გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-921-02 31 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდიუმის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ტ-ში” შემავალი დასახიჩრებულ და პროფდაავადების პენსიონერთა პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების პრეზიდიუმის სს “ტ-ის” სისტემაში დასახიჩრებულ და პროფდაავადების პენსიონერთა პროფორგანიზაციის 2001წ. 4 მაისის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ 2001წ. 18 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2001წ. 9 იანვარს პროფკომიტეტის სხდომაზე მისი თავმჯდომარეობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომიტეტის მთელი შემადგენლობის გადადგომის და კომიტეტის ხელმეორედ არჩევის მიზნით 2001წ. 18 იანვარს კონფერენციის ჩატარების თაობაზე. დადგენილ დღეს ჩატარებული არჩევნების შედეგად პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარეობის პრეტენდენტებს _ ჯ. ვ-ესა და დ. კ-ეს შორის გაიყო ხმები, რის გამოც, ინსტრუქციის თანახმად, საჭირო იყო მეორე ტურის ჩატარება, რაც საბოლოო ჯამში არ განხორციელდა, ვინაიდან დ. კ-ემ მოხსნა თავისი კანდიდატურა, რის შემდეგ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ჯ. ვ-ე.
გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდიუმის სხდომამ 2001წ. 18 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება სს “ტ-ში” შემავალი დასახიჩრებულ და პროფდაავადებულ პენსიონერთა პროფკავშირის არჩევნების 2001წ. 4 მაისს დანიშვნის შესახებ. პრეზიდიუმის აღნიშნული გადაწყვეტილება ჯ. ვ-ემ მიიჩნია უკანონოდ, ვინაიდან პირველადი ორგანიზაციის ხელახალი არჩევნების დანიშვნის უფლება პრეზიდიუმს არ ჰქონდა, რადგან მათი წესდების თანახმად ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის უფლება ჰქონდა მხოლოდ ორგანიზაციაში გაერთიანებულ წევრთა არანაკლებ ერთ მესამედს.
მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით გ. ლ-ემ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. მან მიუთითა, რომ იგი არის სს “ტ-ში” შემავალი დასახიჩრებულ და პროფდაავადებულ პენსიონერთა პროფორგანიზაციის წევრი. 2001წ. 4 მაისს მოწვეული იყო ამ ორგანიზაციის რიგგარეშე კრება ვადამდელ არჩევნების ჩატარების შესახებ. რეგისტრაციაში გატარებული 117 კაციდან კრებას ესწრებოდა 79 კაცი. კენჭისყრის შედეგად 54 ხმით კომიტეტის თავმჯდომარედ ის აირჩიეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ლ-ემ მოითხოვა კომიტეტის თავმჯდომარედ მისი აღიარება, მოსარჩელის ოფისიდან გამოსახლება და პროფკომიტეტის კუთვნილი ქონების გადაბარება.
