Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №121I-24 თბილისი

ქ. ქ., 121I-24 19 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. ქ-ს – ადვოკატ ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის პირველი ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ქ. ქ-ს მიმართ ჩატარებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თ-ის რესპუბლიკაში:

· ქ. ქ- მსჯავრდებულია: თ-ის რესპუბლიკის ორდუს სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის განაჩენით (კონტრაბანდული უაქციზო საქონლის შენახვა და რეალიზაცია); თ-ის რესპუბლიკის ორდუს სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისის განაჩენით (კონტრაბანდული უაქციზო საქონლის შენახვა და რეალიზაცია); თ-ის რესპუბლიკის ადილჯევაზის სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განაჩენით (ჩაკეტილ სივრცეში დაცული ნივთების ქურდობა, სხვისი ქონების დაზიანება და კვალიფიციური შენობის ხელშეუხებლობის დარღვევა); თ-ის რესპუბლიკის პანტოსის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის განაჩენით (ჩაკეტილ სივრცეში დაცული ნივთების ქურდობა); თ-ის რესპუბლიკის სელიმის სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენით (ჩაკეტილ სივრცეში დაცული ნივთების ქურდობა – ორი ეპიზოდი, სხვისი ქონების დაზიანება – ორი ეპიზოდი და კვალიფიციური შენობის ხელშეუხებლობის დარღვევა – ორი ეპიზოდი); თ-ის რესპუბლიკის სიირთის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენით (ჩაკეტილ სივრცეში დაცული ნივთების ქურდობა – ორი ეპიზოდი და სამუშაო დაწესებულების ხელშეუხებლობის დარღვევა – ორი ეპიზოდი); თ-ის რესპუბლიკის თექმანის სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენითა (ჩაკეტილ სივრცეში დაცული ნივთების ქურდობა – ხუთი ეპიზოდი, სამუშაო დაწესებულების ხელშეუხებლობის დარღვევა – ხუთი ეპიზოდი და სხვისი ქონების დაზიანება – ექვსი ეპიზოდი) და თ-ის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს რეგიონის მე-18 სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განაჩენით (ჩაკეტილ სივრცეში დაცული ნივთების ქურდობა, კვალიფიციური შენობის ხელშეუხებლობის დარღვევა და საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ქონების დაზიანება);

· 2023 წლის 24 იანვარს თ-ის რესპუბლიკის ქ. ორდუს აღმასრულებელი (სასჯელთა აღსრულების) სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენებით დადგენილი სასჯელები შეიკრიბა და ქ. ქ-ს ჯამურად განესაზღვრა 32 წლით, 206 თვითა და 242 დღით თავისუფლების აღკვეთა;

· 2023 წლის 30 იანვარს თ-ის რესპუბლიკის ქ. ორდუს მთავარმა საჯარო პროკურატურამ გამოსცა ქ. ქ-ს დაკავების ბრძანება აღნიშნული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით;

· 2023 წლის 6 მარტიდან ქ. ქ- იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ქ. ქ-ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

§ 2023 წლის 2 მარტს და 27 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღო ქ. ქ-ს საექსტრადიციო მასალები;

§ 2023 წლის 6 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ქ. ქ-;

§ 2023 წლის 9 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით ქ. ქ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 20000 ლარი, ხოლო გირაოს უზრუნველყოფის მიზნით – 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები და აკრძალვა;

§ 2023 წლის 9 ნოემბერს გირაო სრულად გადაიხადეს და ქ. ქ- იმავე დღეს გათავისუფლდა საექსტრადიციო პატიმრობიდან;

§ 2024 წლის 20 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ქ. ქ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ქ. ქ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვე, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი;

§ 2024 წლის 26 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ქ. ქ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობით და გირაოს სახით გადახდილი თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. ქ. ქ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადად ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობის დრო – 2023 წლის 6 ნოემბრიდან 2023 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით და საექსტრადიციო პატიმრობის ვადა აეთვლება დაკავებიდან;

§ 2024 წლის 27 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ქ. ქ-;

§ 2024 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ქ. ქ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2024 წლის 23 აგვისტომდე;

§ 2024 წლის 16 აგვისტოსა და 2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ქ. ქ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით;

§ 2024 წლის 20 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ქ. ქ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2024 წლის 23 ნოემბრამდე;

§ 2024 წლის 10 სექტემბერსა და 2024 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღო დამატებითი ინფორმაცია ქ. ქ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

3. 2024 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე ქ. ქ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის პირველი ნოემბრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე ქ. ქ-ს, - თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. ორდუს აღმასრულებელი (სასჯელთა აღსრულების) სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის პირველი ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. ქ-ს ადვოკატმა – ა. ხ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და თ-ის რესპუბლიკაში ქ. ქ-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას იმ საფუძვლით, რომ მისთვის თ-ის რესპუბლიკაში შეფარდებული 32 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩადენილ დანაშაულებთან შედარებით არის მკაცრი და არ შეესაბამება ადამიანური მოპყრობის სტანდარტებს. შესაბამისად, ადვოკატი მიიჩნევს, რომ თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ქ. ქ- დაექვემდებარება არაადამიანურ მოპყრობას.

6. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი ნანიკო ზაზუნაშვილი ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის პირველი ნოემბრის განჩინება, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს ქ. ქ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (Non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

3. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი ქ. ქ-ს საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ქ. ქ- არის თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე, იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე ქ. ქ-ს უარი ეთქვა, როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციოს წესით. ამავე დროს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოება ვერ მიიჩნევა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებად.

5. საკასაციო პალატა არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ქ. ქ-ს ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს. ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ თ-ის რესპუბლიკაში სასჯელის მოხდა გამოიწვევს ქ. ქ-ს მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. ამავე დროს, ვერც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იქნა მოპოვებული თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ქ. ქ-ს მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულება.

6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).

7. ამავე დროს, საკასაციო პალატა ითვალისწინებს თ-ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა თანახმად: თ-ის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მონაწილე მხარეს; თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ქ. ქ-ს უფლებები დაცული იქნება საერთაშორისო კონვენციებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად; მას მიეცემა დაცვის ყველანაირი კანონიერი შესაძლებლობა. ასევე, შესაძლებელია, მოიპოვოს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლება. ამასთან, მისთვის წარდგენილი მსჯავრი არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის პირველი ნოემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. ქ-ს – ადვოკატ ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის პირველი ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე