3კ-917-02 23 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: თანხების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 12 სექტემბერს ს. ა.-ემ გ. დ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი შპს “მ.-ის" დამფუძნებელი და დირექტორია. 1998წ. ივლისიდან “მ.-ში" პასუხისმგებელ პირად მუშაობდა გ. დ.-ე.
ს. ა.-ემ დ.-ეს სალომბარდო საქმიანობისათვის გადასცა 9540 აშშ დოლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა მიითვისა. გარდა ამისა, ქ. დ.-ემ შპს “მ.-ის" სახელზე სესხის ხელშეკრულება გააფორმა მოქალაქე მ. გ.-ესთან თანხით 2400 აშშ დოლარზე, მაგრამ მითითებული თანხა მიითვისა. გ. დ.-ემ მ. გ.-ეს დაუბრუნა ერთი თვის პროცენტი და ძირითადი თანხის ნაწილი _ 1200 აშშ დოლარი, მაგრამ დანარჩენი _ 1200 აშშ დოლარი, არ დაუბრუნა.
ვინაიდან გ. დ.-ე შპს “მ.-ის" პასუხისმგებელი თანამშრომელი იყო, სასამართლომ 1200 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა შპს “მ.-ს".
დაშვებული დარღვეევისათვის გ. დ.-ე დათხოვნილ იქნა თანამდებობიდან. მან პირობა დადო, რომ მითითებულ თანხებს დააბრუნებდა, მაგრამ შემდეგ ვალის დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისადმი ძირითადი ვალის, 10260 აშშ დოლარის, ხოლო პროცენტის სახით 10740 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება და საქმეში თანამოპასუხეებად მოპასუხის ოჯახის წევრების _ ი. დ.-ის, ჟ. დ.-ისა და ლ. ს.-ის ჩაბმა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათY 19740 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქმეში მოსარჩელედ ს. ა.-ის ნაცვლად ჩაბმულ იქნა შპს “მ.-ი", მოპასუხე გ. დ.-ს შპს “მ.-ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 1200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო სარჩელი 9540 აშშ დოლარის და მისი პროცენტის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სამსახურებრივი სარგებლობისათვის შპს “მ.-ის" დირექტორმა ა.-მ გ. დ.-ს მართლაც გადასცა 9540 აშშ დოლარი, რომელიც სალომბარდო მომსახურების განხორცილების შემდეგ მოგებასთან ერთად დაბრუნებას ექვემდებარებოდა, მაგრამ მითითებული თანხები გ. დ.-ის მიერ არ იქნა დაბრუნებული. უმაღლესმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხე მითითებულ საწარმოში მუშაობდა 1997წ. დეკემბრამდე. თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 1997წ. ნოემბერში, სარჩელი კი შეიტანა 2001წ. 12 ნოემბერს, ანუ მაშინ, როცა უკვე გასული იყო სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
2002წ. 10 ივნისს შპს “მ.-ის" დირექტორმა ს. ა.-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს მიაჩნია, რომ მისი სარჩელი ხანდაზმული არ არის. მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები 9540 აშშ დოლარის დაბრუნებას ჰპირდებოდნენ 2001 წლამდე, მაგრამ, როცა მან და მისმა ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ გ.-ისათვის 1200 აშშ დოლარის გადახდა მას დაეკისრა, 9540 აშშ დოლარის დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. მას მაიჩნია, რომ სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2001 წლიდან და ამდენად, მას სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არა აქვს.
საკასაციო საჩივრის განხილვამდე შპს “მ.-ის" დირექტორმა ს. ა.-მ უარი განაცხადა საკსაციო საჩივრის განხილვაზე და მოითხოვა საკასაციო წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “მ.-ის" დირექტორის, ს. ა.-ის, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემობათა გამო:
დადგენილია, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის დაწყებამდე პირადი მოსაზრებებით კასატორმა ს. ა.-ემ, რომელიც შპს “მ.-ის" დამფუძნებელი და დირექტორია, უარი განაცხადა თავის საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა საკასაციო წარმოების შეწყვეტა.
სსკ-ს 399-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესდების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის.
378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყევტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივრებზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით.
ვინაიდან მოსარჩელემ საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა საქმის ზეპირი განხილვის დაწყებამდე, საკასაციო საჩივარზე უარის თქმისათვის მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა საჭირო აღარაა, ამიტომ საკასაციო წარმოება სსკ-ს მე-7 მუხლისა და 272-ე მუხლის “გ" პუნქტის საფუძველზე უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს მე-7 მუხლით, 272-ე მუხლის “ბ" პუნქტით, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “მ.-ის" დირექტორის, ს. ა.-ის, შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს.
შპს “მ.-ის" დირექტორს ს. ა.-ს ერთმევა უფლება, საკასაციო წესით კვლავ გაასაჩვროს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 2002წ. 2 მაისს მიღებული გადაწყვეტილება.