Facebook Twitter

¹ 3კ/928-01 15 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: საკვალიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გაუქმებულად ცნობა და სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ხ-ძე მუშაობდა სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის, გადამხდელთა დაბეგვრის, კონტროლის მეთოდებისა და პროგრამების დეპარტამენტის მოგების გადასახადის კონტროლის მეთოდების საქართველოს მთავარ საგადასახადო ინსპექტორად, ხოლო დ. თ-შვილი შიდა კონტროლის დეპარტამენტის შიდა კონტროლის სამმართველოს კომპლექსური შემოწმების მთავარ საგადასახადო ინსპექტორის თანამდებობაზე.

საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციასთან და საშტატო შემცირების პროცედურასთან დაკავშირებით 2000 წლის 3 სექტემბერს ჩატარდა საკვალიფიკაციო გამოცდა.

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 19 ოქტომბრის ¹პ-909, ¹პ-926 ბრძანებების საფუძველზე ვ. ხ-ძე და დ. თ-შვილი განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.

ვ. ხ-ძის და დ. თ-შვილის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველად დაედო საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. თ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მის მიმართ გაუქმდა 2000 წლის 3 სექტემბერს ჩატარებული საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის საკვალიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგები. ვ. ხ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ კრიტერიუმის მხედველობაში მიღების გარეშე არ არსებობდა მოხელეთა შრომის ნაყოფიერების ქულებით განსაზღვრის კანონიერი საფუძველი. დ. თ-შვილის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაგროვილი ჰქონდა გამსვლელი ქულები, ხოლო ვ. ხ-ძეს აღმოაჩნდა გამსვლელ ქულაზე ნაკლები.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. ხ-ძემ სააპელაიცო წესით გაასაჩივრა მის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო მოპასუხე მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დ. თ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა ვ. ხ-ძის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა ვ. ხ-ძის სარჩელი; გაუქმდა მის მიმართ საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგები; უკანონოდ ჩაითვალა სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილი იქნა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში სამსახურიდან განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; არ დაკმაყოფილდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სააპელაიცო საჩივარი.

საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა სამინისტროს 2000 წლის 25 ივნისის ¹103 ბრძანების შესაბამისად, ხოლო შრომის ნაყოფიერების კრიტერიუმი საატესტაციო კომისიამ განსაზღვრა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაუქმებულ უნდა იქნეს ვ. ხ-ძისა და დ. თ-შვილის სამსახურიდან განთავისუფლებამდე დაკავებულ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდა სამინისტროს 2000 წლის 25 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული “საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) წესის” საფუძველზე, რომელიც ვ. ხ-ძის და დ. თ-შვილის სამსახურიდან განთავისუფლების დროს საერთოდ არ ითვალისწინებდა კანდიდატის შერჩევის ისეთ კრიტერიუმს, როგორიცაა ქულებით განსაზღვრული შრომის ნაყოფიერება.

მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლებისას დარღვეულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. საქმის მასალებით არ დასტურება სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზების ფაქტი.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 112-ე მუხლის თანახმად სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს შესაბამისი ბრძანების უკანონოდ ცნობა.

არ არის გარკვეული, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შემდეგ საგადასახადო დეპარტამენტში დარჩა თუ არა ის თანამდებობები, რომლებიც ეკავათ მოსარჩელეებს სამსახურიდან განთავისუფლებამდე.

გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს რომელი სტრუქტურულ ქვედანაყოფში და რა თანამდებობაზე იქნენ აღდგენილნი მოსარჩელეები, რის გამოც გადაწყვეტილებისაღსრულება ფაქტობრივად შეუძლებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება ვ. ხ-ძის და დ. თ-შვილის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში გათავისუფლებამდე მათ მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.