Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1241-24 21 ნოემბერი, 2024 წელი

ბ-ი ვ., 1241-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ვ. ბ-ი, - გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი აეთვალა 2015 წლის 9 ივლისიდან.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენით ვ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ვ. ბ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2018 წლის 6 მარტიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით ვ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა – და ვ. ბ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2018 წლის 6 მარტიდან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი განახევრდა და ვ. ბ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც 1 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობლით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, ვ. ბაზიაშვილს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით და სასჯელის მოხდა კალენდარულად დაასრულებს 22.09.2027 წელს.

7. 2024 წლის 1 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ვ. ბ-ის პირადი საქმე.

8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ბ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

9. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ბ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის გავრცელებას და სასჯელის ერთი მეექვსედით – 1 წლით, 7 თვითა და 15 დღით – შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლით დანიშნული სასჯელი, ხოლო, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მსჯავრდებულ ვ. ბ-ს არ წარმოუდგენია დაზარალებულის თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას იგი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის იყო ნასამართლევი, ამიტომ ვ. ბ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილით დაწესებული შეღავათი, კერძოდ, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, რადგან ვ. ბ-ზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და მას არ ჩაუდენია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

4. მსჯავრდებულ ვ. ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ასევე ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე დამატებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 7 (შვიდი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

6. მსჯავრდებულ ვ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 8 (რვა) წლით, 1 (ერთი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

7. მსჯავრდებულ ვ. ბ-ს სასჯელი აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 6 მარტიდან;

8. მსჯავრდებულ ვ. ბ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე 75 (სამოცდათხუთმეტი) დღით შემცირებული სასჯელი;

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

10. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე