Facebook Twitter

საქმე N 330141224010166190

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1101-24 15 ნოემბერი, 2024 წელი

გ–ი მ., N1101-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ: გ–ს ინტერესების დამცეველი ადვოკატის დ. ნ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 4 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ: გ–ს (პირადი ნომერი: ...........) პირადი საქმე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის განაჩენით, მ: გ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2020 წლის 18 ნოემბრიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებულ მ. გ–ს მიმართ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 1/6-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცეველმა ადვოკატმა დ. ნ–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა, მ. გ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელება და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის 1/2-ით შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განაჩენით (რითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის განაჩენი) მ. გ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მ. გ–ს სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაზეც წინაპირობების (განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არქონა და დაზარალებულის თანხმობა) არსებობისას, ვრცელდება ზემოხსენებული ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მ. გ–ს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არ დანიშვნია სასჯელი, კერძოდ: მისთვის მსჯავრად შერაცხილი კვალიფიკაცია მოიაზრებს თაღლითობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაზეც ამნისტიის კანონის პირველი-მე-3 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, კანონმდებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაზარალებულის თანხმობის არსებობა/არარსებობის მიუხედევად, მ. გ–ს მიმართ დანიშნული ერთიანი სასჯელის მხედველობაში მიღებით, არ არსებობს ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების საფუძველი.

5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ. გ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება და მის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განაჩენით (რითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირება არის კანონიერი, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ–ს ინტერესების დამცეველი ადვოკატის დ. ნ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე