Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-950-01 6 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. დ-ე 1991 წლიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა გ. შ-ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი თ. შ-ე. 1994 წელს ოჯახური უსიამოვნების გამო ა. დ-ე საცხოვრებლად გადავიდა ძმასთან.

2001წ. იანვარში ა. დ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. შ-ის მიმართ მისთვის და მცირეწლოვანი შვილისათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ იმ საფუძვლით, რომ 1994 წელს მან სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გ. შ-ის მიმართ იმავე მოთხოვნით. გ. შ-ე დაპირდა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას და მან სასარჩელო განცხადება უკან გამოიტანა. გ. შ-ემ კი დანაპირები არ შეასრულა და დღესდღეობით იგი მცირეწლოვან შვილთან ერთად ფაქტობრივად საცხოვრებელი ფართის გარეშე არის დარჩენილი.

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს 2001წ. 16 მაისის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. შ-ეს დაევალა ა. დ-ისა და არასრულწლოვანი ქალიშვილის თ. შ-ის ბინით უზრუნველყოფა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა. დ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ ასმათ დ-ის მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად რადგან მან ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინა იმისა, რომ 1994 წელს მართლაც აღძრა სარჩელი სასამართლოში ფართის გამოყოფის მოთხოვნით, ხოლო დღეისათვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან გასულია 8 წელზე მეტი, ე.ი. მოსარჩელის მიერ გაშვებულია სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. დ-ემ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია, რომ ა. დ-ემ ვერ წარადგინა მტკიცებულება იმისა, რომ 1994 წელს სარჩელი აღძრა სასამართლოში საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ. მის მიერ წარდგენილია სასარჩელო განცხადება, რომელიც ნათლად ადსტურებს მის მიერ მითითებულ ფაქტს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოება გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. დ-ე 1991-1994 წლებში ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა გ. შ-ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი-თ. შ-ე. 1994 წელს ოჯახური უსიამოვნების გამო ა. დ-ემ მცირეწლოვან შვილთან ერთად დატოვა გ. შ-ის ოჯახი და საცხოვრებლად გადავიდა თავის ძმასთან, ე.ი. ფართის გამოყოფის შესახებ მოთხოვნა მას წარმოეშვა 1994 წლიდან. იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) მიხედვით სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადას წარმოადგენდა 3 წელი. ა. დ-ემ ფართის გამოყოფის შესახებ სარჩელი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში აღძრა 2001 წელს, ე.ი. მოთხოვნის წარმოშობიდან 8წ. შემდეგ, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია მისი მოთხოვნა ხანდაზმულად და უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მან 1994 წელს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და გ. შ-ის ზეპირი დაპირების საფუძველზე უკან გამოიტანა განცხადება, რადგან საქმეში წარმოდგენილი განცხადება, რომელსაც 1 გვერდი აკლია, ვერ გამოდგება ამ ფაქტის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. მოსარჩელემ სასამართლოდან ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მისი სასარჩელო განცხადება სასამართლოში განსახილველად იყო მიღებული ან რა იურიდიული შედეგი დადგა _ საქმე წარმოებით შეწყდა, განუხილველად დარჩა თუ სხვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. დ-ეს სწორად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საფუძველი მისი გაუქმებისა.

სარეზოლუციო ნაწილი:P

ა. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

დარჩეს უცვლელად აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.