Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-958-02 6 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: მოპასუხის მფლობელობაში არსებული მანდარინის პლანტაციაზე სარგებლობის უფლების აკრძალვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 8 იანვარს ა. კ-ემ უ. თ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ხობის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1993 წელს მოხდა სოფ. ხ-ის კოლმეურნეობის ბაზაზე შექმნილი კოოპერატივ “ხ-ის" ლიკვიდაცია. სალიკვიდაციო კომისიის მეშვეობით გაიყიდა კოოპერატივის ქონება. მან შეისყიდა 0,24 ჰა მანდარინის პლანტაცია, რომელშიც გაშენებული იყო 38 ძირი მსხმოიარე მანდარინი. ეს პლანტაცია ტერიტორიულად მდებარეობდა ამავე სოფელში მცხოვრები მოპასუხის პლანტაციის გვერდით.

იგი სიტყვიერად შეუთანხმდა უ. თ-ეს, რომ 1998წ. მოსავლიდან ნაწილი მიეცა მისთვის, ხოლო შემდეგ, როდესაც მისი შვილი სასწავლებელს დაამთავრებდა თავის ნაკვეთს მთლიანად აჩუქებდა უ. თ-ეს.

უ. თ-ემ დაარღვია შეთანხმება და მისი პლანტაცია მიისაკუთრა. არ უშვებს პლანტაციაში არც დასამუშავებლად და არც მოსავლის ასაღებად.

მან მოითხოვა უ. თ-ეს დაკისრებოდა მისი პლანტაციიდან მითვისებული 5000 კგ მანდარინის საფასური _ 1250 ლარი.

2001წ. 19 ივლისს რაიონულ სასამართლოში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისა და სარგებლობის უფლების აკრძალვასთან ერთად, მოითხოვა მითითებული ნაკვეთის მოპასუხის მფლობელობისგან გამოთხოვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მითითებული პლანტაცია არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას. სადავო პლანტაცია მან შეიძინა 1998წ. 22 მარტს, რაშიც გადახდილი ჰქონდა 190 ლარი. ამასთან, აღნიშნულ პლანტაციას, რომელიც ესაზღვრებოდა მის საკარმიდამო ნაკვეთს, იგი 20 წელი უვლიდა. მართალია, მოსარჩელეს 1998წ. 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიეკუთვნა პლანტაცია 38 ძირი მანდარინით, მაგრამ არა ამ ნაკვეთიდან, არამედ _ სხვა ნაკვეთიდან, ვინაიდან მისთვის მანდარინის 50 ძირით პლანტაციის გამოყოფის აქტი დროში წინ უსწრებს მოსარჩელისათვის მანდარინის 38 ძირით პლანტაციის გამოყოფას.

ხობის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის შუალედური გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს აეკრძალა ა. კ-ეს მფლობელობაში არსებული მანდარინის პლანტაციით სარგებლობა.

ვინაიდან დადგენილი არ იყო ზიანის მოცულობა, სასამართლომ მისი დადგენის საკითხი სხვა დროისათვის გადაიტანა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნაზე, პლანტაციის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, რაიმე სახის გადაწყვეტილება არ მიუღია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ 1998 წელს მხარეებმა შეიძინეს მანდარინის პლანტაციები, თითოეულმა _ 1,25 ჰა. მოსარჩელემ თავისი მიწის ნაკვეთი მიიღო ოთხ ნაჭრად, ხოლო მოპასუხემ _ 3 ნაჭრად.

მოსარჩელის მიწის ერთი ნაკვეთი, ზომით 0,24 ჰა, ტერიტორიულად მდებარეობდა მოპასუხის მიწის ერთ-ერთი ნაკვეთის, ზომით 0.25 ჰა, მეზობლად. მითითებული მიწის ნაკვეთების მიღებისას მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე განლაგებული იყო 38 მანდარინის მსხმოიარე ხე, ხოლო მოპასუხის ნაკვეთებზე _ 50. მოცემული დავის განხილვის დროს კი მითითებულ ნაკვეთებზე შესაბამისად აღმოჩნდა 33 და 36 ძირი მანდარინის ხე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მანდარინის ხის ძირთა რაოდენობის შემცირება განპირობებული იყო მხარეთა მიერ უპერსპექტივო ნარგავთა ამოძირკვით და მხარეთა შორის დავა უნდა გადაწყვეტილიყო არა მანდარინის პლანტაციის ნარგავთა ოდენობით, არამედ მათზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფარგლებში.

