გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-937-02 24 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე)
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 13 ივლისს თ. ჩ-ეს და გ. გ-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გ. გ-მა თ. ჩ-ისაგან ექვსი თვის ვადით ისესხა 5000 აშშ დოლარი.
სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით იქნა დატვირთული ქ. თბილისში, ... მდებარე გ. ა-ის კუთვნილი ბინა. იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროში 1999წ. 14 ივლისს.
2001წ. ოქტომბერში თ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს სესხის დაბრუნების და იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის თაობაზე. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს 2000წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს გ. გ-ს დაეკისრა ვალის _ 7000 აშშ დოლარის გადახდა. მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად დადგენილი იქნა იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია. 2001წ. 1 ოქტომბრის გამოცხადებულ აუქციონზე საჯარო ვაჭრობის წესით გაიყიდა გ. ა-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, რომელიც შეიძინა აუქციონში მონაწილე თ. ჩ-ემ. ეს უკანასკნელი 2001წ. 8 ოქტომბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა ბინის მესაკუთრედ.
2001წ. 16 ოქტომბერში თ. ჩ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ლ. და ნ. ა-ის გამოსახლების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებმა ნებაყოფლობით არ გამოათავისუფლეს ფართობი.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით ლ. და ნ. ა-ები ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით უარის თქმას სარჩელზე, იმ საფუძვლით, რომ სასამრათლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სკ-ს 303-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჰქონდათ უფლება, რომ დაბრუნებულიყვნენ ბინაში დამქირავებლად და გადაეხადათ ბინის ქირა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
1999წ. 13 ივლისს თ. ჩ-ესა და გ. გ-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იმავეწ. 14 ივლისს იპოთეკით იქნა დატვირთული გ. ა-ის კუთვნილი ბინა.
დადასტურებულია ის ფაქტი, რომ 2001წ. 1 ოქტომბერს გამოცხადებულ აუქციონზე ბინა საჯარო ვაჭრობის წესით შეიძინა თ. ჩ-ემ, რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხა ამ ბინის მესაკუთრედ.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სკ-ს 303-ე მუხლის შესაბამისად მათ ჰქონდათ სადავო ბინაში დამქირავებლად დარჩენისა და საბაზრო პირობების შესაბამისი ქირის გადახდის უფლება. აღნიშნული კანონის ნორმა გამოიყენება მოვალის მიმართ, მაშინ როდესაც კასატორები წარმოადგენენ არა მოვალეებს, არამედ გარდაცვლილი იპოთეკარის გ. ა-ის ოჯახის წევრებს.
ასეთ პირობებში მოსარჩელე თ. ჩ-ეს ჰქონდა უფლება სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად მოეთხოვა უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ქონების გამოთხოვა-კერძოდ, სადავო ფართიდან მოპასუხეების გამოსახლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. და ნ. ა-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.