მოპასუხემ ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა ცნო, ხოლო გ. ლ-ის დამოუკიდებელი მოთხოვნა არ ცნო. მოპასუხემ განმარტა, რომ გ. ლ-ე არ იქნა არჩეული წესდების შესაბამისად, ვინაიდან 2001წ. 4 მაისის არჩევნები ჩატარებულ იქნა არა პირველადი ორგანიზაციის წევრთა ერთი-მესამედის მოთხოვნით, არამედ _ პრეზიდიუმის დადგენილებით. კრებაზე მოწვეული არ იყო წევრთა ორი მესამედი, ამდენად _ იგი უფლებამოსილი არ იყო მიეღო გადაწყვეტილება.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებით მთლიანად უარი ეთქვა ჯ. ვ-ის სასარჩელო მოთხოვნას. Mგ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცნობილ იქნა პროფკომიტეტის თავმჯდომარის ჯ. ვ-ის გადადგომის ფაქტი და უარი ეთქვა გ. ლ-ის აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულად ცნობის ფაქტს, ამ საფუძვლით ჯ. ვ-ის ოფისიდან გამოსახლებასა და პროფკომიტეტის კუთვნილი ქონების მისთვის გადაბარებას. მოპასუხეს, ნახშირის მრეწველობის პროფორგანიზაციის პრეზიდიუმს, დაევალა პრაქტიკული დახმარების გაწევა პირველადი ორგანიზაციისათვის ხელახალი ვადამდელი არჩევნების ორგანიზებაში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ტ-ში” შემავალ დასახიჩრებულ და პროფდაავადებულ პენსიონერთა პროფესიული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯ. ვ-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გასაჩივრდა გ. ლ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი დამოუკიდებელი სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით ჯონი ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მთლიანად, ხოლო გ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება. ჯ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდიუმის 2001წ. 18 აპრილის გადაწყვეტილება და სს “ტ-ის” სისტემაში შემავალი დასახიჩრებულ და პროფდაავადების პენსიონერთა პროფორგანიზაციის რიგგარეშე საერთო კრების 2001წ. 4 მაისის გადაწყვეტილება. გ. ლ-ის სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
გ. ლ-ემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის. Kკასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი ,,პროფესიული კავშირების შესახებ”.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ 2001წ. 9 იანვარს პროფკომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგა ჯ. ვ-ე და მასთან ერთად პროფკომიტეტის მთელი შემადგენლობა. ამავე კრებაზე გადაწყდა კონფერენციის მოწვევა პროფკომიტეტის ახალი შემადგენლობის და ახალი ხელმძღვანელობის არჩევის მიზნით, რისთვისაც საჭიროდ ჩაითვალა საინიციატივო ჯგუფის შექმნა. კონფერენციის ჩატარების დღედ დაინიშნა 2002წ. 18 იანვარი. დადგენილ დღეს ჩატარებული არჩევნების შედეგად პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარეობის პრეტენდენტებს ჯ. ვ-ესა და დ. კ-ეს შორის გაიყო ხმები, რის გამოც ინსტრუქციის თანახმად საჭირო იყო მეორე ტურის ჩატარება, რაც საბოლოო ჯამში არ განხორციელდა, ვინაიდან დ. კ-ემ მოხსნა თავისი კანდიდატურა, რის შემდეგ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ჯ. ვ-ე.
ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდიუმის 2001 წ. 18 აპრილის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი დასახიჩრებული და პროფდაავადების პენსიონერთა პროფკავშირის რიგგარეშე საარჩევნო კრების მოწვევის შესახებ იმ საფუძვლით, რომ შემოწმებისას გამოვლენილ იქნა ფინანსური დარღვევები და დაინიშნა პროფკომიტეტის რიგგარეშე საარჩევნო კრების ჩატარება 2001წ. 4 მაისისათვის.
,,პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების უმაღლესი და ხელმძღვანელი ორგანოების კომპეტენციას განსაზღვრავს მათი წესდებები კანონმდებლობის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმი გასცდა თავის უფლებამოსილებას და უხეშად ჩაერია პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საქმიანობაში.
არც “პროფესიულ კავშირების შესახებ” საქართველოს კანონი და არც ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წესდება არ აძლევს ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმს უფლებას, გადასინჯოს, გააუქმოს ან ბათილად ცნოს პირველადი ორგანიზაციის გადაწყვეტილებები.
სააპელაციო სასამართლო სწორად უთითებს “პროფესიულ კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 18 იანვრის არჩევნებისას დაირღვა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ან წევრის უფლება, იგი დაცული უნდა ყოფილიყო სასამართლო წესით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ დარღვეულია წესდების 5.20 მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციაში ვადაზე ადრე არჩევნების ჩატარება შეიძლება ორგანიზაციაში გართიანებულ წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.
დარღვეულია როგორც პირველად ორგანიზაციაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის, ასევე _ კრებაზე გადაწყვეტილების მიღების წესი, რაც იწვევს კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.