Facebook Twitter
3კ-952-02

3კ-952-02 18 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. შ.-მ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ა.-ის" ხელვაჩაურის რაიონის ფილიალის მიმართ და მოითხოვა სოფ. ...-ის ენერგოუბნის აღმრიცხველის თანამდებობაზე აღდგენა, განაცდური ხელფასისა და მორალური ზიანის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ენერკომპანიაში მიღებულ იქნა სამუშაოდ აღმრიცხველის თანამდებობაზე 2000წ. 1 ივნისს. მასთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ერთიწ. ვადით, მაგრამ სამუშაოდან დათხოვნის ¹47 ბრძანებაში არ არის მითითებული ის გარემოება, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილ იქნა ვადაზე 7 თვით ადრე.

მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელს და განმარტავს, რომ ჯ. შ.-ე დათხოვნილ იქნა სამუშაოდან 2001წ. 4 ოქტომბრის ¹47 ბრძანებით, რადგან მის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულების შესახებ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. შ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ჯ. შ.-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე მხარეებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადით. მასვე აუნაზღაურდა განაცდური ხელფასი ორას თოთხმეტი ლარისა და ორმოცი თეთრის ოდენობით. მოსარჩელეს მოპასუხე შპს “ა.-ის" ხელვაჩაურის ფილიალისათვის მორალური ზიანის _ 7000 ლარის _ დაკისრებაზე ეთქვა უარი.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ჯ. შ.-ის სამუშაოზე დათხოვნის ბრძანებაში არ იქნა მითითებული შრომის კანონის შესაბამისი მუხლი, რის საფუძველზეც იგი იქნა განთავისუფლებული სამუშაოდან.

ჯ. შ.-ემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მარტის განჩინებით აპელანტს მიეცა ვადა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

ჯ. შ.-ეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რის გამოც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული. ჯ. შ.-ემ კერძო საჩივარი შეიტანა აღნიშნულ განჩინებაზე. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

ჯ. შ.-მ, 2002წ. 19 აპრილს გამართული სასამართლო სხდომა, რომელზეც იხილებოდა მისი სააპელაციო საჩივარი, დატოვა იმ საფუძვლით, რომ არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევისა და საქმის გადადების შესახებ.

2002წ. 19 აპრილს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. შ.-ეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილეაზე გამოუცხადებლობის გამო. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ჯ. შ.-ემ საჩივარი შეიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ჯ. შ.-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული. კასატორის განმარტებით, მან პროცესი მიატოვა არა იმის გამო, რომ ადვოკატის აყვანაზე უთხრეს უარი, არამედ მოსამართლის უტაქტო, შეგნებულად გამაღიზიანებელი მოქმედების გამო და აგრეთვე იმიტომ, რომ მოსამართლემ არ მიიღო და საქმეს არ დაურთო ხელშეკრულების დედანი და სხვა დოკუმენტები, რომლებიც მოპასუხე მხარემ წარმოადგინა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა ჯ. შ.-ის კერძო საჩივარი, საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 2002წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. შ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, იგი აღდგენილ იქნა შპს “ა.-ის" ხელვაჩაურის ფილიალის აღმრიცხველის თანამდებობაზე 2000წ. 1 ოქტომბრიდან 2001წ. 30 მაისამდე, მხარეებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადამდე; მოსარჩელეს აუნაზღაურდა განაცდური ხელფასი 214 ლარისა და 40 თეთრის ოდენობით. მას უარი ეთქვა მორალური ზიანის _ 7000 ლარისა და სხვა ხარჯების შპს “ა.-ის" ხელვაჩაურის ფილიალისათვის დაკისრებაზე.

ჯ. შ.-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მარტის განჩინებით ჯ. შ.-ეს მიეცა 10 დღის ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში და მიეთითა, რომ უნდა გადაეხადა ბაჟი მის მიერ მითითებული თანხის, 13615 ლარის, 3%-ის ოდენობით. აპელანტმა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჩაიბარა 2002წ. 27 მარტს; განჩინებით განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ჯ. შ.-ეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 აპრილის განჩინებით აპელანტ ჯ. შ.-ის სააპელაციო საჩივარი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად. აღნიშნულ განჩინებაზე ჯ. შ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 18 აპრილის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადააგზავნა უზენაეს სასამართლოში.

პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი კანონიერად არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ, ვინაიდან სსკ-ს 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემული ნორმის შინაარსის მიხედვით სასამართლო ხარჯებისაგან, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა უშუალოდ საქმის განმხილველი სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს.

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 19 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ. შ.-ის საააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა, დატოვა სხდომის დარბაზი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინებით ჯ. შ.-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა “სსკ-ს 233-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებებზე, რაც შეიძლებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული. სსკ-ს 241-ე მუხლის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუკი არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ანუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებ მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის;

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ არ ყოფილა დარღვეული საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, ვინაიდან ჯ. შ.-ემ იცოდა სასამართლო სხდომის თაობაზე, გამოცხადდა კიდეც სხდომაზე და დააყენა საქმის განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობა, ხოლო შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის მიღების შემდეგ სხდომა დატოვა.

სკ-ს 232-ე მუხლის შესაბამისად გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან, ჯ. შ.-ემ დატოვა სხდომა და ამით მან უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე; სააპელაციო პალატამ ასევე კანონიერად არ დააკმაყოფილა ჯ. შ.-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, ვინაიდან მხარემ ვერ მიუთითა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით განსაზღვრულ საფუძვლებზე. მის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოება კი არ შეიძლება მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს ჯ. შ.-ის კერძო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 419-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. შ.-ის კერძო და საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 და 18 აპრილის განჩინებები, ამავე პალატის 2002წ. 19 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2002წ. 5 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.