Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-925-02 2 აგვისტო, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. პ-მ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა. მოსარჩელის განმარტებით, იგი 1978 წლიდან მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1996 წლიდან მუშაობდა თბილისის ისნის რაიონის საგამოძიებო დეპარტამენტში, ...ის თანამდებობაზე კაპიტნის ჩინით. 1997წ. 18 მარტს განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შემდგომში არასაგამოძიებო ხაზით მუშაობის გაგრძელების მიზნით. მან აპრილის თვეში შეიტყო, რომ განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მ. პ-ა აღდგენილი და ჩარიცხული იქნა შს კადრების განყოფილებაში, რათა ეს უკანასკნელი დაკმაყოფილებულ იქნეს წოდების და ნამსახურების განაცდურის გათვალისწინებით სხვა თანამდებობაზე.

მ. პ-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. პ-მ დაუშვა უხეში პროცესუალური შეცდომები, რის გამოც არ მიიჩნია მიზანშეწონილად მისი აღდგენა ...ის თანამდებობაზე.

მ. პ-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოს განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი განაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, 1997წ. 19 თებერვალს შს მთავარ სამმართველოში ჩატარებულ ოპერატიულ თათბირს, სადაც განხილულ იქნა გ. ზ-ის საქმის დაბრუნებისა და მისი უკანონო პატიმრობაში ყოფნის საკითხი და მიიღეს გადაწყვეტილება მისი განთავისუფლების შესახებ, იგი არ დასწრებია. განთავისუფლების ბრძანება არ ჩაბარებია და ამის შესახებ მხოლოდ 1997წ. 18 აპრილს შეიტყო.

საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებულ “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესების შესახებ” დებულების 45-ე მუხლის თანახმად პოლიციის მუშაკს დისციპლინური სასჯელი უნდა დაედოს 10 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როცა უფროსისათვის ცნობილი გახდა მომხდარი გადაცდომა.

1996წ. 31 ოქტომბერს სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელობისათვის უკვე ცნობილი იყო, რომ მას ჩადენილი ჰქონდა პროცესუალური დარღვევა და მისი დავის ირგვლივ უნდა ემსჯელათ 10 ნოემბრამდე. ნაცვლად 10 დღისა, დისციპლინური სასჯელი დაედო 1997წ. 18 მარტს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 1997წ. 18 მარტის ¹188 ბრძანების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას დაშვებული უხეში პროცესუალური დარღვევებისათვის, მინდობილი საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებისა და დაბალ პროცესუალურ დონეზე შესრულებისათვის, შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ისნის რაიონის განყოფილების ... მ. პ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 1997წ. 18 მარტიდან მივლინებულ იქნა ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს განყოფილებაში.

თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1996წ. 31 ოქტომბრის განჩინებით სისხლის სამართლის საქმე გ. ზ-ის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელსაც იძიებდა ... მ. პ-ა წინასწარი გამოძიების არასრულყოფილად ჩატარების გამო დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა ისნის რაიონის პროკურატურას.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო განჩინება, რომ არ მიუთითა არც-ერთი ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნულის გამო, შეუძლებელია გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება, თუ როდის გახდა ცნობილი მოწინააღმდეგე მხარისათვის მ. პ-ს მიერ ჩადენილი გადაცდომის შესახებ და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივად შეაფასოს დისციპლინური სასჯელის გამოყენების კანონიერება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. პ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 28 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.