. ო.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებანი და განჩინების დასასაბუთებლად გამოიყენა სსკ-ს 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი: მოპასუხე სადავო ფართზე სხვადასხვა დროს აყენებდა სასამსახურო ავტომანქანასა და კუთვნილ ავტომანქანა “ნივას"; მობინადრეებმა 1998 წელს გაინაწილეს მანქანის დასაყენებელი ადგილები, მათ შორის, ნ. ო.-მ მოინიშნა ის ადგილი, სადაც იგი კუთვნილ ავტომანქანას და სასამსახურო მანქანას აყენებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 208-ე მუხლის მე-4 ნაწილი, მაგრამ არ გამოიყენა. აღნიშნული გარემოება მიიჩნია საპროცესო ნორმის დარღვევად, მაგრამ სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საპროცესო ნორმის დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, მართალია, ნ. ო.-ი დადგენილი წესით 1998 წლიდან ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული სკ-ს 208-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რადგან იგი ხანგრძლივი დროის მანძილზე არ ფლობს სადავო საგანს.
2002წ. 17 აპრილის განჩინება ნ. ო.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, ითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის საოლქო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 1988 წლიდან იგი სადავო ადგილზე აყენებდა ავტომანქანას, 1998 წელს კი ჩაყარა რკინის ბოძები ფარეხის ასაშენებლად. კასატორი თვლის, რომ უსაფუძვლოა საოლქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სკ-ს 208-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოუყენებლობა არ წარმოადგენს კანონდარღვევას. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს სწორედ აღნიშნული ნორმა უნდა გამოეყენებინა მოცემული დავის გადასაწყვეტად, რადგან თვლის, რომ იგი მიწის ნაკვეთს ხანგრძლივი დროის მანძილზე ფლობს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ მატერიალური ნორმის გამოუყენებლობა (სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი) წარმოადგენს საპროცესო ნორმის დარღვევას. სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილითYგადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა ან არასწორად განმარტა კანონი. აღნიშნული ნორმა გულისხმობს როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების კანონდარღვევით გამოყენებას. ამ მუხლის მესამე ნაწილი კი ადგენს გამონაკლისს მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი ნორმის (მაგ., სასამართლომ უსაფუძვლოდ თქვა უარი მოწმის ან სპეციალისტის დაკითხვაზე) და არა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დარღვევისას. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დარღვევა ყოველთვის წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების საფუძველს, რადგან ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაში იგულისხმება გადაწყვეტილების როგორც ფაქტობრივი, ისე _ სამართლებრივი (იურიდიული) დასაბუთება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საპროცესო ნორმა, რაც არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.
მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების იურიდიული და ფაქტობრივი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუდნეს სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმეზე არსებული მტკიცებულებანი და დაადგინოს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები რომელი წლიდან ფლობენ მანქანის დასაყენებელ, იზოლირებულად გამოყოფილ ადგილებს; რამდენი ხანია, რაც მოპასუხე ფლობს სადავო ფართს. სასამართლომ უნდა დაადგინოს, სადავო ფართი წარმოადგენს თუ არა ინიდივიდუალურ საკუთრებას და ვის გააჩნია ეს უფლება. სასამართლომ მოცემეული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს სკ-ს 208-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ო.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.