გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-926-02 23 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ქ-ემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. ბ-ის მიმართ და განმარტა, რომ 1999წ. 15 ივნისს მ. ბ-ისაგან 6 თვის ვადით სესხად აიღო 3000 აშშ დოლარი თვეში 10%-იანი განაკვეთით. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 1999წ. 15 ივნისს დადებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ ბინაზე ვ. შ-ასა და ლ. ბ-ეს შორის, რომელიც ანდერძით უნდა მიეღო თ. ქ-ეს. აღნიშნული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებას ვ. შ-ამ ხელი მოაწერა თ. ქ-ის დახმარებით, რადგან იმჟამად მძიმე ავადმყოფი იყო. ვ. შ-ა გარდაიცვალა 2000წ. თებერვალში. თ. ქ-ემ ოთხი თვის შემდეგ ვერ შეძლო სესხის საპროცენტო განაკვეთის გადახდა და ლ. ბ-ემ თვითნებურად დაიკავა სადავო ბინა. მოსარჩელემ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა 1999წ. 15 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც თავალთმაქცურად, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით დადებული გარიგებისა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ვინაიდან 1999წ. 15 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სასამართლომ მიიჩნია კანონის შესაბამისად დადებულად.
თ. ქ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის განჩინებით უცვლელი დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სესხის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რითაც მოსარჩელე დაასაბუთებდა, რომ სადავო გარიგებით დაფარულ იქნა სესხის ხელშეკრულება. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი სადავო ბინის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რომლითაც დაამტკიცებდა შეუსაბამობას გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის.
თ. ქ-ემ საკასაციო საჩივრითYმიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინების გაუქმება, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, სააპელაციო პალატამ არ შეამოწმა, სკ-ს 59-ე მუხლის რა მოთხოვნათა დაცვით არის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და დაცულია თუ არა გარიგების ფორმა. ასევე არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 55-ე და 58-ე მუხლები, რომლებიც გარიგების ბათილობას იწვევს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. პალატის აზრით, აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს რა გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებს, აზუსტებს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას და მიუთითებს, რომ ეს უკანასკნელი ამოწმებს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისწორეს, ისე _ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მისი სამართლებრივი გადაწყვეტის საფუძვლიანობას. გამომდინარე აღნიშნულიდან, სააპელაციო სასამართლოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში შეუძლია, თვითონ გამოიკვლიოს და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ვალდებულია, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითოს მის მიერ დადგენილ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებები, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს არ მიუთითებია საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და არ აღუნიშნავს, რომელ ფაქტობრივ გარემოებას მიიჩნევს დადგენილად და რომელს _ არა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა რა სკ-ს 59-ე, 72-ე, 89-ე მუხლებზე, შეცვალა სარჩელის საფუძველი, რისი უფლებაც სსკ-ს 381-ე მუხლის მიხედვით არ ჰქონდა.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ სასამართლოს არ უნდა ემსჯელა სკ-ს 72-89-ე მუხლებით გათვალისწინებულ გარიგების ბათილობის საფუძველზე და შესაბამისად საცილო გარიგების ბათილად ცნობისთვის დადგენილი ერთწლიანი ვადის გასვლაზე, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მხარემ აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლით მოითხოვა სადავო გარიგების ბათილად ცნობა.
პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძვლის შეცვლას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სანოტარო მოქმედებების შესაძლო დარღვევების შესახებ მოსარჩელემ ჯერ კიდევ მოსამზადებელ სხდომაზე განაცხადა, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეებმა, როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ და საქმეში მესამე პირად ჩართულმა ნოტარიუსის წარმომადგენელმა იმსჯელეს სანოტარო მოქმედების კანონიერებაზე. პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ს 105-ე მუხლის დარღვევითაა დადგენილი და გამომდინარე აღნიშნულიდან კასატორის პრეტენზია დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად უნდა ჩაითვალოს;
პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეაფასოს მტკიცებულებანი (მათ შორის _ თ. ქ-ის 2000წ. 16 მარტის ხელწერილი), სანოტარო მოქმედებების ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტები. კერძოდ, გაარკვიოს ჰქონდა თუ არა კანონის დარღვევას ადგილი სანოტარო მოქმედებების შესრულებისას; დადებით შემთხვევაში შეიძლება თუ არა აღნიშნული დარღვევები დადებული გარიგების ბათილობის საფუძველი გახდეს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება; ვინაიდან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არაა, პალატა არაა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.