3კ-918-02 5 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. გ.-მ, ს. ზ.-მ, ნ. გ.-მ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ქ.ბათუმის ¹... ინდივიდუალური საბინაო-სამშენებლო კოოპერატივსა და მოპასუხე თ. რ.-ს შორის 1994წ. 15 ივლისს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ნაცვლად 96,30 კვ.მ-ისა სარდაფის ფართობის განსაზღვრა 15,9 კვ.მ-ით შემდეგი საფუძვლით: მხარეები არიან ქ.ბათუმის მე-... ინდივიდუალური საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრები. 1994 წელს მოხდა ბინების პრივატიზაცია, ხოლო სარდაფი დარჩა საერთო საკუთრებაში, რადგან მის პრივატიზაციაზე მესაკუთრეებს უარი უთხრეს. 2001 წელს გ. რ.-მ მობინადრეებისაგან მოითხოვა სარდაფის გამოთავისუფლება იმ მოტივით, რომ უნდა ჩაეტარებინა სარემონტო სამუშაოები, რის შემდგომაც განაცხადა, რომ 1994 წელს ბინასთან ერთად მოახდინა სარდაფის პრივატიზაცია და წარმოადგინა ბინის საპრივატიზაციო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სარდაფი ფართით 96,30 კვ.მ, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა გ. რ.-ის სახელზე. აღნიშნულს დაეთანხმა ქ.ბათუმის ¹... ინდივიდუალური საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წარმომადგენელი ც. მ.-ე და ხელი მოაწერა კოოპერატივის ყოფილი თავმჯდომარის მიერ გაცემულ საკუთრების უფლების დამადასტურებელ ცნობას. მოსარჩელეების განმარტებით სადავო სარდაფი თანაბრად ეკუთვნის ყველა მობინადრეს, რადგან ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილების თანახმად, სარდაფი თანაბრად განაწილდა ყველა მობინადრეზე, ხოლო რაც შეეხება სარდაფის ფართს, ის რეალურად შეადგენს 79,61 კვ.მ-ს, მაშინ როცა კოოპერატივის ყოფილ თავმჯდომარის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულია 96,30 კვ.მ.
გ. და თ. რ.-ეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ საკუთრების უფლება შეიძინეს საცხოვრებელ ბინასა და სარდაფზე ერთდროულად, ხოლო მ.-მ სარჩელი ცნო და თანხმობა განაცხადა მობინადრეთა შორის სარდაფის თანაბრად განაწილებაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე 2001წ. 20 სექტემბერს არ გამოცხადდნენ მოპასუხეები, მათი წარმომადგენელი და არც წარმოადგინეს ცნობა გამოუცხადებლობის შესახებ. მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2001წ. 20 სექტემბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გ. გ.-ის, ს. ზ.-ისა და ნ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ქ.ბათუმის ბინის მესაკუთრეთა ¹... ამხანაგობისა და მოპასუხე თ. რ.-ს შორის 1994წ. 15 ივლისს დადებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სარდაფის ფართობი განისაზღვრა 15,9 კვ.მ-ით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე თ. და გ. რ.-ეების წარმომადგენელმა ი. მ.-მ შეიტანა საჩივარი, რომლითაც მოითხოვა პროცესზე დაგვიანების საპატიოდ ჩათვლა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 სექტემბრის განჩინებით თ. და გ. რ.-ების წარმომადგენელ ი. მ.-ის გამოუცხადებლობა 2001წ. 20 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე საპატიოდ იქნა მიჩნეული და საქმის წარმოება განახლდა.
საქმის სასამართლოში განხილვის სტადიაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს თავიანთი სარჩელი და მოითხოვეს ხელშეკრულებაში მითითებული სარდაფის ფართობის განსაზღვრა ნაცვლად 15 კვ.მ-ისა, 24 კვ.მ-ით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ.-ის, ს. ზ.-ისა და ნ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.ბათუმის ¹... ინდივიდუალური საბინაო-სამშენებლო კოოპერატივსა და თ. რ.-ს შორის 1994წ. 15 ივლისს დადებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სარდაფის ფართობი ნაცვლად 96,30 კვ.მ-ისა განისაზღვრა 24 კვ.მ-ით. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები: გ.გ.-ე, ს.ზ.-ი, ნ.გ.-ი, მოპასუხეები: თ. და გ. რ.-ეები ქ.ბათუმის ¹... ინდივიდუალური საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრები არიან და გააჩნიათ ბინისა და მათი ბინების ქვეშ არსებულ სარდაფებზე, რომლის ფართობია 96,30 კვ.მ, საკუთრების უფლება. სკ-ს 208-ე მუხლის თანახმად სადავო სარდაფი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას. იგი ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრეებაა. აღნიშნული მუხლის თანახმად საერთო საკუთრებაში წილთა რაოდენობა უნდა განისაზღვროს ბინების რაოდენობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარდაფის მთლიანად პრივატიზება უკანონოა და მოპასუხე მხარეს მიაკუთვნა სარდაფის 1/4¼ ნაწილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს გ. და თ. რ.-ეებმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 3 ივნისის განჩინებით გ. და თ. რ.-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 13 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტების მითითება მოსარჩელეთა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რადგან მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა რ.-ების მიერ სარდაფის პრივატიზაციის შესახებ შეიტყვეს 2001 წელს, ხოლო სკ-ს 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელეებისათვის კი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 2001წ. მაისში. სააპელაციო სასამართლომ ასევე უკანონოდ მიიჩნია 1994 წელს ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივსა და თ. რ.-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სარდაფის პრივატიზაციის შესახებ, რადგან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციისას გათვალისწინებული არ არის სარდაფების პრივატიზაცია.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს თ. და გ. რ.-ეებმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა იმ საფუძვლით, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია სამოქალაქო კანონმდებლობის დარღვევით. სადავო სარდაფი 1992 წლიდან, ანუ ბინის შეძენის დღიდან ითვლებოდა მათ საკუთრებად, ხოლო მოსარჩელეები სარდაფით სარგებლობდნენ კასატორების ნებართვის საფუძველზე. ამას გარდა მოსარჩელეებმა ბინის პრივატიზაციის შესახებ არ გამოხატეს პრეტენზია და გაუშვეს სკ-ს 129-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა. ამდენად, მათი მოთხოვნა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები არიან ქ.ბათუმში ერას ... მობინადრეები, რომელიც ეკუთვნოდა ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს. 1994 წელს მოხდა ბინების პრივატიზაცია. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეებს: გ.გ.-ს, ზ.-ს და გ.-ს უარი ეთქვათ სარდაფის პრივატიზაციაზე, მოსარჩელე თ.რ.-მ კი იმავე წელს მოახდინა როგორც ბინის, ასევე _ სარდაფის მთელი ფართის პრივატიზაცია.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა ხანდაზმულია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სარდაფის პრივატიზაციის შესახებ მოპასუხეებმა შეიტყვეს 2001წ. მაისის თვეში, როდესაც მოპასუხე რ.-მ დაკეტა სარდაფი და აუკრძალა მოსარჩელეებს სარდაფით სარგებლობა. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია. კასატორებს აღნიშნულთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ არც დამატებითი და არც დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად, რადგან სკ-ს 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად გამოიყენა სკ-ს 208-ე მუხლი მრავალბინიან სახლებში არასაცხოვრებელი ფართის განაწილების წესის შესახებ და რ.-ს მიაკუთვნა სარდაფი, ფართით 24 კვ.მ.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. და გ. რ.-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.