Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-938-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ბ-მა 2000წ. 23 ივნისს სააქციო საზოგადოება “ბ. კ-ის” ბათუმის ფილიალის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი და მოითხოვა ბანკის აქციების შეძენაზე ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სს “ბ. კ-ზე” 3029 აშშ დოლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 1995წ. 7 დეკემბერს მას ბანკში ანაბარზე შეტანილი ჰქონდა 4000 აშშ დოლარი და ყოველთვიურად ღებულობდა სარგებელს 60 აშშ დოლარის ოდენობით. 1997წ. სექტემბერში სათავო ბანკის წარმომადგენელმა ბ.ბ-ს შესთავაზა შეეძინა ბანკის აქციები, რათა გაზრდილიყო ბანკის საწესდებო კაპიტალი და მისი თანხმობით ანაბრის ნაწილი გადაეტანა საწესდებო კაპიტალში. მას აუხსნეს, რომ იგი გახდებოდა ბანკის აქციონერი და ლის ბოლოს მიიღებდა იმაზე მეტ დივიდენდს, ვიდრე ანაბრის სარგებელი იყო. იგი დაეთანხმა ამ წინადადებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბანკის ხელმძღვანელობამ მოატყუა. 1999წ. დასაწყისში მან მიიღო 1998წ. დივიდენდი _ 250 ლარი, ანაბრის სარგოზე ბევრად ნაკლები, ხოლო 1999წ. დივიდენდი საერთოდ არ მიუღია. მას განუმარტეს, რომ მისი კუთვნილი დავიდენდის 100 ლარის _ სანაცვლოდ გაეზარდა აქციის რაოდენობა. მოსარჩელე განმარტავდა, რომ აქციის შესაძენად გადაირიცხა 1500 აშშ დოლარი, ხოლო ანაბარზე დარჩა 2500 აშშ დოლარი. აღმოჩნდა, რომ მის ანაბარზე ირიცხებოდა 540 აშშ დოლარით ნაკლები, მის მიერ შეძენილი აქციები კი ყოფილა უბრალო და არა-პრივილეგირებული, ხოლო განაცხად ხელშეკრულებაში კი იყო მითითებული აქციის სახეზე. ბ.ბ-ს მიაჩნია, რომ აქციონერად გახდომის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ბანკის ადმინისტრაციამ იგი მოატყუა და არ მიაწოდა სრული ინფორმაცია ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის აქციის ღირებულების _ 1500 აშშ დოლარის და დანაკლისის _ 540 აშშ დოლარის, სულ 2040 აშშ დოლარის და გარდა აღნიშნულისა, მისი შეფერხების გამო მიყენებული მატერიალური ზიანის _ 500 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი აქციების შეძენის შესახებ ¹117 ხელშეკრულება და მოპასუხე ბანკს დაეკისრა 3256 აშშ დოლარის გადახდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თანახმად სკ-ს 81-ე მუხლისა, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. პალატა თვლის, რომ მხარეებს შორის დადებული აქციების შესყიდვის შესახებ გარიგება მოტყუებით დადებული გარიგებაა. დადგენილია, რომ იმ დროისათვის, როდესაც დაიდო მხარეებს შორის ხელშეკრულება, ბანკის ფინანსური მდგომარეობა ცუდი იყო და ამის დასაფარად მოპასუხე ბანკის ფილიალი ადგენდა ორმაგ ბალანსებს.

პალატა თვლის, რომ სკ-ს 84-ე მუხლით გათვალისწინებული შეცილების ვადა არაა დარღვეული, რადგანაც მოტყუებით დადებული გარიგების ვადის ათვლა დაიწყო 2000წ. დასაწყისიდან, მაშინ, როცა აქციონერებზე საერთოდ არ იყო გაცემული დავიდენდი.

პალატა არ იზიარებს ბანკის მითითებას, რომ მოსარჩელემ შეიძინა ჩვეულებრივი აქცია და არაპრივილეგირებული, რადგან ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, თუ რომელი სახის აქცია შეიძინა ბ.ბ-მა.

მოპასუხემ სააპელაციო პალატის განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ს 81-ე მუხლი, ვინაიდან აქციების შეძენის ხელშეკრულება-განაცხადში ბ-ი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია ს.ს. ,,ბ. კ-ის” საქმიანობის შედეგები. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მართებულად ჩათვალა ბ. ბ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მან შეიძინა პრივილეგირებული და არა უბრალო აქციები, იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის უცნობი იყო აქციათა შეძენის წესი და ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, თუ რომელი აქციების შეძენაზეა საუბარი. ბ. ბ-ი თავის 1997წ. 29 სექტემბრის განაცხადში წერს, რომ გაეცნო ს.ს. ,,ბ. კ-ის” აქციათა შეძენის წესს.

კასატორი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების გაცნობით, საკასაციო საჩივრის შესწავლით, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლოს სხდომაზე მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას.

მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი.

მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე არსებული მტკიცებულებები კოლეგიის მიერ არ არის სრულად და ყოველმხრივ გამოკვლეული და განხილული:

სკ-ს 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. Aარსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომელზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომელიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. დავოა, რომ მხარეთა შორის არსებობს ხელშეკრულება აქციების ნასყიდობის შესახებ, რომელშიც მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე.