2002წ. 17 ივლისს უ. თ-ის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოთხოვა ხობის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის განჩინების აღსრულების შეჩერება უ. თ-ის მიერ რაიონულ სასამართლოში შეტანილი სარჩელის საბოლოო განხილვამდე, ხოლო შემდეგ მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველზე საკასაციო საჩივარში მითითებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს მიაჩნია, რომ, მართალია, მოსარჩელეს გამოეყო ციტრუსის პლანტაცია, მაგრამ იგი ადგილზე არავის მიუზომია მისთვის. სასამართლომ არსებითად არ განიხილა საქმე და იგი არასწორად დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის განმარტებას, სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის მიერ ყალბად გაცემულ გადაწყვეტილებას, მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და მიზომვის საბუთებს და მიწის ნაკვეთის შესყიდვის ანგარიშფაქტურებს.

კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან მოპასუხეს რაიონულ სასამართლოში შეტანილი აქვს სარჩელი კომისიის 1998წ. 15 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ (ხობის რაიონის სოფ. კოოპერატივ “ხ-ის" სალიკვიდაციო კომისიის 1998წ. 15 აგვსიტოს გადაწყვეტილებით ა. კ-ეს მიეყიდა ციტრუსის სადავო პლანტაცია) ამ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სსკ-ს 402-ე მუხლის შესაბამისად უნდა შეჩერდეს ხობის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის განჩინების აღსრულება.

კასატორს მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკსაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში, თუ დაუშვებელია სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრება; სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის, თუ იგი არ გასაჩივრებულა ან გავიდა მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა, ხოლო თუ გასაჩივრებული იყო _ საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გაუქმებულა.

ამავე კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ" პუნქტის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში ხობის რაიონული სასამართლოს მიერ 2001წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ გადაცემულა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ვადაში, ამიტომ არც კანონიერ ძალაში არ შესულა, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის განჩინებასაც არ დაუდგენია რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილევის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უსაფუძვლოა კასატორის თხოვნა სსკ-ს 402-ე მუხლის საფუძველზე მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან სსკ-ს 402-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულედეს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2002წ. 8 აპრილს მიღებული განჩინება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ მიქცეულა, ამიტომ მათი აღსრულების შეჩერება სსკ-ს 402-ე მუხლის საფუძველზე შეუძლებელი და დაუშვებელია.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს დადგენილად აქვს მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 1998 წელს მხარეებმა შეიძინეს მანდარინის პლანტაცია, თითოეულმა _ 1,25 ჰა. მოსარჩელემ თავისი მიწის ნაკვეთი მიიღო ოთხ ნაჭრად, ხოლო მოპასუხემ _ სამ ნაჭრად. მოსარჩელის მიწის ერთ-ერთი ნაკვეთი ფართით 0,24 ჰა, ტერიტორიულად მდებარეობდა მოპასუხის 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის მეზობლად. ნაკვეთის მიღებისას მხარეთა ნაკვეთებზე შესაბამისად დარგული იყო 38 და 50 ძირი მანდარინის ხე, ხოლო მოცემული დავის განხილვისას აღმოჩნდება შედარებით ნაკლები _ 33 და 36 ძირი მანდარინის ხე, რაც მხარეთა მიერ ამორტიზირებულ ნარგავთა ამოძირკვის გზით იყო გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია იმ საფუძვლით, რომ მან უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ მოსარჩელეს განმარტებას, სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და მიზომვის საბუთებს და მიწის ნაკვეთის შესყიდვის ანგარიშსწორებების დოკუმენტებს დააფუძნა, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. აქედან გამომდინარე, ცხადია, იგი ვერც მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

მოცემული საქმის განხილვის დამაბრკოლებელ ფაქტორს არ წარმოადგენს არც ის გარემოება, რომ ი. თ-ეს შეტანილი აქვს სარჩელი მოსარჩელისათვის სალიკვიდაციო კომისიის მიერ 1998წ. 15 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებებით მიწის ნაკვეთის გამოყოფის გაუქმების თაობაზე. მითითებული სარჩელის განუხილველობა არავითარ დაბრკოლებას არ ქმნის და ხელს არ უშლის წინამდებარე საკასაციო საჩივრის განხილვას.

სსკ-ს 47-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კასატორის განთავისუფლება შესაძლებელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

უ. თ-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფიდლეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 აპრილის განჩინება.

უ. თ-ე განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.