გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-928-02 24 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: კუთვნილი ხელფასისა და უხელფასო შვებულებაში უკანონოდ გაშვების გამო მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. თ-ი მუშაობს სს “ს-ში” ექსპედიციის ...ად.
ს. თ-ს 1997_1998 წლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისათვის არ მიუღია კუთვნილი ხელფასი, ხოლო 1998წ. იანვრიდან იგი გაშვებული იქნა უხელფასო შვებულებაში.
2001წ. მაისში ს. თ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში სს “ს-ის” მიმართ მიუღებელი ხელფასისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სს “ს-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1998წ. ივლისის თვის ხელფასის, 81 ლარის და 35 თეთრის, გადახდა. დანარჩენი მიუღებელი ხელფასის დაბრუნების ნაწილში მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული იმ საფუძვლით, რომ გაშვებული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდის ანაზღაურების 3990 ლარის მოთხოვნა სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ ჩათვალა.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. თ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უხელფასო შვებულების პერიოდის ანაზღაურებითა (3990 ლარის) და მიუღებელი ხელფასის (666 ლარის) ნაწილში გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: სს “ს-ის” ს. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის, 666 ლარის, გადახდა. ს. თ-ს უარი ეთქვა უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდის ანაზღაურებაზე 3990 ლარზე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო.
ს. თ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და მისი საასრჩელო მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უხელფასო შვებულების პერიოდის თანხების ანაზღაურების ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ჩათვალა ხანდაზმულად იმ საფუძვლით, რომ ს. თ-ი უხელფასო შვებულებაში გაშვებულ იქნა 1998წ. 17 იანვრიდან, სარჩელი კი აღძრა 2001წ. 18 მაისს, საქართველოს შრომის კოდექსის 204-ე მუხლი განსაზღვრული სამთვიანი ვადის დარღვევით.
შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ შრომითი დავის კომისიას სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ვადები ვრცელდება სასამართლოში მიმართვისას.
სს “ს-ის” 2001წ. 3 იანვრის ბრძანების შესაბამისად ს. თ-ი უხელფასო შვებულებაში იმყოფებოდა 2001წ. 31 მარტამდე.
ს. თ-ს სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვს 2001წ. 18 მაისს.
მას სასამართლოს ხანდაზმულობის ვადა უნდა აეთვალა არა 1998წ. იანვრიდან, არამედ უკანასკნელი ბრძანების გამოცემიდან.
აღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ს. თ-მა გაუშვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
საჭიროა, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებსა და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილება უხელფასო შვებულების პერიოდის 3990 ლარის, ანაზღაურების, ნაწილში და საქმე ამ ნაწილში განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
იპოთეკა; გამოსახლება