3კ-931-02 30 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ნივთის გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან, დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდევინება და ბინის ქირის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. გ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ვ. ჩ.-ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება თბილისში, ... მდებარე ბინიდან, მოპასუხისათვის დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდევინება და ბინის ქირის დაკისრება შემდეგი საფუძვლით: 2000წ. 24 მარტს მან ვ. ჩ.-ისაგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა სადავო ბინა, რაშიც გადაიხადა 9500 აშშ დოლარი. 2000წ. 31 მარტს ბინა აღირიცხა ქ.თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში მის სახელზე. მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, ვ. ჩ.-მ არ გამოანთავისუფლა დაკავებული ბინა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ვ. ჩ.-ე მასთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლდა თბილისში, ... მდებარე ბინიდან. მასვე დაეკისრა დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა გადაწყვეტილების აღსრულების დროს არსებულ დავალიანების ოდენობით და 12 თვის ბინის ქირა თვეში 80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. გ.-ი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, სადავო ბინის მესაკუთრედ. სკ-ს 312-ე მუხლის თანახმად კი რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია, ამიტომ სკ-ს 172-ე მუხლის პირველი და 164-ე მუხლის თანახმად დაკმაყოფილდა გ.-ის სარჩელი.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. ჩ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 აპრილის განჩინებით ვ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2000წ. 24 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით სადავო ბინის მესაკუთრე გახდა მ. გ.-ი. სასამართლომ არ გაიზიარა ვ. ჩ.-ის მოსაზრება, რომ მხარეების გარიგება თვალთმაქცური იყო და ნასყიდობის ნაცვლად მათ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რადგან ვ. ჩ.-ს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნა სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია. რაც შეეხება ბინის ქირისა და ელექტროენერგიის გადასახადს, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გ.-ს, როგორც სადავო ბინის მესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ბინის ქირისა და დახარჯული ელექტროენერგიის საფასური.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 აპრილის ლგანჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. ჩ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით: არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია იმ გარემოებისათვის, რომ მხარეებს შორის არსებობდა არა ნასყიდობის, არამედ სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელე მისგან მოითხოვდა 9500 აშშ დოლარს სხვა დანახარჯებთან ერთად მაშინ, როცა ნასყიდობის ხელშეკრულებით მითითებულია სულ სხვა თანხა. ამას გარდა, იგი აპირებს მიმართოს სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, კერძოდ ვ. ჩ.-ისათვის გ.-ის სასარგებლოდ ბინის ქირის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებს შორის სადავო სახლზე დაიდო ნასყიდობის გარიგება. რომელიც დადებულია კანონით გათვალისწინებული წესით. კერძოდ, სკ-ს 183-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით და შემძენი, ე.ი. მ. გ.-ი მესაკუთრედ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, რომელიც ამჟამადაც სადავო ბინის მესაკუთრეა. სკ-ს 170-ე მუხლის თანახმად მესაკუთრე უფლებამოსილია, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. მოცემულ შემვთხვევაში მესაკუთრე არც კანონისმიერ და არ სახელშეკრულებო ბოჭვას არ განიცდის, რის გამოს მისი სარჩელი მოპასუხის გამოსახლების შესახებ კანონიერია.
გარდა ამისა, სკ-ს 477-ე მუხლის შესაბამისად, გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ჩ.-ე მოვალეა, დაცალოს სადავო ბინა და გადასცეს იგი მყიდველ მ. გ.-ს. გარდა ამისა, ვ.ჩ.-ემ არ დაცალა რა გაყიდული ბინა და არ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულების მოვალეობა, ზიანი მიაყენა მყიდველს – გ.-ს, რაც გამოიხატა მის მიერ ელექტროენერგიის გახარჯვაში და მისი საფასურის გადაუხდელობაში, რაც მან სკ-ს 394-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად უნდა აანაზღაუროს. Aამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკისრა ვ.ჩ.-ეს დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა. რაც შეეხება ჩ.-ისათვის ბინის ქირის გადახდის დაკისრებას, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ ნაწილში უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს. სასამართლომ ისე დააკისრა ქირა ჩ.-ს, რომ არ მოუთითა კანონი, რომლის საფუძველზეც დაეკისრა ქირა, ასევე ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება, მხარეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკისრება ქირის გადახდა თუ მათ შორის არსებობს 531-ე მუხლით გათვალისწინებული ქირავნობის ხელშეკრულება. ამდენად, არ არსებობს მ.გ.-ის მიერ ბინის ქირის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელს უარი უნდა ეთქვას.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მას და მოსარჩელეს შორის დადებული იყო არა ნასყიდობის, არამედ სესხძის ხელშეკრულება, რადგან ასეთი საქმის მასალებით არ დასტურდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე და 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ვ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 აპრილის განჩინება. ვ. ჩ.-ისათვის მ.გ.-ის სასარგებლოდ ბინის ქირის დაკისრების ნაწილში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. მ. გ.-ს უარი ეთქვას სარჩელზე ვ. ჩ.-ისათვის ბინის ქირის დაკისრების შესახებ, დანარჩენ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.