სკ-ს 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. Eეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

მოტყუება ცდომილებაში განზრახ შეყვანაა. მოტყუების დროს სახეზეა ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუებისას ყოველთვის სახეზეა პირის სამართლებრივად გასაკიცხი მოქმედება. Aარ შეიძლება მოტყუებად ჩაითვალოს ზოგიერთი ფაქტების შელამაზება-გაზვიადება, რაც სამოქალქო ბრუნვის თვალსაზრისით დაშვებულია. Aასეა ხშირად სავაჭრო გარიგებებში, როცა ვაჭარი აქებს თავის საქონელს და ცდილობს ამით ფასი გაზარდოს. ზომიერი რეკლამა, რომელსაც საფუძვლად არ უდევს ბოროტი განზრახვა, ვერ ჩაითვლება არაკეთილსინდისიერ მოქმედებად. სააქციო საზოგადოების შეთავაზება სხვა პირისათვის, რომ მისი აქციები იქნება მომგებიანი და შემდგომში მომგების მომტანი, არ შეიძლება ჩაითვალოს მოტყუებად.

აქციონერი არის სამეწარმეო რისკის მატარებელი, ვინაიდან აქციების მიხედვით მიღებული დივიდენდის ოდენობა შეიძლება იყოს მცირე, ვიდრე კაპიტალის განთავსების ალტერნატიული ფორმებიდან მიღებული მოგება ან შეიძლება მოგება საერთოდ ვერ იქნეს მიღებული. შეუძლებელია გარიგების დადების მიზნით მოტყუებად ჩაითვალოს ის გარემოება, რომელიც ხელშეკრულების დადების დროს არც ერთი მხარისათვის არ იყო ცნობილი და მისი დადგომა ხდება შემდეგში.

შეუძლებელია აქციის გამყიდველს ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ მის მიერ გაყიდული აქცია იქნება მომგებიანი.

სააქციო საზოგადოებაში თანხის შეტანით და აქციის შეძენით თანხის შემტანი კარგავს უშუალო უფლებას ქონებაზე, რომელიც მან შეიტანა სააქციო საზოგადოებაში შესვლის დროს. აღნიშნულის შემდეგ აქციონერი ხდება აქციონერის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებით აღჭურვილი, მათ შორისაა დივიდენდების მიღების ქონებრივი უფლება.

დივიდენდის მიღება დამოკიდებულია საზოგადოების მოგებაზე. ითვლება, რომ საზოგადოებას აქვს მოგება, თუ მისი აქტივები აღემატება პასივებს. Aამასთან, დივიდენდის მისაღებად აუცილებელია აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება დივიდენდების გაცემის შესახებ.

აქციონერს არა აქვს უფლება, მოითხოვოს აქციის საფასურის უკან დაბრუნება. აქციონერი არის მხოლოდ ფასიანი ქაღალდის მფლობელი. ის ქონების უშუალო განმკარგველს არ წარმოადგენს. მას ფულადი სახსრების დაბრუნება შეუძლია მხოლოდ აქციის გასხვისების გზით. აქციონერი არის სამეწარმეო რისკის მატარებელი, ვინაიდან აქციების მიხედვით მიღებული დივიდენდის ოდენობა შეიძლება იყოს მცირე, ვიდრე კაპიტალის განთავსების ალტერნატიული ფორმებიდან მიღებული მოგება ან შეიძლება მოგება საერთოდ ვერ იქნეს მიღებული. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 57.2 მუხლის თანახმად არ შეიძლება აქციონერს მიეცეს სხვა საზღაური, გარდა საზოგადოების დივიდენდებისა. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 52.1 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად ბათილია დივიდენდების უცილობლად გაცემის შეპირება.

განაცხადში მითითებულია, რომ მოსარჩელე გაეცნო ბანკის წესდებას, მისი საქმიანობის შედეგებს, თანახმაა გახდეს ბანკის აქციონერი, მონაწილეობა მიიღოს მის საერთო მართვაში ხმის უფლებით და შეისყიდოს ბანკის აქციები.

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მოსარჩელეს აქციების შეძენაზე წინადადება მისცეს სათაო ბანკის წარმომადგენლებმა. მოსარჩელემ განაცხადში აღნიშნა, რომ ის გაეცნო მთლიანად ბანკის ფინანსურ მდგომარეობას. Aაღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ ბანკის ბათუმის ფილიალში ადგილი ჰქონდა ფილიალის მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებს, (ადგენდნენ ორმაგ ბალანსებს), არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად.

პრივილეგირებული აქციების მიხედვით დივიდენდის ოდენობის განსაზღვრა ხდება წინდაწინ აქციის გაცემის დროს. ეს არის ფიქსირებული დივიდენდი. მოგების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებას უფლება არა აქვს, უარი უთხრას პრივილეგირებული აქციის მფლობელს დივიდენდის მიღებაზე.

პრივილეგირებული აქციის შეძენისას აუცილებელია მხარეთა წინასწარი შეთანხმება დივიდენდის ოდენობის განსაზღვრაზე აქციების გაცემის დროს. ამგვარი შეთანხმება აქციების ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არსებობს. შესაბამისად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეულია, რომ ბ-ს უნდა შეეძინა პრივილეგირებული აქციები.

რაც შეეხება ბ. ბ-ის ანაბარზე 540 აშშ დოლარის აღდგენას, დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა ბ-ის მიერ არ ყოფილა ბანკიდან გატანილი და არც აქციების საფასურში ყოფილა ჩათვლილი. Mამასთან, სააპელაციო პლატა არ მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და იმ მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული თანხა ირიცხებოდა ანაბარზე, როგორც ბ-ის კუთვნილი თანხა, რომლის მოთხოვნის უფლება მას აქვს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.