Facebook Twitter
3კ-943

3კ-943 7 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 14 ნოემბერს დ. ლ.-მ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა. საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000წ. 19 ოქტომბრის ბრძანებით დ. ლ.- განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 96-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად. მოსარჩელემ მოითხოვა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დ. ლ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტი ითხოვდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ლ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ კერძოდ, სარჩელი საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო სარჩელი დ. ლ.-ს სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდა;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 31 ივლისის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის გადაეცა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ლ.-ს სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა პირევლი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გაუქმდა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები დ. ლ.-ს ნაწილში და იგი აღდგენილ იქნა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში სამუშაოდან განთავისუფლებამდე კუთვნილი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 22 მარტის განჩინებით სააპელაციო პალატის განჩინება გაუქმდა დ. ლ.-ს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილება დ. ლ.-ს სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყეტილება. დ. ლ.-ს სარჩელი სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას საკასაციო საჩივრით მიმართა დ. ლ.-მ და მოითხოვა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარი არ იყო არსებითად განხილული.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ლ.-ა მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში. აღნიშნულ დაწესებულებაში ცენტრალური პალატის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით 2000წ. 3 სექტემბერს ჩატარდა საკვალიფიკაციო გამოცდა.

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000წ. 19 ოქტომბრის ¹5-901 ბრძანების საფუძველზე დ. ლ.-ა განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, რასაც საფუძვლად დაედო საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები.

დ. ლ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების გაუქმება და სამსახურში აღდგენა.

ამჟამად, დ. ლ.-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვს მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას და თანამდებობაზე აღდგენას, რაც წარმოადგენდა მის სასარჩელო მოთხოვნას. 2002წ. 10 მაისიდან გაუქმდა “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 13 მუხლის მე-2 პუნქტის “ჟ”1 ქვეპუნქტი და სამინისტროთა ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. საგადასახადო დეპარტამენტი ამჟამად ფუნქციონირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას მოპასუხედ მითითებული იყო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო; სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კი მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენდა.

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება. მოცემულ დავაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს და ამდენად იგი არის ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის ამავე პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ადმინისტრაციულ ორგანოსთან საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, ხოლო დავის საგანი ადმინისტრაციული გარიგების _ ვადიანი საჯარო შრომითი ურთიერთობის დადება, შეწყვეტა რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს განეკუთვნება და იგი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განსახილველი დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ს ნორმებზე დაყრდნობით; ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია; “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები მათი შემადგენლობის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა, ამ წესის დარღვევით სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არა განსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც საქართველოს სკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ლ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.