¹ 3კ/952-01 29 მარტი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებით ირიცხებოდა ზ. ნ-ძეზე. ზ. ნ-ძე გარდაიცვალა 1990 წელს. მან აღნიშნული სახლი 1988 წელს შედგენილი ანდერძით უანდერძა ქალიშვილს _ ლ. ნ-ძეს, რომელმაც 1991 წელს ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე გადაიფორმა თავის სახელზე. დღეისათვის სახლის მესაკუთრეა ლ. ნ-ძე.
ლ. ნ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თ., რ., ნ., ლე. ნ-ძეების გამოსახლება სადავო ბინიდან შემდეგი საფუძვლით: სახლის მესაკუთრეა იგი, მაგრამ მოკლებულია საშუალებას, თავისი შეხედულებით ფლობდეს და განკარგავდეს სახლს. მოპასუხე თ. ნ-ძე არის მისი ბიძა (მამის ძმა), რომელიც მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ბინას არ ცლის და არც ქირას უხდის. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეთა სადავო ბინაში რეგისტრაციის გაუქმება.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეები გამოსახლდნენ სადავო ბინიდან, ხოლო სარჩელს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ეთქვა უარი. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მოპასუხეებს, როგორც მოქირავნეებს, ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით დაეკისრათ ქირის გადახდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ხნის მანძილზე ქირას არ იხდიდნენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 562-ე მუხლის “ბ” და “გ” პუნქტების საფუძვლზე დააკმაყოფილა სარჩელი ბინიდან გამოსახლების შესახებ, ხოლო მოთხოვნა რეგისტრაციის გაუქმებაზე არ დააკმაყოფილა, რადგან ჩათვალა, რომ სანამ მოპასუხეები ცხოვრობდნენ სადავო ბინაში, რეგისტრაცია საჭირო იყო, ხოლო მათი გამოსახლების შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს თ., რ., ნ. და ლე. ნ-ძეებმა, რომლითაც მოითხოვეს განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება უკვე განხილულ დავაზე, კერძოდ, ჯერ კიდევ 1991 წელს მოსარჩელემ აღძრა სარჩელი მათი გამოსახლების შესახებ მაგრამ ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ განიხილა უკვე განხილული დავა. საქმეში წარმოდგენილია ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა მოპასუხეთა გამოსახლებაზე, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილებით, როგორც უკვე აღნიშნა, მათ დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ ბინის ქირის ერთდროულად 22 მანეთისა და 40 კაპიკის, ხოლო 1 თებერვლიდან მოყოლებული ყოველთვიურად 3 მანეთისა და 20 კაპიკის გადახდა.
1991 წელს მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეთა გამოსახლებას იმ საფუძვლით, რომ ბინა თავისთვის სჭირდებოდა. მოცემულ სარჩელს კი საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ბინა თავისთვის სჭირდება და თან მოპასუხეები არ იხდიან ქირას. ამდენად, რადგან შეიცვალა სარჩელის საფუძველი _ ქირის გადაუხდელობა, უნდა ჩაითვალოს რომ მოსარჩელემ წარადგინა ახალი სარჩელი და საქმის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო სახლი ირიცხება მოსარჩელე ლ. ნ-ძის სახელზე, სახლში სარგებლობის უფლებით ცხოვრობენ მოპასუხეები, რომელთაც ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვთ მოსარჩელის სასარგებლოდ ქირა თვეში სამი მანეთი და ოცი კაპიკი.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებს მათზე დაკისრებული ქირა არ გადაუხდიათ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან. ასეთ პირობებში, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი სწორად დააკმაყოფილა. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ვადამდე, თუ დამქირავებელმა არ გადაიხადა ქირა სამი თვის განმავლობაში.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ., რ., ნ. და ლე. ნ-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.