საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №123I -24 თბილისი
პ-ა ზ., 123I -24 22 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. პ-ას საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის სექტემბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ზ. პ-ას პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ზ. პ-ა, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 11 ნოემბრიდან. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2.2. განაჩენის მიხედვით, ზ. პ-ას მსჯავრად დაედო სატრანსპორტო საშუალების მართვისას სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
2.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. პ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – ზ. პ-ამ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ზ. პ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას არ განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
4. ამასთან, დაზარალებულის უფლებამონაცვლე შ. ჯ-ამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა, რომ მსჯავრდებულ ზ. პ-ას მიმართ არ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
5. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის უფლებამონაცვლის – შ. ჯ-ას თანხმობა, ზ. პ-ას მიმართ ამნისტიის გავრცელების შესახებ, მსჯავრდებულ ზ. პ-ას მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვერ გავრცელდება.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ზ. პ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. პ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე