Facebook Twitter

¹ 3კ/957-01 30 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: შრომითი მოვალეობის შერულებისას ჯანმრთელობის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 29 მაისს შ. დ-ძემ და შ. ბ-ძემ შპს “ს.-ის" წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელე შ. დ-ძემ მიუთითა, რომ 1968 წელს ბათუმის “ს.-ში” მებეტონედ მუშაობისას მიიღო საწარმოო ტრავმა. მას დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი, შრომის უნარი დაკარგა 80%-ით, რისთვისაც დაენიშნა საკომპესაციო თანხა 50,18 მანეთის ოდენობით. იგი ამ თანხას იღებდა 1989 წლამდე. 1989 წლიდან კი კომპენსაცია საერთოდ არ მიუღია, რის გამოც მოითხოვა მიუღებელი სარჩოს 21120 ლარის _ ერთდროულად, ხოლო 160 ლარის _ ყოველთვიურად გადახდა.

მოსარჩელე შ. ბ-ძემ ამავე საწარმოში მემონტაჟედ მუშაობის დროს, 1980 წელს, მიიღო საწარმოო ტრავმა, შრომის უნარი დაკარგა 70%-ით, გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი და დაუნიშნეს საკომპესაციო თანხა 334,1 მანეთის ოდენობით. იგი მითითებულ საკომპენსაციო თანხას იღებდა 1994 წლამდე, მაგრამ 1994 წლიდან კომპენსაცია საერთოდ არ მიუღია, რის გამოც მოითხოვა მიუღებელი სარჩოს სახით 10080 ლარი, ხოლო ყოველთვიურად _ 140 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხეებისათვის 1994 წლის ჩათვლით გადახდილი აქვს კუთვნილი თანხა. მანვე მიუთითა, რომ იგი მოსარჩელეებს 2000 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად გადაუხდიდა საკომპენსაციო თანხას 14 ლარის ოდენობით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 მაისის გადაწყვეტილბით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ს.-ს” მოსარჩელე შ. დ-ძის სასარგებლოდ ერთდროულად დაეკისრა 2464 ლარი, ყოველთვიურად _ 28 ლარი, ხოლო შ. ბ-ძის სასარგებლოდ _ ერთდროულად 1886 ლარი, ყოველთვიურად 24 ლარი და 50 თეთრი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი და მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

უმაღლესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი, ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული ჰქონდათ შრომის უნარი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილი იყო, რომ მებეტონის და მემონტაჟის საშუალო ხელფასი იყო 35 ლარი. აქედან გამომდინარე, მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად დაუდგინა მოსრჩელეებს საკომპესაციო თანხა.

2001 წლის 3 სექტემბერს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ნ. დ-ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და მოპასუხე შ. დ-ძის სასარგებლოდ ყოველთვიურად 236 ლარის, ხოლო ერთდროულად _ 21712 ლარის დაკისრება. შ. ბ-ძის სასარგებლოდ კი ყოველთვიურად 206,5 ლარის, ხოლო ერთდროულად _ 18998 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ ექსპერტის დასკვნაზე დაყრდნობით არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის ვნებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის” შესახებ მე-12 პუნქტი. მისი მოსაზრებით, როცა 1980 წელს შ. ბ-ძეს დაენიშნა სარჩო, მაშინ მინიმალური ხელფასი იყო 70 მანეთი. სარჩოდ დაენიშნა 327,88 მანეთი, ანუ მინიმალურ ხელფასთან შედარებით 4,68 ჯერ მეტი. რადგან 2000 წლისათვის მინიმალური ხელფასია 20 ლარი, სარჩოც მინიმალურ ხელფასთან შედარებით 4,68 ჯერ მეტი უნდა დაენიშნოს, ანუ 93,60 ლარი. ამასთან, პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების ძალაში შესვლიდან ეს თანხა უნდა გაიზარდოს 14,60 ლარით, რადგან ამ დადგენილებით შეწყდა სარჩოზე პენსიის გამოკლება. ანალოგიურად, უნდა გაანგარიშებულიყო სარჩოს ოდენობა შ. დ-ძის მიმართაც.

საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვამდე, კერძოდ, 2001 წლის 4 ოქტომბერს კასატორი შ. დ-ძე გარდაიცვალა. მის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაებნენ გ. ბ-ძე და მ. დ-ძე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინება უნდა გაუქმდეს შ. დ-ძის სასარგებლოდ 2000 წლის 4 ოქტომბრიდან დაკისრების თაობაზე უცვლელად დატოვების ნაწილში, ყოველთვიურად 28 ლარის გადასახდელად დაკისრების თაობაზე და საქმის წარმოება ამ ნაწილში შეწყდეს, ხოლო განჩინება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს უმაღლესმა სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-12 პუნქტი.

უმაღლესი სასამართლოს ზემოთ მითითებული ბრძანებულების მე-12 პუნქტის განმარტება არ მოუხდენია. სასამართლომ სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი, ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული ჰქონდათ შრომის უნარი. განჩინებაში სასამართლოს მიერ აღნიშნული წესის მითითება არ Nნიშნავს ბრძანებულების მე-12 პუნქტის განმარტებას. ¹48 ბრძანებულების მე-11 პუნქტის მეორე აბზაცის შესაბამისად დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდეობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი. ამავე პუნქტის მესამე აბზაცის შესაბამისად, თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობს აღნიშნული ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო განესაზღვრება ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ მითითებული პრინციპის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნაზე დაყრდნობით, განსაზღვრა ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, რაც უმაღლესი სასამართლომ სწორად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, არასწორია, კასატორისეული მითითება სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას იმის შესახებ, რომ მისაღები სარჩოს ოდენობა უნდა გადაანგარიშებულიყო ¹48 ბრძანებულების ძალაში შესვლამდე დანიშნული სარჩოს ოდენობის კანონით დადგენილ მინიმალური ხელფასთან შედარებით და თუკი დანიშნული სარჩო 4,68 ჯერ აღემატებოდა მაშინ კანონით დადგენილ მინიმალურ ხელფასს, ამჟამადაც ყოველთვიურად მისაღები სარჩოს თანხა უნდა შეადგენდეს 4,68-ჯერ გამრავლებული მინიმალური ხელფასს, რასაც უნდა დაემატოს 14,60 ლარი. კასატორის მიერ მისაღები თანხის ამგვარი განსაზღვრა დაუშვებელია ¹48 ბრძანებულების შესაბამისად, ვინაიდან ამგვარი გაანგარიშების წესს კანონი არ იცნობს.

¹48 ბრძანებულების 59-ე პუნქტის შესაბამისად ზიანის ასანაზღაურებელი მიუღებელი თანხები, რომლებიც ეკუთვნოდა დაზარალებულს, მაგრამ ვერ მიიღეს გარდაცვლების გამო, გადაეხდებათ მათ მემკვიდრეებს საერთო წესის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად განსაზღვრა ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხა შ. დ-ძის სასარგებლოდ 28 ლარი, ხოლო შ. ბ-ძის სასარგებლოდ 24,5 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე შ. დ-ძის სასარგებლოდ ერთდროულად ასანაზღაურებელი თანხა 2001 წლის 1 ივნისამდე სწორად განსაზღვრა 2454 ლარის ოდენობით, ხოლო შ. ბ-ძისა _ 1886 ლარის და 50 თეთრის ოდენობით.

იმის გათვალისწინებით, რომ შ. დ-ძე გარდაიცვალა 2001 წლის 4 ოქტომბერს, 2001 წლის 1 ივლისიდან 4 ოქტომბრამდე მისაღები თანხა, სულ 112 ლარი და 93 თეთრი, გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს გარდაცვლილის სამკვიდროს მიმღების სასარგებლოდ, ხოლო ყოველთვიურად საკომპენსაციო თანხის მიღების ნაწილში უმაღლესი სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად საქმის წარმოება ამ ნაწილში უნდა შეწყდეს, ვინაიდან გარდაცვალების შემდეგ სარჩოს სახით თანხების დარიცხვა და გაცემა ამ სახის დავებში დაუშვებელია, რადგან სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 აგვსიტოს განჩინება შ. დ-ძისათვის 2001 წლის 4 ოქტომბრიდან ყოველთვიურად სარჩოს სახით 28 ლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

მოპასუხე შპს “ს.-ს” შ. დ-ძის სამკვიდროს მიმღების სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2001 წლის 1 ივნისიდან 2001 წლის 4 ოქტომბრამდე სარჩოს სახით გადასახდელად დაკისრებული, მიუღებელი თანხა _ 112 ლარი და 93 თეთრი.

ყოველთვიურად სარჩოს სახით თანხის მიღების შესახებ შ. დ-ძის სარჩელის ირგვლივ საქმის წარმოება შეწყდეს მოსარჩელის გარდაცვალებისა და ამ მიმართებით სამართლებრივი უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო.

მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 2 აგვისტოს განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება