3კ-916-02 20 ნოემბერი, 2002 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: საცხოვრებელი ბინის თანაამშენებლად ცნობა და წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ახმეტის რაიონის სოფ. ...-ში, ...-ის ქუჩაზე მდებარე სახლი 1976 წლიდან ირიცხება ნ. ხ.-ზე. ამ უკანასკნელის ძმამ, მ. ხ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული სახლის თანამესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო სახლი აშენებულია მისი სახსრებით, მაგრამ მიწის ნაკვეთის თავის დროზე ნ. ხ.-ზე გაცემის გამო, სახლიც მასზევე საკუთრების უფლებით აღირიცხა. 1997 წელს მოსარჩელემ თავის დას მოსთხოვა, მათ შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, სახლი საკუთრების უფლებით აღრიცხულიყო მ. ხ.-ზე, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა. მ.ხ.-მ იმავე წელს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სადავო სახლის თანაამშენებლად ცნობა, წილის გამოყოფა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, მართალია, მოსარჩელე მ. ხ.-ემ სხვა ნათესავებთან ერთად გაუწია დახმარება სახლის მშენებლობაში, მაგრამ მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი გაწეულია მისი, ნ. ხ.-ის, მიერ; არანაირი ზეპირი თუ წერილობითი შეთანხმება ძმასთან _ მ. ხ.-სთან მის სახელზე სახლის (თუ მისი ნაწილის) გადაფორმების შესახებ მოპასუხეს არ ჰქონია.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მ. ხ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ცნობილი იქნა ახმეტის რაიონის სოფ. ...-ში, ...-ის ქუჩაზე მდებარე ნ. ხ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული სახლის თანამესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ გარემოებებს: დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი გარიგება სახლზე საერთო თანასაკუთრების შექმნის შესახებ, შესაბამისად, იხელმძღვანელა სკ-ს 173-ე მუხლით. რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, პალატამ მიიჩნია, რომ მ. ხ.-ემ 1997 წელს შეიტყო იმის შესახებ, რომ ნ. ხ.-ე ბინაზე მის საკუთრების უფლებას არ ცნობდა, რის გამოც, სკ-ს 129-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნა არ მიიჩნია ხანდაზმულად.
ნ. ხ.-ემ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მ. და ნ. ხ.-ეებს შორის ზეპირი შეთანხმება ბინის ერთობლივი მშენებლობის შესახებ, რის საფუძველზეც სადავო სახლის თანამესაკუთრედ ცნო მ. ხ.-ე, ვინაიდან სკ-ს 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტრო წესით. Aამავე კოდექსის 59-ე მუხლით ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ მ. ხ.-ემ 1976 წლიდან იცოდა, რომ ბინის შესახებ დოკუმენტაცია გაფორმებული იყო ნ. ხ.-ზე და დავა აღძრა მხოლოდ 1997 წელს. ამდენად, სკ-ს 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელეს გაშვებული აქვს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმებისა და საქმის მასალების განხილვის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1976 წელს ახმეტის რაიონის სოფ. ...-ში ნ. ხ.-ს გამოეყო მიწის ნაკვეთი სახლის მშენებლობისათვის. ასევე დადგენილია, რომ მ. ხ.-ეს მიწის ნაკვეთი იმავე მიზნით არ გამოეყო იმ გარემოების გამო, რომ იგი არ მუშაობდა კოლმეურნეობაში. იმავე წელს დაიწყო მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდა თავად მ. ხ.-ეც, სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ იგი იმავე წელს აღირიცხა ნ. ხ.-ეზე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი გარიგება სადავო სახლზე საერთო თანასაკუთრების დაწესების შესახებ, ასევე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ მ. ხ.-მ 1997 წელს შეიტყო ნ. ხ.-ის მიერ ბინაზე მისი საკუთრების უფლების არცნობის შესახებ.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მოყვანილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები წარმოადგენს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორ ნ. ხ.-ის მოსაზრებას, რომ მოსარჩელე მ. ხ.-ის სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1976 წელს აშენებული სახლი მხარეებს შორის სადავო გახდა 1978 წლიდან, როდესაც მოსარჩელემ შეიტყო, რომ ნ. ხ.-ე თავად აპირებდა ამ სახლში ცხოვრებას. გარდა ამისა, მ. ხ.-ისთვის თავიდანვე იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ სადავო სახლი აღრიცხულია ნ. ხ.-ის სახელზე.
სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს წელს; 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა უნდა აითვალოს 1978 წლიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ მ. ხ.-ის მიერ გაშვებულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული გარემოება კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მხარეთა შორის სადავო სახლზე საერთო თანასაკუთრების შექმნის შესახებ ზეპირი გარიგების არსებობის ფაქტის გაზიარების ნაწილშიც.
სკ-ს 173-ე მუხლის თანახმად, საერთო საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. უძრავი ნივთის მიმართ აღნიშნული მუხლის გამოყენებისას უნდა გათვალისწინებული იქნეს ამავე კოდექსის 323-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული ზეპირი გარიგება სახლზე საერთო საკუთრების დაწესების შესახებ არ არის საკმარისი საფუძველი უძრავ ნივთზე თანასაკუთრების წარმოსაშობად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ნ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება.
მ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.