¹3კ-917-01 22 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისში, ..... მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა ირიცხებოდა ც. ქ-ძის სახელზე. 1996წ. 6 დეკემბერს ც. ქ-ძემ აჩუქა აღნიშნული ბინა თავის რძალ ლ. გ-ძეს.
1999წ. 16 აგვსიტოს ც. ქ-ძემ სარჩელი შეიტანა კრწანისის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება იმ მოტივით, რომ ლ. გ-ძე არის ყოფილი რძალი, ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა მისი შვილის ოჯახის გამყარებისათვის. 1998 წელს ლ. გ-ძე განქორწინდა მის შვილთან დ. გ-ძესთან და მოსარჩელის მიმართ დაარღვია ყველანაირი ეთიკური ნორმა, შეურაცხყოფა მიაყენა მის ოჯახს და გამოიჩინა უმადურობა, რის გამოც ც. ქ-ძემ მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და საცხოვრებელი ბინის გამოთხოვა.
ლ. გ-ძემ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განაცხადა, რომ სადავო ბინის ჩუქება ც. ქ-ძის მხრიდან არ იყო მხოლოდ კეთილი ნების გამოხატვა, არამედ წარმოადგენდა იმ 5000 დოლარის ერთგვარ კომპენსაციას, რომელიც მან 1996 წელს ასესხა ყოფილ ქმარსა და დედამთილს. ამის გარდა, ქმარმა და დედამთილმა ვალების გამო გაუყიდეს მზითვის ნაწილი _ ავეჯი და ძვირფასეულობა. მოპასუხემ განაცხადა, რომ ჩუქების ხელშეკრულება მასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა 1996წ. 6 დეკემბერს, ე.ი. 1997წ. 25 ნოემბრამდე, ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, ხოლო ძველი სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებდა საჩუქრის უკან დაბრუნებას.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ც. ქ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი. სადავო ბინის ჩუქების ხელშეკრულება მხარეებს შორის დადებულია კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო ხელშეკრულების დადებისას მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი არ იცნობდა ჩუქების გაუქმებასა და საჩუქრის უკან დაბრუნებას, ასევე _ ქონების გაჩუქებას რაიმე პირობით, მათBშორის, ოჯახის შენარჩუნების პირობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ქ-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ც. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ქ-ძის სარჩელი დამყარებულია ახალი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 529-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ნაჩუქარი ნივთის უკან გამოთხოვის საფუძვლებს, ხოლო ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ასეთ საფუძველს არ ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განხილულია მატერიალური და პროცესუალური ნორმების დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ქ-ძემ. მან მოითხოვა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 ივნისის განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. ც. ქ-ძის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ც. ქ-ძემ ბინა აჩუქა თავის რძალს იმ პირობით, რომ შეენარჩუნებინა ოჯახი. მან კი მოტყუებით ხელში ჩაიგდო ბინა, გააფორმებინა ჩუქების ხელშეკრულება და შემდეგ განქორწინდა მეუღლესთან. ლ. გ-ძემ არ შეასრულა პირობა და ქმარი და მცირეწლოვანი შვილი უბინაოდ დატოვა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა მის მიერ მოყვანილი ფაქტები და არ შეაფასა სათანადოდ. კასატორი მიუთითებს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 529-ე მუხლზე და მის საფიძველზე მოითხოვს ნაჩუქარი ქონების უკან გამოთხოვას. K
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ც. ქ-ძემ თავის ყოფილ რძალს ლ. გ-ძეს აჩუქა თბილისში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინა და რომლის გაუქმებასაც კასატორი ითხოვს, გაფორმებულია 1996წ. 6 დეკემბერს იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის წესების დაცვით.
სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ 1964წ. რედაქციის სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლი არ ითვალისწინებს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლებს. 1997წ. 25 ნოემბრის სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. მოცემულ სიტუაციაში 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პირობებს ადგილი არა აქვს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა დავის გადაწყვეტის დროს 1964წ. სკ-ს 268-ე მუხლი და სწორად უთხრა უარი ც. ქ-ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.