¹ 3კ/914-01 11 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე,ბ. კობერიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. პ-შვილი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს საელჩოს ...-ის თანამდებობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის 2000 წლის 19 სექტემბრის ¹547/2 ბრძანების საფუძველზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის თანახმად, ა. პ-შვილი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა სამინისტროს კადრების რეზერვში.
ა. პ-შვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:
- საგარეო საქმეთა მინისტრის 2000 წლის 1 აგვისტოს ¹ 355/2 და ¹ 412/2 ბრძანებების, აგრეთვე 2000 წლის 19 სექტემბრის ¹ 547/2 ბრძანების ბათილად ცნობა და
- რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო საკითხებში ...-ის თანამდებობაზე აღდგენა.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა კანონიერად, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 ივლისის ¹686 განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, წლის ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაო მივლინებით მყოფი 177 მუშაკის გამოწვევა, მათ შორის, 90 საშტატო ერთეულის შემცირება. ამ მიზნით, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლითა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის ¹337 ბრძანებულებით დამტკიცებული საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის “თ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების თანახმად, 2000 წლის 1 აგვისტოს დამტკიცებულ იქნა საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების ახალი საშტატო განრიგები და ნუსხა. 2000 წლის 1 აგვისტოს ¹412/2 ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მოსამსახურეები, მათ შორის მოსარჩელე, გაფრთხილებულნი იქნენ 2000 წლის 20 სექტემბრიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ხოლო ამის შემდეგ გამოიცა ა. პ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2000 წლის 19 სექტემბრის ¹547/2 ბრძანება. ა. პ-შვილი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, აღდგენილ იქნა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს ...-ის ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დარღვეულ იქნა ამავე კანონის 97-ე მუხლის II ნაწილი, რომლის თანახმად, “მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე”. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან სამინისტრომ მოხელეს არ შესთავაზა სხვა თანამდებობა, არ ჰქონდა ა. პ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების უფლება.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ა. პ-შვილის მოთხოვნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს ¹355/2 და ¹412/2 ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან მიიჩნია რომ ¹ 355/2 ბრძანება გამოცემულ იქნა 2000 წლის 13 ივლისის “საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შესახებ” საქართველოს კანონისა და 2000 წლის 3 ივლისის საქართველოს პრეზიდენტის ¹686 განკარგულების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო ¹412/2 ბრძანება გამოცემულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლომ დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მეორე პუნქტით, 112-ე მუხლით, “საქართველოს რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლით.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ივნისის განჩიებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა საგარეო საქმეთა მინისტრის 2000 წლის 19 სექტემბრის ¹547/2 ბრძანების საფუძველზე. საგარეო საქმეთა მინისტრის 2000 წლის 1 აგვისტოს ¹412/2 ბრძანების მესამე პუნქტით კადრებთან მუშაობის დეპარტამენტს დაევალა გაეფრთხილებინა ბრძანებაში მითითებული პირები მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, გაეცნო მათთვის ბრძანება ხელწერილის ჩამორთმევით, ხოლო იმავე წლის 19 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე ა. პ-შვილი გათავისუფლდა თანამდებობიდან. სამინისტრომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთი თვით ადრე არ აცნობა მოხელეს თანამდებობის შემცირების შესახებ, ხოლო ამავე კანონის 97-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, არ შესთავაზა სხვა სამუშაო. ასევე დადგენილია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სამინისტროში გამოძახებულ იქნა არა სხვა თანამდებობის შეთავაზების მიზნით, არამედ მხოლოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ჩასაბარებლად. სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მეორე პუნქტი და 112-ე მუხლი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა საგარეო საქმეთა მინისტრის 2000 წლის 19 სექტემბრის ¹547/2 ბრძანება და უარი ეთქვას მოსარჩელეს სამსახურში აღდგენაზე. კასატორს მიაჩნია, რომ როგორც საოლქო სასამართლომ, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მეორე პუნქტი და 112-ე მუხლი, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის მეორე ნაწილი, გასცდა მოსამართლის უფლებამოსილებას და შეიჭრა მინისტრის კომპეტენციაში. სასამართლომ დაარღვია აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად არ დაასაბუთა განჩინება, არ მიუთითა კანონზე, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იყო მოსარჩელე ა. პ-შვილის რუსეთის ფედერაციაში ...-ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საპროცესო ნორმების დაცვით, ახალი მტკიცებულებების შეგროვება და სასამართლო გამოკვლევა საჭირო არ არის. შესაძლებელია საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ა. პ-შვილი მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს ...-ის თანამდებობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2000 წლის 19 სექტემბრის ¹547/2 ბრძანებით ა.პ-შვილი იმავე წლის 20 სექტემბრიდან გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო და იგი ჩაირიცხა რეზერვში. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 ივლისის ¹686 განკარგულებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებში მუშაკთა 90 საშტატო ერთეულის შემცირება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2000 წლის 1 აგვისტოს ¹355\2 ბრძანებით რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საშტატო შემადგენლობა შემცირებულ იქნა 20 ერთეულით, მათ შორის ...-ის თანამდებობა, რომელზეც მუშაობდა მოსარჩელე ა. პ-შვილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ა. პ-შვილის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ თითქოს შტატების შემცირება ფორმალურად მოხდა. საქმის მასალებით ირკვევა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ შტატი, რომლითაც გათვალისწინებული იყო თანამდებობა, რომელზეც მუშაობდა მოსარჩელე, შემცირებულია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლებულ იქნას სამსახურიდან შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა გაუქმების გამო.
საქართველოს სგარეო საქმეთა მინისტრის 2000 წლის 1 აგვისტოს ¹412\2 ბრძანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, მათ შორის მოსარჩელე ა. პ-შვილი, გაფრთხილებულ იქნენ 2000 წლის 20 სექტემბრიდან შტატების შემცირების გამო მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. ბრძანების ასლი ფოსტის საშუალებით გაეგზავნა მოსარჩელეს რამდენჯერმე, ხოლო 4 სექტემბერს გაეცნო პირადად, რაც ხელმოწერით დაადასტურა. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოსარჩელე ა. პ-შვილის განთავისუფლებისას მოპასუხე ორგანიზაციის _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაცული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” 108-ე მუხლის მოთხოვნა. ასევე დაცული იყო ამავე კანონის 97-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნა: მისთვის შეთავაზებულ იქნა სხვა სამუშაო სამინისტროს სისტემაში, მაგრამ ა. პ-შვილმა უარი განაცხადა. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე ა. პ-შვილს ამჟამადაც სთავაზობენ სამსახურს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, რაზეც იგი უარს აცხადებს.
ასევე ვერ იქნება გაზიარებული სარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ვინაიდან რუსეთის ფედერაციაში ...-ის თანამდებობა გაუქმებულ (შემცირებული) იქნა, იგი უნდა აღდგენილ იქნას რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველის თანამდებობაზე და მიეცეს ...-ის ფუნქციის შესრულების უფლება.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელე შეიძლება აღდგენილ იქნას წინანდელ სამუშაოზე იმ თანამდებობაზე, საიდანაც დათხოვნილ იქნა. მოცემულ შემთხვევაში თანამდებობა, რომელზეც მუშაობდა მოსარჩელე ა. პ-შვილი, გაუქმებულია.
პალატას მიაჩნია, რომ ა. პ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა არ ემყარება კანონს და მის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ივნისის განჩინება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ა. პ-შვილის სარჩელი რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს ...-ის _ ...-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.