გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-933-02 18 ოქტომბერი 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1994წ. 14 ივნისს თბილისში ... გამზირზე მოხდა უბედური შემთხვევა – აფეთქდა საწარმოო გაერთიანება “თ.” კუთვნილი მაღალი ძაბვის კაბელი, რის გამოც ქუჩაზე შემთხვევით გამვლელმა ნ. ე-მა მიიღო სხეულის დამწვრობა. 9 თვის მკურნალობის შემდეგ ერიციანს დაუდგინდა მესამე ჯგუფის ინვალიდობა.
1998წ. 10 ივნისს ნ. ე-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს საწარმოო გაერთიანება “თ.” მიმართ 69475 ლარის ოდენობით ზარალის ანაზღაურების შესახებ. სარჩელით ნ. ე-ი მოითხოვდა სამკურნალო ხარჯების და მორალური ზიანის ანაზღაურებას, ასევე, ბორტგამცილებლის ხელფასს, დისპეჩერის ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის ანაზღაურება.
საქმის რაიონულ სასამართლოში განხილვისას მხარეები მორიგდნენ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998წ. 23 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მორიგება და საქმის წარმოება შეწყდა.
მორიგების თანახმად თბილისის მერიის საწარმოო გაერთიანება “თ.” ვალდებულება იკისრა, რომ მოსარჩელეს გადაუხდიდა 20000 ლარს.
პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოო გაერთიანება ,,თ.” იძულებითი აღსრულების წესით გადახდებოდა მორიგების თანხა მოსარჩელე ნ. ე-ის სასარგებლოდ.
1999წ. ივნისში ნ. ე-მა სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს “ე. თ.” მიმართ და იმ მოტივით, რომ მოპასუხემ მორიგების შესახებ შეთანხმება არ შეასრულა და ვადას გადააცილა – 1998წ. 23 ივნისის განჩინებით დაკისრებული 20000 ლარი გადაიხადა 9 თვის დაგვიანებით _ 1999წ. აპრილის თვეში, ნაცვლად 1998წ. აგვისტოსი და მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა: 1. აშშ დოლართან შეფარდებით ლარის კურსის გაუფასურებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 5232 ლარის ოდენობით სკ-ს 389-ე მუხლიდან გამომდინარე; 2. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო მიყენებული ზიანი 8550 ლარის ოდენობით, გამომდინარე 404-ე და 391-ე მუხლებიდან; 3. მიუღებელი შემოსავალი 14847 ლარის ოდენობით და 4. პენსია სიცოცხლის ბოლომდე, თვეში 150 ლარის ოდენობით.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის მორიგება მოხდა ეროვნული ვალუტით ანგარიშსწორებაზე. ვინაიდან მოცემულ პერიოდში არც ვალუტის კურსი და არც ვალუტა არ შეცვლილა, პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სკ-ს 389-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა.
პალატა მიუთითებს, რომ სასამრათლოს 1998წ. 23 ივლისის მორიგების თაობაზე განჩინებაში მითითებული და დაზუსტებული არ არის ვალდებულების შესრულების ვადა. ამასთან, მოვალეს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ეკისრება მხოლოდ მაშინ, როცა აშკარად გამოხატულია მისი ბრალი. ამ შემთხვევაში მოვალის მიერ თანხის გადახდა ვადის ბრალეულად გადაცილებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან 1998წ. 21 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და “ე. თ.” შორის დადებული ხელშეკრულებით სს “ე. თ.” იკისრა საწარმოო გაერთიანება “თ.” ვალდებულებანი და მათ შორის ნ. ე-ის ვალის _ 20000 _ ლარის გადახდა, რაც დასტურდება მხარეთა შორის 1999წ. 4 იანვარს დამტკიცებული ჩარჩო-ხელშეკრულების მე-5 დანართის 227 ცხრილით, რომლითაც სს “ე. თ.” მიერ ნაკისრი ვალდებულებანი უნდა დაფარულიყო თანმიმდევრობით, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში, რაც სს “ე. თ.” შეასრულა ხელშეკრულების დადებიდან მე-4 თვეს, კერძოდ, კი 1999წ. აპრილში.
სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა ნ. ე-ის მოთხოვნა მხარეთა შორის დადებული 19...წ. განჩინებით დამტკიცებული მორიგების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობის თაობაზე. პალატამ დაადგინა, რომ მორიგების დადებისას გაერთიანება “თ.” არ მოუტყუებია ნ. ე-ი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა ნ. დ-ემ.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ს 389-ე, 365-ე, 99-ე მუხლები. სკ-ს 99-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა გარკვეულიყო, მოსარჩელე თანახმა იყო თუ არა, რომ 12 თვის განმავლობაში მიეღო გარიგების თანხა. კასატორი მოითხოვს, რომ გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა ნ. დ-ემ მიიჩნია, რომ მოპასუხე ფინანსთა სამინისტრო არასათანადო მოპასუხეა და იშუამდგომლა პალატის წინაშე, რომ იგი შეცვლილიყო სთანადო მოპასუხით _ სს “ე. თ.”.
სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დადგენილია, რომ 1998წ. 21 დეკემბერს ქონების მართვის სამინისტროსა და “ე. თ.” შორის დადებული ხელშეკრულებით სს “ე. თ.” იკისრა საწარმოო გაერთიანება “თ.” ვალდებულებანი და მათ შორის ნ. ე-ის ვალის 20000 ლარის გადახდა, რაც დასტურდება მხარეთა შორის 1999წ. 4 იანვარს დამტკიცებული ჩარჩო-ხელშეკრულების მე-5 დანართის 227 ცხრილით, რომლითაც სს “ე. თ.” მიერ ნაკისრი ვალდებულებანი უნდა დაფარულიყო თანმიმდევრობით, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში. ვალდებილება სს “ე. თ.” შეასრულა ხელშეკრულების დადებიდან მე-4 თვეს, 1999წ. აპრილში.
ვალის გადახდის ვალდებულება თავის თავზე აიღო მესამე პირმა. კრედიტორს ამ გარიგების მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს. მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, სადავოდ გაეხადა აღნიშნული გარიგების, როგორც მასთან შეთანხმების გარეშე დადებულის,…ნამდვილობა; სკ-ს 203-ე და 99-ე მუხლებიდან გამომდინარე მოთხოვნა წაეყენებინა ადრინდელი მოვალისათვის; არ მიეღო მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა, მაგრამ მან აღნიშნული ხელშეკრულება სადავო არ გახადა.
დადგენილია, რომ მოპასუხემ თანხა გადაიხადა ნაკისრ ვადებში. ეს შესრულება მოსარჩელემ მიიღო. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ რაიმე მართლსაწინააღმდეგო განზრახი მოქმედება არ ჩაუდენია და ამდენად, ზიანის ანაზღაურების საფუძველიც არ არსებობს.
სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) საოლქო სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
აღნიშნულ გარემოებათა გამო, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ე-ის წარმომადგენლის, ნ. დ-ის, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.