Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-951-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხარკოვის სახელმწიფო კომპანია “ხ. ა-ის” სარჩელი აჭარის ავიახაზები “ბ-ის” მიმართ და ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დეკისრა 83323 აშშ დოლარი.

იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა, მოსარჩელემ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით მიმართა აჭარის ა/რ იუსტიციის სამინისტროს. მოპასუხემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ის, როგორც მხარე, არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში, ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და გაიგო მაშინ, როცა სააღსრულებო ბიურომ გააფრთხილა სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი წესით აღსრულების შესახებ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 28 ნოემბრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი 1998წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.

საქმის განხილვისას მოსარჩელემ მხარი დაუჭირა 1998წ. 4 დეკემბრის სასამართლო პროცესზე თავის დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული 1995წ. 28 აპრილის ¹67 ხელშეკრულების თანახმად მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს იჯარით აღებული თვითმფრინავების ქირა. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული 1995წ. 28 აპრილის ხელშეკრულება არასოდეს დადებულა და შესაბამისად, ვალდებულებაც არ წარმოშობილა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

კოლეგია მიუთითებს, რომ მხარეებს შორის 1994წ. 13 თებერვალს და 1995წ. 28 აპრილს დაიდო ¹325 და ¹67 ხელშეკრულებები “ტუ 134” მარკის თვითმფრინავების იჯარით აღების თაობაზე. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 1995წ. აპრილში, ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და ნოემბერში დადებულ იქნა დამატებითი ხელშეკრულებები 1994წ. 18 თებერვლის ¹325 ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ.

1994წ. 18 თებერვლის ¹325 ხელშეკრულება მხარეთა შორის გაგრძელდა 1995წ. აპრილში, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, თითქოს უკვე მოქმედებდა 1995წ. 28 აპრილის ხელშეკრულება. აღნიშნული უდავოდ ადასტურებს იმას, რომ 1994წ. 18 თებერვლიდან 1996წ. ბოლომდე, ანუ მხარეთა შორის ურთიერთობის შეწყვეტამდე ისინი მოქმედებდნენ მხოლოდ და მხოლოდ 1994წ. 18 თებერვლის ¹325 ხელშეკრულების საფუძველზე.

კოლეგია მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მათ მიმართ მოპასუხის მხრიდან რაიმე ფულადი ვალდებულების არსებობას. რაც შეეხება წარმოდგენილ 1998წ. 2 დეკემბრის ურთიერთშეთანხმების აქტს, იგი ვერ იქნება მიჩნეული მტკიცებულებად, რადგან მასზე მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან ავიაკომპანია “ბათუმის” პრეზიდენტის სახელით ხელს აწერს პირი, რომელიც ავიაკომპანია ბათუმის პრეზიდენტი არასოდეს ყოფილა, ხოლო პრეზიდენტის ინსტიტუტი კომპანიაში არ არსებობდა.

პალატამ სკ-ს 307-ე მუხლზე მითითებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. იგი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. კასატორის მითითებით სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის, მოწმეთა გამოძახების შესახებ და შედეგად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების გაცნობით, საკასაციო საჩივრის შესწავლით, კასატორის ახსნა-განმარტების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლოს სხდომაზე მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას.

მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი.

მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე არსებული მტკიცებულებები კოლეგიის მიერ არ არის სრულად და ყოველმხრივ გამოკვლეული და განხილული:

კოლეგიის აზრით, 1995წ. 28 აპრილის ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არასდროს ჰქონია და მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. სკ-ს 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო არ მიუთითებს 1995წ. 28 აპრილის ხელშეკრულების ბათილობაზე ან სხვა რაიმე იურიდიულ საფუძველზე, რომლის შესაბამისად იგი მიდის დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არასდროს ჰქონია.

კოლეგია მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობას არეგულირებდა 1994წ. 18 თებერვლის ხელშეკრულება და მის საფუძველზე დადებული სხვა ხელშეკრულებები, მაგრამ კოლეგია არ მიუთითებს, აქვს თუ არა მხარეს აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნის უფლება. კოლეგიის მიერ არ არის გამოკვლეული საბორტო ჟურნალები, რომელიც მოსარჩელის მიერ არის წარმოდგენილი მისი მოთხოვნის დასადასტურებლად. Kკოლეგიამ, ასევე, უსაფუძვლოდ არ განიხილა მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხისაგან წერილობითი მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ. საქმის მასალებიდან არ ჩანს, კოლეგიამ იმსჯელა თუ არა აღნიშნულ შუამდგომლობაზე და რა საფუძვლით არ დააკმაყოფილა იგი.

საკასაციოPპალატა თვლის, რომ კოლეგიამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს მითითებული მტკიცებულებები: მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებები, საბორტო ჟურნალები, მხარეთა მიერ მითითებული და გამოთხოვილი დოკუმენტები და შესაბამისი იურიდიული შეფასება მისცეს მათ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის კოლეგიას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.